დამწერლობა

ქართული დამწერლობა და ანბანი


ქართული დამწერლობა — ანბანური ტიპის თავისთავადი, თვითმყოფადი სისტემა, რომელსაც ქართველური ენები (ძირითადად ქართული) იყენებს, დროგამოშვებით კი სხვა კავკასიური ენებიც (მათ შორის ოსური და აფხაზური ენები 1940-იან წლებში). თანამედროვე ანბანს 33 ასო აქვს, ძველ ქართულ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ნაცრისფრად აღნიშნულია ასოები, რომლებიც ამჟამად არ გამოიყენება. ქართული გადმოცემის თანახმად, ქართული დამწერლობა იბერიის პირველმა მეფემ — ფარნავაზ I-მა შექმნა.

ისტორია:
ქართული დამწერლობის შემოღების თარიღზე მიმანიშნებელი ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი წყარო არ არსებობს. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი მას ფარნავაზ I-ს მიაწერს, ძვ. წ. III საუკუნეში, თუმცა ამის დამადასტურებელი უფრო ადრინდელი საბუთი არ არის. ქართული ლიტერატურის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლი „შუშანიკის წამება“ (V საუკუნე) მიანიშნებს, რომ მის დაწერამდე უნდა არსებულიყო განვითარებული წერილობითი კულტურა. ამასთან, პროფესორ რევაზ ბარამიძის მიერ 1990-იანი წლების დამდეგს დადასტურებულია, რომ „ქართლის ცხოვრება“-ში ჩართული „ცხოვრება ფარნავაზისი“ არის ფარნავაზის თანამედროვე ჟამთააღმწერლის მიერ შექმნილი თხზულება, თუმცა ეს ფაქტი ამ პერიოდში ქართული დამწერლობის არსებობას ვერ ადასტურებს.

ბოლო დრომდე, არქეოლოგიური მონაცემებით ქართული ანბანის შექმნას ახ. წ. IV—V საუკუნეებს უკავშირებდნენ (დავათის სტელის ასომთავრული წარწერა (ახ. წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასომთავრული წარწერა (492—493 წწ)). აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში (კახეთი) 1990-იან და 2000—2003 წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული მასალები იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ქართული ანბანი უფრო ადრე უნდა ყოფილიყო შექმნილი.

1940 წელს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მცხეთა-არმაზში ნაპოვნია დამწერლობის რამდენიმე ანტიკური ძეგლი. წარწერები შესრულებულია ბერძნულ ენაზე. იქვეა უცნობ ალფავიტზე შესრულებული რამდენიმე ნიშანი, რომლებიც პავლე ინგოროყვას მოსაზრებით ქართული ასომთავრული დამწერლობის უძველესი ნუმუშები უნდა იყოს.

ქართული ასომთავრული წარწერა დავით გარეჯის მონასტრის ეკლესიის კარებზე.

არსებობს ქართული დამწერლობის შექმნის სომხური ისტორიული წყაროების გადმოცემაც, რომელიც სომხურ და ალბანურ ანბანებთან ერთად, ქართულის შექმნასაც V საუკუნის სომეხ ისტორიკოს მესროპ მაშტოცს მიაწერს. ეს ცნობა დაცულია V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის თხზულებაში ”მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა”. ივანე ჯავახიშვილმა შეისწავლა კორიუნის ეს თხზულება, და დაასკვნა, რომ მესროპის მიერ ქართული ანბანის შექმნის ვერსია VI საუკუნის ჩანართია. ამასთან, V საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ლაზარი პარფელი მაშტოცს მხოლოდ სომხური ანბანის შემქმნელად მიიჩნევს.

სომხურსა და ქართულ ანბანებს შორის მსგავსებებთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი სხვაობა არსებობს: ქართული და სომხური დამწერლობები შედგენილია ასოთა მიმდევრობის სხვადასხვა სისტემით — ქართული ანბანის პირველი ნაწილი ემთხვევა ბერძნული ანბანის ასოთა განლაგებას, ხოლო ქართულისთვის დამახასიათებელი ასოები ანბანის ბოლოშია თავმოყრილი (ღ, ყ, შ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ, ჯ, ჰ), სომხურ ანბანში კი, სომხური ენისთვის დამახასიათებელი ასოები ძირითად ანბანურ ასოებს შორის არის გაფანტული. ამდენად, სომხური და ქართული ანბანების ასოთა რიგი ერთმანეთს არ ემთხვევა; განსხვავდება ასოთა სახელები და მათი რიცხვითი მნიშვნელობები, რომლებიც, რ. პატარაიძის და ივ. ჯავახიშვილის აზრით, ქართული ანბანის სომხურიდან წარმოშობის შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვეოდა. მიუხედავად ამისა, ქართულ ასომთავრულსა და სომხურ ერკათაგირს შორის მართლაც არის დიდი მსგავსება გრაფიკაში. ერკათაგირიც ასომთავრულის მსგავსად ორ ხაზოვან სისტემაში იწერება და მისი ასო–ნიშნები ხაზებისა და წრეების (რკალების) კომბინაციითაა მიღებული. გარდა ერკათაგირისა, ქარულ ნუსხურს სტილისტურად და გრაფიკულად ჰგავს ერკათაგირის შემდგომი სახე — ბოლორგირი. ბოლორგირში, ისევე როგორც ქართულ ნუსხურში, ასოებს კუთხოვანი ფორმა აქვს, მარცხნიდან მარჯვნივაა დახრილი და ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურთან შედარებით სქელია. თუმცა, გრაფიკული და სტილისტური მსგავსებით მტკიცება მათ საერთო შემქმნელზე მხოლოდ ვარაუდია. ამ თეორიას ასუსტებს ბოლო დროს არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი ასომთავრულის უძველესი ნიმუშები, რომლებიც სავარაუდოდ გაცილებით ადრეულ ხანას განეკუთვნება (ნეკრესისა (ახ. წ. I ს) და დავათის (IV ს) წარწერები), ვიდრე თავად მესროპ მაშტოცის მოღვაწეობის ხანა (V ს).

მარცხნივ: ბოლორგირი; მარჯვნივ: ნუსხური. სომხური ბოლორგირისა და ქართული ნუსხურის სტილისტურ–გრაფიკული მსგავსება.

ქართული დამწერლობის ისტორიული სახეები:
ქართული დამწელობა შედგება სამი ისტორიული სახისაგან, სისტემისაგან: ასომთავრული (ხუცური ასომთავრული, მრგვლოვანი, მთავრული), ნუსხური (ხუცური, ნუსხა-ხუცური, კუთხოვანი) და მხედრული. თითოეულ მათგანს თავისი გრაფიკული დამახასიათებელი სტილი აქვს, მაგრამ ასოთა მოხაზულობათა ცვალებადობის თვალსაზრისით ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების შედეგია, ხოლო მხედრული — ნუსხურისა. ეს ცვლილებები თავის მხრივ განსაზღვრა სწრაფი, გამარტივებული წერისაკენ მისწრაფებამ, რასაც წიგნზე მზარდი მოთხოვნილება განაპირობებდა. ქართული დამწერლობის ტიპიზაცია იყენებს სამი ქართული დამწერლობის ცნებას.

ასომთავრული:

მთავრულ, საზედაო ასოებს აბზაცის თავში წერდნენ. სურათზე: მთავრული „მ“ გელათის სახარებიდან (XII ს)

ასომთავრული — უძველესია აღმოჩენილ ქართულ დამწერლობებს შორის. ხელნაწერები მოიპოვება ძვ. წ. I საუკუნიდან და ითვლება, რომ ამ დრომდე ეს ერთად-ერთი ქართული დამწერლობა იყო. ასომთავრულით შესრულებული ადრეული ნიმუშებია დავათის სტელა (367), პალესტინის 433 წლის ბაკურისა და გრი-ორმიზიდის წარწერა, ბოლნისის სიონის 493—494 წლების სამშენებლო წარწერა, V—VI საუკუნეების ფალიმფესტური ხელნაწერები, მცხეთის ჯვრის VI—VII საუკუნის წარწერები და სხვა. XI საუკუნემდე გვხვდება ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ასომთავრულითაა შესრულებული; შემდგომ საუკუნეებში კი ასომთავრულს იყენებდნენ ეპიგრაფული წარწერებისთვის, ასევე ხელნაწერებში სათაურებისა და საზედაო, მთავრული ასოების შესასრულებლად, რის გამოც დამწერლობის ამ სახეს უმკვიდრდება სახელწოდება „ასომთავრული“. მოხაზულობათა ფორმების მიხედვით მას „მრგლოვანიც“ ეწოდება. ითვლება, რომ თავიდან ასომთავრული ვითარდებოდა ბერძნულისა (ახალი აღთქმა) და არამეულის (ძველი აღთქმა) ზეგავლენით უპირატესად როგორც ქრისტიანული სარწმუნოების დამწერლობა — ტიპობრივად იგი უახლოვდება იმავე პერიოდში ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ სხვა დამწერლობებს — სომხურს, კოპტურს და სხვ.

ასომთავრულის გრაფიკული სისტემა მარტივი გეომეტრიული ელემენტების — წრისა და სწორი ხაზისგან არის ნაწარმოები. ყველა ასო-ნიშანი ერთი სიმაღლისაა და მათი დაწერილობა რთული მოხაზულობისაა: ისინი ხელის რამდენიმე აღებით სრულდება. შემადგენელ ელემენტთა (ხაზები, წრეები) ერთმანეთთან დაკავშირება ყოველთვის მართი კუთხით ხდება. ერთადერთი გამონაკლისია ჯვარედინი ფორმის მქონე ჯ-ის აღმნიშვნელი ასო ნიშანი , რომელსაც ელენე მაჭავარიანი იესო ქრისტეს მონოგრამად მიიჩნევს და რომელიც ქართულ ანბანში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ დამკვიდრდა. ელენე მაჭავარიანის აზრით, ჯ ასო იესო ქრისტეს ინიციალების გადაკვეთის შედეგადაა მიღებული:
რ. პატარაიძის აზრით კი, “ჯ” ასოს ჯვარედინი ფორმა ანბანის დასასრულის მაუწყებელი ნიშანია. ანბანის ბოლოში ჯვარედინი ფორმის ნიშნები ცნობილია სხვა სემიტური და ბერძნული წარმოშობის დამწერლობებში (შეადარეთ: ფინიკიური თავ – , ბერძნული ხი – და ლათინური იქსი – ).

ასოთა მოხაზულობის აგების ერთიანი წესი მხოლოდ ასომთავრულში დასტურდება. განსაზღვრული გეომეტრიული ელემენტების საფუძველზე პირობითობის პრინციპით აგებული გრაფიკული სისტემა მიგვითითებს, რომ ჯერ ასოთა მოხაზულობები შეიქმნა, ხოლო შემდეგ მოხდა ანბანურ რიგზე გაწყობა შესაბამისი სახელწოდებებისა და რიცხვითი მნიშვნელობების მინიჭებით.

ნუსხური:

ნუსხური დამწერლობის მაგალითი. ეპიგრაფი შესრულებულია ასომთავრულით, ხოლო ძირითადი ტექსტი — ნუსხურით (გრიგოლ ღვთისმეტყველი)

ნუსხური დამწერლობის მაგალითები IX საუკუნიდან გვხვდება. XI საუკუნემდე იგი უპირატესად „სასტრიქონოდ“ გამოიყენებოდა მთავრულთან ერთად. XII საუკუნიდან არსებობს ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ნუსხურითაა შესრულებული. ფართოდ გამოიყენებოდა XVIII საუკუნის ჩათვლით. ითვლება, რომ ნუსხური განვითარდა ბერძნული „სასტრიქონო“ დამწერლობის გავლენით (მისი სახეობა და არა ფორმა). ასომთავრულსა და ნუსხურს ერთად „ხუცურსაც“ უწოდებენ, რადგან ამ სახეობებით ძირითადად სასულიერო პირები, „ხუცები“ სარგებლობდნენ საეკლესიო საჭიროებისათვის.
ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის უკვე განვითარებული ფორმებიდან წარმოიშვა. VIII საუკუნეში დასრულდა მრგლოვანი მოხაზულობების რკალურ ფორმებზე გადასვლა და ზოგიერთ ასოში ორხაზოვანი სისტემის დარღვევა (, )
ნუსხურში ასოები ორ ხაზშია განაწილებული და ამდენად უკვე სხვადასხვა სიმაღლისაა. ნუსხური კუთხოვანი, სწრაფი, მარჯვნივ გადახრილი დამწერლობაა. ამასთანავე ასოები გაბმით იწერება. დამწერლობის ამ სახეს კურსივიც ეწოდება. ასოთა მოხაზულობაში უკვე თავს იჩენს ერთიანი კონტურის შექმნის ტენდენცია, რაც საბოლოოდ მხედრულ დამწერლობაში ჩამოყალიბდა. ბგერა „უ“, რომელიც ასომთავრულში ორი ასო-ნიშნით იწერებოდა, ნუსხურში გაერთიანებულია:

მხედრული:

ბაგრატ IV-ის სიგელი — მხედრულით შესრულებული უძველესი დოკუმენტი (XI საუკუნე)

მხედრული — თანამედროვე ქართულ ანბანს ეწოდება. მაგალითები არსებობს XI საუკუნიდან და ითვლება, რომ იგი განვითარდა ხუცურიდან არაბული დამწერლობის სტილისა და კალიგრაფიის ძლიერი ზეგავლენით. მხედრული დამწერლობის ფორმები მარტივია. ასოთა მოხაზულობანი ისევ ვერტიკალზეა აგებული, მხოლოდ მათი კონტურები მომრგვალებულია და ერთიან მონახაზს ქმნის. ასოთა დაწერილობაში რამდენიმე ასო ნიშანს (ს, ძ, მ) შერჩა ასომთავრულის მოხაზულობა, უმრავლესობამ კი რთული გრაფიკული სახესხვაობა განიცადა. მხედრულის ოთხხაზოვან სისტემაში ასოთა მოხაზულობანი ასევე სხვადასხვა სიმაღლისაა. მხედრულისათვის 1728 წელს ნიკოლოზ თბილელმა შექმნა „მხედრულის მთავრული“ ასოები.

ქართული დამწერლობის ილიასეული რეფორმა:
ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა თანამედროვე, ლიტერატურული ქართული ენის შექმნის ჩარჩოებში ჩაატარეს ქართული დამწერლობის უმნიშვნელოვანესი რეფორმა — როდესაც ანბანიდან ამოაგდეს მოძველებული 5 ასო, რომელიც ცოცხალ ქართულ ენაში აღარ გამოიყენებოდა:
ჱ — ჰე
ჲ — იოტა
ჳ — ვიე
ჴ — ხარი
ჵ — ჰოე

თუმცა ამ ასოებით აღნიშნული ბგერები დღესაც გვხვდება ქართულ კუთხურ მეტყველებებში (ხევსურული, ფშაური).

თანამედროვე ქართული დამწერლობის გასავრცელებლად ი. ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა 1879 წელს დააარსეს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“.

ანბანი:
ქართულ ანბანში ასოთა თანმიმდევრობა ბერძნული ანბანის მიხედვითაა დალაგებული. პირველი 25 ასო ზუსტად ემთხვევა ბერძნული ანბანის ასოთა თანმიმდევრობას, მეორე ნაწილში კი თავმოყრილია ქართული ენისთვის დამახასიათებელი ის ასოები, რომელთა შესაფერისი ბგრერები ბერძნულ ენაში არ მოიპოვება. (ღ, ყ, შ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ, ჴ, ჯ, ჰ, ჵ). ერთ–ერთი ძირითადი ფაქტორი, რაც მკვლევარებს ქართული ანბანის შექმნას ბერძნულისაგან აფიქრებინებს, სწორედ ანბანური რიგის საერთო წყობაა. ქვემოთ მოცემულია ცხრილი, რომელშიც არქაული ასოები ნაცრისფერი ფერითაა აღნიშნული.

რიცხვითი მნიშვნელობები:
არაბული ციფრებით რიცხვების გამოხატვა საქართველოში უკვე X საუკუნეში გვხვდება, მაგრამ მაინც ციფრების საყოველთაოდ ხმარებამ გვიან მოიკიდა ფეხი. XVIII საუკუნემდე რიცხვების ჩასაწერად ანბანის ასოებს ხმარობნდენ (ისევე როგორც სხვა ევროპულ ანბანებში: ბერძნულში, სომხურში, კირილიცაში). ჩვეულებრივ გამოყენებული იყო მთელი ანბანი (უნის გამოკლებით): 37 ასოთაგან თვითეულს საკუთარი რიცხვითი მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული (რიცვითი მნიშვნელობები იხილეთ ცხრილში). პირველი ცხრა ასო ერთეულებს აღნიშნავდა, მეორე ცხრა — ათეულებს, მესამე ცხრა — ასეულებს, მეოთხე — ათასეულებს, უკანასკნელი ასო ჵ კი — ათი ათასს. მაგალითისთვის, ქართული ასოებით 1852 ამგვარად ჩაიწერება: ჩყნბ — ჩ=1000, ყ=800, ნ=50, ბ=2; 1000+800+50+2=1852.

დამატებითი ასო-ნიშნები:
ქართულ ანბანში, გარდა ისტორიული 38 ასოსი, არსებობს დამატებითი ნიშნებიც. ზოგიერთი მათგანი გამოიყენებოდა უცხოური ენებიდან შემოსული და დამკვიდრებული სიტყვების ჩასაწერად (მაგალითად: ჶილოსოჶია), თუმცა ახალი ასო-ნიშნები ანბანში ვერ დამკვიდრდა და დღეს მათ ნაცვლად კვლავ ტრადიციული ასოები გამოიყენება. ზოგიერთი დამატებითი ნიშანი კი დღესაც იხმარება ქართველურ ენებსა და დიალექტებში არსებული ისეთი ბგერების ჩასაწერად, რომლებიც ლიტერატურულ ქართულში არ მოიპოვება. დამატებითი ასო ნიშნებია:
ჷ — სვანურში, მეგრულსა და ლაზურში, აფხაზურსა და ოსურში, წარმოადგენს შუა რიგის ხმოვანს [ə].
ჸ — მეგრულ ენაში — ყრუ ბგერაა, დაახლოებით ქართული ყ. ხორხისმიერ ყრუ ხშულ თანხმოვანს [?] წარმოადგენს.
ჶ — ლაზურსა და ოსურში — ლათინური „f“
უ̌ — უ-ბრჯგუ — სვანურში, მეგრულსა და ლაზურში — უმარცვლო უ. ხშირად შეიძლება ჩაენაცვლოს ვ ან უ. იშვიათად ხმარობენ ძველი ქართული სიტყვების ჩასაწერადაც, მაგალითად — ჩუ̌ენ.

კალიგრაფია:
ხელნაწერეში ნიშნების მოყვანილობებს შორის განსხვავება შორს მიდის და დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ წერს და წერის რომელ საფეხურზე წერს. ამ სტატიის თვითეული მკითხველი დღეს თავისებურად გამოიყვანს ქართულ ასოებს, თუმცა ერთი დროის ხელნაწერებს საერთო კალიგრაფიული დამახასიათებელი ნიშნებიც ახასიათებთ.

წინა- და ადრექრისტიანული ასომთავრული წარწერები ძირითადად შესრულებულია ქვებზე, კედლებზე. ამ პერიოდის ნიმუშებში ასოებს ახასიათებთ თავშეკრულობა, არ გვხდება მარცხნივ გადაზიდული ხაზი და ქარაგმები. IX—X საუკუნეებიდან არსებობს ეტრატზე მთლიანად ასომთავრულით შესრულებული წარწერები, რომლებში უკვე განვითარებულია დაქარაგმება. ზოგიერთ თავშეკრულ ასოს, რომელიც ხაზისა და წრის კომბინაციას წარმოადგენდა, თავი ეხსნება და წრის ადგილს გახსნილი რკალი იკავებს:

ჯრუჭის სახარება — ასომთავრული კალიგრაფიის მაგალითი. X ს

IX—X საუკუნეებისა და უფრო ახალ ხელნაწერებში ასოების ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურთან შედარებით სქელია (შეადარეთ წინაქრისტიანობამდელი და X საუკუნის „ნ“:
თავდაპირველად ასომთავრულად წერისას სიტყვებს ერთმანეთისგან არ გამოყოფდნენ და ტექსტი გაბმულად იწერებოდა. წარმართობის პერიოდში ძირითადად სტელებზე, საფლავის ქვებზე კეთდებოდა მცირე წარწერები და ორი ან რამდენიმე გადაბმული სიტყვის წაკითხვა რთული არ იყო. ქრისტიანობისა და სასულიერო მწერლობის შემოსვლასთან ერთად გაჩნდა სიტყვებს შორის მცირე დაშორებები, რადგან დიდი მოცულობის გაბმულად ნაწერი ტექსტის კითხვა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ზოგჯერ სიტყვებს შორის ცარიელ ადგილს სამი ან ორი წერტილით ავსებდნენ.

ნუსხურში ასოები მაჯვნივაა გადახრილი და კუთხოვანი ფორმა აქვს. ისევე როგორც ასომთავრულში, ნუსხურშიც ასოთა ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურზე სქელია. ხშირია საერო და სასულიერო პირთა სახელების, ასევე რელიგიური მნიშვნელობის სიტყვების დაქარაგმება. ნუსხურში იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება ორი და სამი წერტილით გამოყოფილი სიტყვები (მაგალითად სვეტიცხოვლის გულანი 1681 წ.), უმეტეს ხელნაწერში კი სიტყვებს შორის ცარიელი დაშორებებია. ზოგიერთი ხელნაწერი შესრულებულია ორგვარი, შავი და წითელი მელნით.

მხედრული სპეციალურად საერო პირებისთვის, სწრაფად წერისათვის იყო განკუთვნილი, რის გამოც დროთა განმავლობაში განვითარდა ასოთა გადაბმის რთული სისტემა (მაგ.— „ეს“,— „ელ“,— „ყო“).ამ სისტემის შექმნა გარკვეულწილად განაპირობა იმანაც, რომ მხედრული კალიგრაფია არაბულის ზეგავლენით შეიქმნა, რომელშიც თითქმის ყველა ნიშნის ერთმანეთზე გადაბმაა შესაძლებელი. ასოთა გადაბმის ზოგიერთი ხერხი დღევანდელ თანამედროვე მხედრულშიც შემორჩა. XI—XVII საუკუნეების მხედრულ ნაწერებში სიტყვები კვლავ ორი ან სამი წერტილითაა გამოყოფილი და ზოგიერთი სიტყვა წითელი კალმითაა დაწერილი. შემდგომი ხანის ხელნაწერებში კი სიტყვებს შორის უბრალოდ ცარიელი დაშორებებია.

წითელ მელანს ქართულ ხელნაწერებში გარდა დეკორატიულისა, ფუნქციური დატვირთვაც ჰქონდა. გადამწერები წითლად გამოყოფდნენ ტექსტის ძირითად სათქმელს, უმნიშვნელოვანეს ფრაზებს. ზოგიერთ ხელნაწერში (ძირითადად მხედრულში) წითელი მელანი, ერთგვარად, სასვენი ნიშნების როლსაც ითავსებს. მაგალითად, ახალი აბზაცის ან წინადადების პირველი სიტყვა წითელი მელნით იწერებოდა. ვეფხისტყაოსნის ხელნაწერ გამოცემებში ყოველი სტოფის პირველი სიტყვა და ყოველი ტაეპის პირველი ასო წიტელი მელნითაა შესრულებული.

ლიგატურები:

ანასეული ქართლის ცხოვრება. ძველი მხედრული კალიგრაფიის მაგალითი

ლიგატურიან დამწერლობას ქართულში როგორც ირკვევა ადრინდელი ტრადიცია აქვს. იგი წარმოდგენილია ერთ-ერთ უძველეს ჩვენს დრომდე მოღწეულ წარწერაში — ვახტანგ გორგასლის დროის „ანაგ-კახაჲს“ ძეგლში (V ს.), აგრეთვე სასანური ხანის ფულზე (VI ს), რომელში ერთ სიმბოლოდა გაერთიანებული ასომთავრული „გ“ და „ნ“:
წერია შერწყმულად — იხსნება
ლიგატურები გვხვდება შუა საუკუნეების ასომთავრულ წარწერებშიც. ამ პერიოდში გავრცელებული ლიგატურები იყო: დ+ა, დ+ი, ო+ა, ო+ი, ასევე ხდებოდა ორნიშნიანი უ-ს (ოჳ) ერთი ლიგატურით გამოსახვა. იყო ორი, სამი და მეტი ასოს შემცველი ლიგატურები:

XI—XVII საუკუნეების მხედრულ ხელნაწერებში არსებობდა ასოთა გადაბმის რთული სისტემა. მხედრულის ლიგატურად შეიძლება ჩაითვალოს „დონისა“ და „ანის“ გადაბმა — (ანალოგიურად დონისა და ინის, დონისა და ონის გადაბმა), ვინისა და ენის გადაბმა —(ანალოგიურად ჟ+ე, უ+ე, ფ+ე, ყ+ე), განისა და ანის გადაბმა —(ამგვარადვე გ+ი). მხედრულის ზოგიერთი ამგვარი ასოთა კომბინაცა ნაბეჭდ წიგნებშიც გვხვდება, თუმცა უმეტესობა საბეჭდი შრიფტების განვითარების შემდეგ აღარ გამოიყენება.

ქარაგმები:
ქართულ დამწერლობაში ადრევე შემუშავდა სიტყვების შემოკლების თავისებური ხერხი — დაქარაგმება. სიტყვების შემოკლებით წერის ძირითადი მიზეზი საწერი მასალის სიძვირე იყო. საწერ მასალას, უმთავრესად, საგანგებოდ დამზადებული ტყავი — ეტრატი წარმოადგენდა (ხბოსი, ცხვრისა და სხვა). ერთი წიგნისათვის ზოგჯერ 100-ზე მეტი ცხვრისა თუ ხბოს ტყავი იყო საჭირო.). ქაღალდი საქართველოში პირველად XI საუკუნეში გვხვდება და შემდეგ თანდათან იჭერს ეტრატის ადგილს, თუმცა ეტრატზე ნაწერი წიგნები XVIII საუკუნემდეც არსებობს. დაქარაგმებით წერისას გამოტოვებდნენ ცალკეულ ასოებს, მთელ მარცვლებს. ზოგჯერ მხოლოდ სიტყვის დასაწყისი ასო იწერებოდა, ან პირველი და უკანასკნელი. შემოკლებულ სიტყვას შემოკლეს ნიშანს — ქარაგმას (~) უკეთებდნენ:— ყ~ი = ყოველი,— რ~ი = რომელი, — თქ~ნ = თქუენ,— ი~ჳ ქ~ე = იესოჳ ქრისტე.

საბეჭდი შრიფტები:

ავხტანგ VI-ის სტამბის შრიფტები — ქართული (ნუსხური და მხედრული) და ბერძნული

პირველი ქართული ნაბეჭდი ქართული წიგნი, „ქართული ანბანი ლოცვებითურთ“ 1629 წელს ქალაქ რომში გამოიცა. წიგნში წარმოდგენილია ქართული მხედრული ანბანი, ლოცვები, მრწამსი, ათი მცნება და ღვთისმშობლის საგალობლები ქართულად და ასევე ლათინურ ენაზე ქართული ტრანსკრიფციით. ამ წიგნისათვის ქართული შრიფტი შექმნა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა (ნიკოფორე ირბახი), რომელიც თეიმურაზ I-ის ელჩი იყო იტალიაში.

თბილისში პირველი სტამბა 1708—1709 წლებში დაარსდა ვახტანგ VI-ის დროს, რის გამოც ამ სტამბას ვახტანგ VI-ის სტამბა ეწოდება. ვახტანგ VI-ის სტამბაში პირველად დაიბეჭდა „სახარება“. სტამბას ჰქონდა რამდენიმე ფორმის შრიფტი: ქართული ხუცური (ასომთავრული, ნუსხური), მხედრული, ბერძნული და ლათინური; ერთსა და იმავე დროს იყენებდნენ როგორც შავს, ისე წითელ საღებავს. წიგნებში ჩართულია სურათები (გრავიურით). სტამბაში მოღვაწეობდნენ ცნობილი ოსტატები: ნ. ორბელიანი, იგივე ნ. თბილელი (ს. ორბელიანის ძმა), გერმანე მღვდელმონაზონი, კვიპრიანე სამთავნელი და სხვანი. ვახტანგის სტამბის ქართული შრიფტი, ერთ-ერთი გადმოცემით ანთიმოზ ივერიელს ეკუთვნის.

1749-1802 წლებში თბილისში ფუნქციონირებდა ერეკლე II-ის სტამბა. ძველი ქართული ნაბეჭდი ორიგინალური ლიტერატურის უმეტესი ნაწილი გამოცემულია ერეკლეს სტამბაში (ანტონ I კათოლიკოსის “ქადაგება”, “შესხმა პირველი ახლისა ამის წიგნი-საბეჭდისა” და სხვა).

დღეს უკვე თითქმის ყველა გამოცემა ბეჭდურია. თანამედროვე ბეჭდურ წიგნებსა და გამოცემებში ძირითადად მხედრულის საფუძველზე შექმნილი შრიფტებია გამოყენებული.

ქართული დამწერლობის ასახვა კომპიუტერულ სისტემებში:
ქართული დამწერლობა კომპიუტერულ სისტემებში უნიფიცირებულია „უნიკოდი“-ს (Unicode) სტანდარტის მიხედვით, რომელშიც ასომთავრული, ნუსხური და მხედრული აღიარებულია დამოუკიდებელ ქართულ დამწერლობებად და სწორედ მათთვის და მხოლოდ მათთვის მისაკუთრებული ოთხნიშნა კოდები გააჩნიათ. დღეისათვის ყველაზე გავრცელებული ქართული კომპიუტერული შრიფტებია BPG, Sylfaen და სხვა. ტექსტი, რომელსაც ახლა თქვენ კითხულობთ, ერთ-ერთი ქართული კომპიუტერული შრიფტითაა შესრულებული.

ეს იყო სულ რისი მოძიებაც ჩვენ მოვახერხეთ ინტერნეტის ამა თუ იმ რესურსებიდან. ძირითადი მასალა აღებულია: wikipedia – დან. ადმინისტრაციის თხოვნა იქნება,რომ თუ ხელთ გაქვთ მასალა ამ თემასთან დაკავშირებით, რომელიც საიტზე არ არის განთავსებული გთხოვთ არ დაიზაროთ და მოგვაწოდოთ… დიდი მადლობა წინასწარ…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*


- 2 = 6

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>