Tag Archives: აფორიზმები

აფორიზმები ვეფხისტყაოსნიდან – ანბანის მიხედვით


აფორიზმების სანახავად შედით სრულ სიახლეში…

ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.

არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა.

არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან!

არ შეუდრკების ვაჟკაცი კარგი მახვილთა კვეთასა.

ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია.

ბინდის გვარია სოფელი, ესე თუნდ ამად ბინდდების,
კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების!

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

განგებასა ვერვინ შეცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების.

გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის.

დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.

დგომა მგზავრისა ცთომაა.

ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა.
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.

ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,
დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა,
შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა,
კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.

ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.

ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!

ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!

ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.

ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.

თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.

თქმულა: „სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!“

თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა.

თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.

იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია!

კარგი რამ მჭირდეს, გიკვიდრეს, კარგი რა საკვირველია!

კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.

კაცსა ღმერთი არ გასწირავს სოფლისაგან განაწირსა!

კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა.

ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.

მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.

მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია,
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.

მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები!

მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია.

მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!

მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად.

მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.

მაგრა თქმულა: „კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების“.

მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქმს სიყვარულსა“.

ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!

ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.

ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად.

რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია!

რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა.

რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.

რაცა საქმე უსამართლო, ღმერთმან ვისმცა შეარჩინა?

რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?

რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა.

სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა გონიერსა,
რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა!

სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერე სულსა.

სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად.

სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.

სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა.

სხვა სხვისა ომსა ბრძენია.

უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.

უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან.

ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.

ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს.

ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია.

ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა.
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.

ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესადა.

ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გულის მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად.

ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული. Continue reading

Posted in სიბრძნის კიდობანი | Tagged | Leave a comment

აფორიზმები, შეგონებანი, შაირები


პოსტის სანახავად შებრძანდით სრულ სიახლეში…

* * *
ვაჟკაცსა გული რკინისა, აბჯარი თუნდა ხისაო,
თვალი ქორულებ მჭვრეტელი, ხელ-მუხლი შავარდნისაო,
ხარი, კამბეჩი თავისი, ცოლი რად გინდა სხვისაო.

* * *

ესე არ იცი: ჯაბან კაცს გულს უკლავს სხვის მამაცობა,
თვით კარგ კაცობა არ ძალუძს, სხვისა შურს კაი კაცობა.

ვაი რა დიდი ბრალია, შავარდენ ახყავს ძერასა!
გაუფრინდება, წაუვა, შორით დაუწყებს ცქერასა.
* * *

“ადექით აიშალენით, საომრათ შაემზადენით,

ერთი მე მოვალ საბრალო, ცხრანი თქვენ მოხვალთ გმირები!”
_“ნეტავი შენსა დედასა, შენ გაუზდიხარ შვილათა,
ერთი შენ მოხვალ საბრალო, ცხრანი ჩვენ მოვალთ გმირები,_
წახვალ, ამამს დაიკვეხებ: შუამთა ჰყრია ვირები!”
* * *

ალაზნის პირსა ჰკიდია ვაჟის ჯურხაის ფარიო,
მოუვლის ომის წადილი, ხანდიხან შესძრავს ქარიო.
* * *

არ ვარგა კაცი უმტერო, არც ძლიერ მტერ მორეული,
თოფი უჯობს ჩახმახითა სიათა გვარშერეული,
რომელიც ხურობს მაჟარსა, არის გონგამოლეული.
* * *

არ გათეთრდები, ყორანო, რაც უნდა გხეხონ ქვიშითა.

მტერნი არ შაგვიბრალებენ ტირილითა და ვიშითა,
ხმალთ კი არ შევეპოვები, შუბნი გამხეთქენ შიშითა.
* * *

ტირილითა და გლოვნითა მტერნი არ შეგვიბრალებენ,
მოვლენ, დაგვწვენ და დაგვდაგვენ, მზე იყოს, _ დაგვიბლენებენ

ჩვენ ბევრის ხმალი გვექდნის, ზევით მთის, ქვევით ბარისა,
ვერავინ ვერას დაგვაკლებს, ხორცი ძანძღია ვაჟისა!
* * *

ამირან, ბასრი ბუსრი ხარ, ორბი ხარ დაბრუნებული,
მტერთანა დათვის შუბლი ხარ, სტუმართან გაცინებული.
* * *

აღას შესულმა ფრიდონმა მუხა მოგლიჯა ძირითა,
გასხიპა, მხარეზე გაიდო ვაჟმა მამაცათ ქებულმა.
* * *

ვაჟკაცს რას გამოადგება სოფელს შვენება თავისა,
ხმალს უნდა აჭრევინებდეს, იმედი ჰქონდეს მკლავისა.
* * *

ხმალს რა უშლის სიმოკლე, ფეხ წადგი, წაემატება,
არც ვაჯი კაცსა სიდაბლე, თუ თავი გაემეტება.
* * *

ვინც რომ კაცია_ჩოხა ჯაჭვია,
ქუდი ნაბდისა,_ჩაბალახია.
* * *

კარგი ყმა მაშინ კარგია, ხმალი რომ შეიქს ელვასა,
მოციქულობდეს ისარი, შუბი აგდებდეს ენასა.
* * *
კაცი მტერთ გადმოგდებული, გეზელქორულბ ჰკიოდა,
ჩვენ მონადირე გვეგონა, თურმე მას გული სტკიოდა,
თავს ჰქონდა ხმალი ნაკრავი, გულს სისხლი ჩამოსდიოდა,
ათი მოეკლა გზადაგზა, უომრობასა ჩიოდა.
* * *
მგელი არ მოშლის მგლობასა, ლაღი ყმა მამაცობასა,
არც მოშლის ბერი არწივი, წვერის ძირს ნადირობასა.
* * *
მუშა უნდა მუშაობდეს, მეომარი ხმალს იღებდეს,
მტერზე იყოს გალესილი, მაშინ არაფერს ითმენდეს,
მამულის გულისათვინა თუნდ მოკვდეს, არცა იქვშვრედეს;
დღე არ ქონდეს მოსათმენი, რაკი მიდგება ძალზედა,
კაცი მოკვდება ცოლზედა, მამულზედ საკუთარზედა.
* * *

როსტომ თქვა: «მიწა გრილია, სიტყვას არ უნდა რბილობა,

შიში არ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა,

რაც ომში კაცი დეესწროს, გარჯა უნდა და ცდილობა,

ათასად გვარი დაფასდა, ორი ათასათ ზრდილობა,

თუ კაცი თვითონ არ არი, ცუდია გვარიშვილობა.

ცრუ კაცი წყალმა წაიღოს,_აქოს, ადიდოს,_გაქვიშოს,
უბრალოდ ლაყბას დაიწყებს, გუშინწინდელი არ იყოს».

სოფელს ტირიან ქალები: «სოფელს კაი ყმა კვდებაო,
ღმერთო, ნუ მოჰკლავ კაის ყმას, სოფლობა წაგვიხდებაო,
აფროსთანა ან მტერთანა წინვიღა წაგვიძღვებაო».
* * *

მშვიდს დროს გარჩეული საქმე სიჩქარიღ ვერ გასწორდება,

და კაცს თუ კაცობა ეთქმის, არც წარსულს დაავიწყდება.

ბევრჯერ ნათქვამს ერთ გადათქმა გზას ვერ უპოვნის სწორესა
და ვისაც რჩევა უნდოდეს, აასრულოს იმან ესა.
* * *

წინანდალს ვაზი ამშვენებს, ახმეტას ვაშლი წითელი,

ვაჟკაცსა ფარი და ხმალი, მოიმწითუროს კისერი.
შენ ბიჭო აზანბურელო, ხმა შენი ჩამოდიოდა,

შენი დაჭრილი ლეკები არაგვში ჩამოდიოდა.
* * *

ცოტა მოხნული სჯობია ბევრსა და ხარვეზიანსა,

ცოლი სჯობია ფერმკრთალი ლამაზს და სხვებთან ზიარსა,
ყველა ხელს იმას გადასდებს, იმ ოხერსა და ტიალსა.
* * *

სნეული და თერობა, ლამაზ ქალს უნდა ფერობა.

მაღლა მთაშია ყინული აპირობს ჩამოდნობასა,
გოგოების გათხოება უყურებს შემოდგომასა.
* * *

ქალი მყავდა მშვენიერი, ტურფა იყო კავოსანი.

გავათხოვე, გავატანე ჩემი ვეფხისტყაოსანი.

მან იკითხა, არ უსმინეს, ისინია სვანოსანი,

ისევე მე წამოვიღე, ჩემი ვეფხისტყაოსანი.
* * *

სამნი ძმანი გავცვინდითო, სხვა სოფელი ვარჩივნეთო,
ვიკვნესეთ და ვივაგლახეთ, ჩვენი სახლი ვარჩივნეთო.
* * *

ლაშქარს წასვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო,

დაბრუნება და შინ მოსვლა, ვისაც კარგი ცოლი ჰყავსო.
* * *

ნეტავი ძმათა მრავალთა, შინ ვერვინ შაუხდებაო,

ვერვინ აგინებს ცოლ-დედას, ვერც ვინ ცხენ შაუჯდებაო!
* * *

ძმაო, რაი სჯობს ძმობასა, ერთმანეთისა ყმობასა!

ძმა მაშინ მოგაგონდება, ორნი რო გცემდნენ მარტოსა.
* * *

ობოლს სწყევლიან ყორნები: ნუმც გამოსულხარ ველადა,

მანამ შენ გამოხვიდოდი, ხორცი გვრჩებოდა ძველადა
* * *

სოფლისა თავსა ველსახლე, არა სოფელი ჩემ თავსა,
სოფელს კი ვეთავსებოდი, სოფელი მე არ მეთვისა.
* * *

იმ სოფელს ვერვინ წაიღებს ამ სოფლისა ცხოვრებასა,

წუთისოფლის სტუმრები ვართ, ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება.
ჩავიცვათ და დავიხუროთ, ამის მეტი რა შეგვრჩება!
* * *

ცა მტკავლით, ქვეყანა ციდით _ ნახე თუ გაიზომება,

ზღვა თუ აიწყვის პეშვითა ან ცანი გადიწონება.
* * *

წუთია წუთისოფელი ცნობას არ გვაცლის ძმისასა,
გადავბრუნდებით, მოვკვდებით, ქვეშ მოვექცევით ქვიშასა!
* * *

ეგ სოფელი სთველია, აქ არავინ დარჩება, ყველა წასასვლელია.
* * *

წუთია წუთის ქვეყანა, წუთის წეობით იწვება,

ზოგი ლხინსაა, თამაშას, ზოგი უცეცხლოთ იწვება.
* * *

წუთისოფლისა ცხოვრება ვერცხლით არ მოიპოება,
მდიდარი კაციც მინახავს ოხრათ რჩებოდეს ქონება.
* * *

რასაც დავთესთ, იმას მოვმკით, საიქიოს წინ დაგვხვდება,

ამ სოფელს ხორციელობა ხის ფოთლივით გაცვივდება.
* * *

ღმერთო, შენ ხარ ყოვლის შემწე, მოწყალე კარგაღებულის,

სიცოცხლისგან აბეზარის, თავიდგან ხელაღებულის.
* * *

ზოგიერთი უგუნური ღმერთს ტყუილად ემადლება,

ზარის ხმას რომ გაიგონებს, პირჯვრის წერა ეზარება.
* * *

კარგი კაცის პურმარილი გზაზედ ხიდად გადებული,

ბატონი ჰყავს მადლიერი, კარის კაცი მოგებული!
* * *

თეთრისა თხისა ციკანსა შორს შაეტყობა ვაცობა.
ისევ შენ გამოგადგება ეგ შენი კარგი კაცობა.
* * *

კაცი უნდა კაცი იყოს, რომ დაჰპირდეს, არ გამტყუნდეს!
* * *

ღმერთმა რა ქნას და რა უყოს

იმ ამხანაკს: რაც იპოვნოს, არ გაუყოს.
* * *

აცადე, დაიზრდებიან ცხაოტს ფართონი მგლისანი,
ჯავრი არ შაურჩენიათ თავის მოლაღის მტრისანი.
* * *

ტკბილმა ენამ, კარგმა სიტყვამ ხმალი უკანვე ჩააგო,

თოფის ფეხშეყენებულის კვესი უკანვე გადადო,
ამაყმა კაცმა, ბოროტმა გული ხანჯალზე ააგო.
* * *

შაიყრებიან ფრინველნი, არ გაირევენ ძერასა,

კაცი ვერსაით წაუვა თავის ბედსა და წერასა.
* * *

ოცდაოთხსა გურულსა მაკე ტურა შეეყარა,

სანამდი ჯოხს აიღებდენ, სულით ხორცი გაეყარათ.

მეგრელმა თქვა, დავსწრებოდი-ყაზახურად დავდგებოდი,

სომეხმა თქვა, დავსწრებოდი-ჩახმახურად დავხვდებოდი,

ქართლელმა თქვა, დავსწრებოდი-მარილივით დავდნებოდი. Continue reading

Posted in სიბრძნის კიდობანი | Tagged , , | Leave a comment