Tag Archives: მრავალჟამიერ!

ანა კალანდაძე (1924 – 2008)


ანა პავლეს ასული კალანდაძე (დ. 15 დეკემბერი, 1924, სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – გ. 11 მარტი, 2008, თბილისი), ქართველი პოეტი.

ბიოგრაფია:
ანა კალანდაძე დაიბადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში 1924 წლის 15 დეკემბერს. საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა 1941 წელს. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით 1946 წელს.

1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე – ეს წოდება სამეცნიერო ხარისხის დაუცველად მიენიჭა მას 1973 წელს ინსტიტუტის გადაწყვეტილებით

წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის წევრად, მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად.

გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს, ინსულტის შედეგად. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

შემოქმედება:
ანა კალანდაძემ ლექსების წერა დაიწყო 11 წლის ასაკში. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1946 წელს გაზეთ ”ლიტერატურა და ხელოვნებასა” და ჟურნალ ”მნათობში”. ლექსების პირველი კრებული გამოსცა 1953 წელს, რომელმაც დიდი პოპულარობა და საყოველთაო სიყვარული მოუტანა. ანა კალანდაძის შემდგომი პოეტური კრებულები გამოიცა 1957, 1960, 1967, 1976 და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და სხვა ენებზე.

ყველაზე სრულია მისი ორტომეული, სადაც ორიგინალური ლექსების გარდა დაბეჭდილია სტეფან მალარმეს, ალექსანდრე პუშკინისა და სხვა პოეტური თარგმანები, აგრეთვე წერილები, ესეები, მოგონებები.

მხატვრული სტილი:

«”ბედნიერი დამთხვევაა, როცა შემოქმედება და პიროვნება გასაოცრად ჰგავს ერთმანეთს” – რევაზ მიშველაძე»

კალანდაძის პოეზიამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება ლექსის სინატიფითა და პოეტური აზროვნების მაღალი კულტურით. მან ქართულ პოეზიაში ხანგძლივი ინტერვალის შემდეგ კვლავ გამოხატა სულიერი სინაზე და სიფაქიზე. მისი შემოქმედების ყველა თემა თუ მოტივი ლირიკული თვითგამოხატვით ცხადდება და უაღრესი ინტიმურობის ელფერს იძენს. ასე აჟღერდა მის ლექსებში მშვიდობიანი ცხოვრების დასაწყისის თემა (“კარში გამო ჭიაჭია მარია”,1946); ბუნების განცდა (“თუთა”, 1945; “ჟუჟუნა წვიმა მოვიდა”, 1946; “ბეთანიის გზაზე”, 1954). ისტორია ანას ლექსში არასოდეს არ გვევლინება გაყინული სახით და თანადროულობაც პოეტის წარმოდგენაში ხშირად იწვევს გარდასულ დროთა ცხოველ მოგონებას (“შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო“, “ასეთი დარი თუ იყო მაშინ“, ორივე 1945; “ღრუბლები”,1953). ანა კალანდაძის პატრიოტიზმი გამოხატავს ერის არსებით თვისებათა – სიკეთის, ქედუხრელობიის, სიდიადის, შეწყალების – ორგანულ განცდას (“საქართველოო ლამაზო”, ”მრავალლჟამიერ”, 1952, “ფეხი დამადგით”, ”მას ალავერდის დიდებულ ტაძარს” 1959). მისი ლექსის ჟღერადობა ეფუძნება თანამედროვე ადამიანის ზნეობრივი სიწმინდისა და ამაღლების დაცვას (“ნუ მიმცემ ეჭვთა”, 1957; “ისევ გახსენი გული ჩენი”, 1961). სიყვარული ანას შემოქმედებაში განუმეორებელი კდემით აღსავსე, ამაღლებული და სევდანარევი რომანტიკული განცდაა (“რისად არ მომხედავ “, 1945, “შეყვარებული ოდეს ქარები”, 1954). კალანდაძის პოეტური სტილი სისადავითა და ჰარმონიული ფორმით გამოირჩევა.

გავლენა ხელოვნებაზე:
ქართველ პოეტ-ქალთაგან ანა კალანდაძის პოეზია ყველაზე მეტად აისახება მუსიკალურ ხელოვნებაში, რადგან მან სამოღვაწეო ასპარეზზე გამოჩენისთანავე მიიპყრო განსაკუთრებული ყურადღება საკუთარი, ორიგინალური ხელწერით. კომპოზიტორმა მერი დავითაშვილმა და ჟურნალისტმა თეიმურაზ ნაცვლიშვილმა პირველებმა მიმართეს ანა კალანდაძის პოეზიას ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში, შექმნეს რა ვოკალური ნაწარმოებები: სიმღერა “საქართველოო ლამაზო“ , რომანსები “არაბი ხარ“ და “თუთა“.

ანა კალანდაძის პოეზიისადმი სათუთი დამოკიდებულებით გამოირჩევა კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი. ამაზე მოწმობს მის მიერ პოეტის ტექსტზე შექმნილი მეოთხე სიმფონია, რომელიც განკუთვნილია სოპრანოს, ტენორისა და ფორტეპიანოსათვის. ანა კალანდაძის ლექსებზე დაწერეს სიმღერები აგრეთვე გივი ციციშვილმა, ტარიელ ბაქრაძემ, ჯემალ ბეგლარიშვილმა, კახა ცაბაძემ და სხვებმა.

ჯილდოები და წოდებები:
ანა კალანდაძე დაჯილდოებულია ”საპატიო ნიშნის” ორი ორდენით და ღირსების ორდენით. 1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1993 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.

1985 წელს ციკლისათვის ”თავაწეული ქართული დროშები” მიენიჭაშოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. იმავე წელს გახდა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი. 1997 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია პუბლიცისტიკის დრაგში – თხზულებათა მეორე ტომში შესული პუბლიცისტურ-ესეისტური წერილებისათვის. 2007 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია “საბას” ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის. პოეტის განცხადებით, ეს უკანასკნელი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო გახლდათ, რადგან ამ წოდებით ნათლად ჩანდა, რომ მისი, როგორც პოეტის მისია შესრულებული იყო.

შემოქმედება:

პოეზია:
ლექსები:
- “არაბი ხარ”
- “კვლავ ნათლის სვეტად!”
- “ყოფილა ის დროც”
- “ფეხი დამადგით”
- “ბოშა ქალი”
- “მე ლამაზი მეგობარი მყავდა”
- “პაწაწინა რტო ვარ”
- “რეკენ ზარები”
- “საით არიან შალვა,ბიძინა და ელიზბარი?..”
- “შენ ისე ღრმა ხარ”
- “ასეთი დარი თუ იყო მაშინ?”
- “ბეთანიის გზაზე”
- “ბროწეულები”
- “ბრძოლით ბრუნდება ლაშქარი”
- “ვერ წაიღეს, ვერა”
- “სხვა საქართველო სად არი”
- “მოჰყავთ შუშანიკი”
- “ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა”
- “თქვი, ჭიამარია!”
- “ლოცულობს გველი”
- “მოდიოდა ნინო მთებით”
- “მრავალჟამიერ!”
- “ო, მე კი არა, გული ხარხარებს” Continue reading

Posted in თანამედროვე მწერლები | Tagged , , , , , , , , , , | Leave a comment