გრიგოლ ორბელიანი (1804 – 1883)


გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე ორბელიანი (დ. 2 ოქტომბერი/14 ოქტომბერი, 1804, თბილისი ― გ. 21 მარტი/2 აპრილი, 1883, იქვე, დაკრძალულია ქაშვეთის ეკლესიაში), ქართველი რომანტიკოსი პოეტი და სამხედრო მოღვაწე.

ბიოგრაფია:
პოეტის საგვარეულო ხაზი აღწევს ორბელ ბარათაშვილის სახელამდე (XVI საუკუნე). ამ შტოს ეკუთვნის ყაფლან ორბელიშვილი, სულხან-საბა ორბელიანის პაპა, XVII საუკუნის ერთ-ერთი უძლიერესი და გავლენიანი ფეოდალი. გრიგოლ ორბელიანი ამიტომ უწოდებდა თავის თავს „ყაფლანიშვილს“.

გრიგოლის მამას, დიმიტრის (იგივე ზურაბს), საქართველოს უკანასკნელ მეფეებთან უმსახურია და მათთან ნათესაური კავშირითაც ყოფილა შეკრული. დედა, ხორეშანი, ერეკლეს II-ის ქალის, ელენეს ასული იყო. ამრიგად, დედის მხრივ პოეტი ბაგრატიონთა გვარს ენათესავებოდა. ხორეშანი იშვიათი სულიერი და ზნეობრივი თვისებებით შემკული არსება ყოფილა.

გრიგოლ ორბელიანისათვის წერა-კითხვა უსწავლებია ანჩისხატის დეკანოზ დიმიტრი ალექსი-მესხიშვილს, რომელიც თავისი დროის ცნობილი მწიგნობარი იყო. შემდეგ პატარა გრიგოლი მშობლებს მიუყვანიათ ახალი მმართველობის მიერ დაარსებულ კეთილშობილთა სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრებამდე გრ. ორბელიანი გადასულა ახლად გახსნილ საარტილერიო სკოლაში. 1816 წ. მომავალი ოფიცერი შედის იუნკრად 21-ე საარტილერიო ბრიგადაში, სადაც მან 1820 წლამდე დაჰყო.

1829 წელს გრ. ორბელიანი კახეთში ახლდა ალექსანდრე ჭავჭავაძეს, რომელიც სამხედრო საზღვრების უფროსად იყო დანიშნული. მეორე წელს იგი მონაწილეობას იღებს გრაფ პასკევიჩის ექსპედიციაში და ჭარ-ბელაქნის ლეკებს აშოშმინებს. იმავე წელს მონაწილეობს გენერალ სტრეკალოვის მიერ ზაქათალის აღებაში.

1831 წლის ნოემბერში გრ. ორბელიანი ჩადის ქ. ნოვგოროდში, აქ მან ერთი წელიწადი დაჰყო. 1833 წლის მარტში გრ. ორბელიანს აპატიმრებენ და სასწრაფოდ გზავნიან თბილისში. პოეტს ბრალდებოდა კავშირი თავად-აზნაურთა იმ შეთქმულებასთან, რომელიც 1829 წლიდან მზადდებოდა საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების და, საერთოდ, ცარიზმის წინააღმდეგ . გრ. ორბელიანს აშკარა დანაშაული არ დაუმტკიცდა და გაათავისუფლეს საქმის საბოლოო გამოძიების დამთავრებისთანავე. ავლაბრის ყაზარმებში სამი თვის პატიმრობის შემდეგ იგი, როგორც მეშვიდე კატეგორიის „მცირე“ დამნაშავე, „კავკასიის ხაზზე“ მოქმედ ჯარში იქნა გაგზავნილი. იქიდან გრ. ორბელიანი 1833 წლის მიწურულს გააწესეს ნევის საზღვაო პოლკში, რომელიც ვილნოში იყო დაბანაკებული. დიდი ვაი-ვაგლახითა და გზაზე სხვადასხვა ხიფათის გამოვლით გრიგოლ ორბელიანმა თავის პოლკს 1843 წლის 2 მაისს მიაღწია.

1837 წელს გრ. ორბელიანმა აიღო შვებულება და სამშობლოსაკენ გამოემგზავრა. 1838 წლის აგვისტოში ის შტაბს კაპიტნის ჩინით ხელმეორედ ჩაირიცხა საქართველოს გრენადერთა პოლკში, რომელიც ქ. გორში იდგა. ამიერიდან მომავალი გენერალი ფრთხილი და გარეგნულ პირობებს შეგუებული ოფიცერია.

1842 წელს გრ. ორბელიანი ავარიის (დაღესტანი) მიწებს იცავდა შამილის რაზმებისაგან. ენერგიულმა სამხედრო მოქმედებამ და ადმინისტრაციულმა ნიჭმა ის ჩქარა დააწინაურა: 1843 წელს გრ .ორბელიანი დანიშნეს ავარიის მმართველად, ან როგორც თავის თავს უწოდებდა — „ავარიის ხანად“ ამ წლის 2 ივნისს გრ. ორბელაინი ჩავიდა ხუნძახში, ავარიის ყოფილი ხანების რეზიდენციაში.1857 წელს გრ. ორბელიანმა იერიშით აიღო უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი სალათაურში -ძველი და ახალი ბურთუნაი.

1858 წელს იგი, მრავალი ორდენით დაჯილდოებული, თბილისში გადმოჰყავთ კავკასიის მთავარმმართველ ბარიატინსკისთან.

შემოქმედება:
გრ. ორბელიანი ქართული რომანტიზმის წარმომადგენელია. იგი პირველ რიგში ცნობილია პატრიოტული ნაწარმოებებით, რომლებიც საქართველოს რაინდული წარსულის ხოტბას შეიცავს ან გვაცნობს ავტორის სულისკვეთებასა და პოლიტიკურ მრწამსს 1832 წლის შეთქმულების მზადების პერიოდში. ესენია პოემა ტოლუბაში (სადღეგრძელოს პირველი ვარიანტი, 1827), (მიბაძვა რილეევისა, 1831), ჰე, ივერიავ (1832), მისი სახელი კიცხვითა (1832), იარალის, (1832) და მოგზაურობა ჩემი ტფილისიდამ პეტერბურღამდის.

გრ. ორბელიანი პატრიოტიზმთან ერთად დიდ ადგილს უთმობს სიყვარულის თემას. ეს გრძნობა მას მიაჩნია უმაღლეს ადამიანურ თვისებად და ბედნიერებად. მის ლირიკაში სიყვარულის გრძნობის სულიერ მხარეს უპირატესი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული . გრ. ორბელიანის სატრფიალო ლირიკის საუკეთესო ნიმუშები ეძღვნება უმთავრესად ნინო ჭავჭავაძეს, შემდეგ სოფიო ორბელიანს და ნაწილობრივ ეკატერინე ჭავჭავაძეს. პოეტის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ გრ. ორბელიანი უიმედოდ ყოფილა შეყვარებული ნინოზე. თავის მიმართვებში ნინოსადმი პოეტი მეტწილად კლდემამოსილია, წრფელი და ფაქიზი გრძნობებით აღვსილი.

მის შემოქმედებაში დიდი როლი უჭირავს ბუნების თემასაც. როგორც ჭეშმარიტი რომანტიკოსი, იგი ბუნებაში ეძებს თავისი ტკივილებისა და სიხარულის თანაზიარობას

გრ. ორბელიანი და მამათა და შვილთა ბრძოლა:
გრ. ორბელიანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ე. წ. მამათა და შვილთა ლიტერატურულ-იდეურ ბრძოლაში.პირველად იგი ამ ბრძოლაში 1872 წელს ჩაერთო, როცა ილია ჭავჭავაძის ეპიგრამის, გამოცანების პასუხი, გამოცანების პასუხი დაწერა. ეს უკანასკნელი დღეს პასუხი შვილთას პირველი ვარიანტის სახელითაა ცნობილი. იგი ახალი თაობისადმი მიმართული ძალზე დამამცირებელი ეპითეტებით იწყება: კოღო -ბუზებო, ლიბერალებო, ჭკუით გლახებო, პატრიოტებო, გზა დაკარგულნო, წყალ-წაღებულნო. კატის კნუტებო, სიდგანა კნავით? და სხვ.

გრ. ორბელიანის პასუხის ორივე ვარიანტის მიხედვით შეიძლება ნათლად წარმოვიდგინოთ პოეტის შეხედულებანი ახალი თაობის („შვილების“) შესახებ. მათ გრ. ორბელიანი უწოდებს „ცრუ ლიბერალებსა და პატრიოტებს“, რომელნიც „გაბოროტებით სწყევლიან მამებს“. ამათი („მამების“) დრო კი, პოეტის შეხედულებით, იყო „დრო მამაცობისა“.

გრ. ორბელიანი, საერთოდ, მწვავედ განიცდიდა ქართული ენის დაცემას. ცნობილია მრავალი მისი ბარათი ამ საკითხზე მიწერილი სხვადასხვა პირისადმი. ენის დაცემის ერთ-ერთ მიზეზად იგი სთვლიდა „ჟურნალისტი მწერლების“ (ახალი თაობის გარკვეული ნაწილის) მხრივ ქართულის ნორმების უცოდინარობას.

სტილი:
გრ. ორბელაინის სტილსა და ფორმას თან ახლავს ზოგიერთი ნაკლი. მისი ენა ხშირად მძიმეა, აზრის გამოხატვისას პოეტი აწყდება დაბრკოლებებს, რომელთა გადალახვა მას უჭირს. გრ. ორბელიანის სალექსო ფორმები მოწმობს ევროპული, უმთავრესად რუსული სალექსო კულტურის ზეგავლენას (მაგ., კომპოზიციის, სტროფიკის სფეროში). ეს ზეგავლენა განსაკუთრებით დაეტყო გრ. ორბელიანის რითმებს: პოეტის ლირიკულ შედევრებშიაც კი ზოგჯერ გამქრალია ქართული კლასიკური ლექსის ზუსტი რითმის კულტურა (რუსული ვაჟური რითმის მიხედვით გრ. ორბელიანი ხშირად ტაეპთა მხოლოდ ბოლო ხმოვნებს რითმავს. მაგრამ გრ. ორბელიანის პოეზიის ემოციური სამყარო იმდენად მდიდარია, რომ ზემოთ აღნიშნული დეფექტები ბოლოს მაინც ვერ ანელებენ მისი ლექსების შინაგან დაძაბულობასა და დინამიზმს.

შემოქმედება:

პოეზია:
- “დავბერდი, ბედს ვერ მოვესწარ, დაემხო ჩემი სამშობლო”
- “ვინცა გნახოს, კვლავცა გნახოს, არ იკმაროს, კიდევ გნახოს”
- “იმედო, ნუთუ ღმერთი ხარ, რომ ფიქრი ყოვლისა შენკენ ჰრბის”
- “ჰე, ივერიავ! ვიდრე იყო ქედმოდრეკილი”
- “ალბომში”
- “ლბომში ღრ[აფინია] ოპ[გერმანისას]”
- “გაზაფხული”
- “დიმიტ[რი] ონ[იკაშვილ] ის დარდები”
- “ეკატერინე ჭავჭავაძისას”
- “ე-სა”
- “თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში”
- “იარალის”
- “კინტოს სიმღერა”
- “მოგონება”
- “მუშა ბოქულაძე4 ფსალმუნი”
- “მუხამბაზი 1”
- “მუხამბაზი 2”
- “მუხამბაზი 3”
- “მუხამბაზი 4”
- “ნ…დმი”
- “პასუხი შვილთა”
- “სადღეგრძელო ანუ ომისშემდგომ ღამე ლხინი, ერევნის სიახლოვეს”
- “სავათნავას მიბაძვა”
- “სალომეს ბეჟანი მკერვალის მაგიერ”
- “საღამო გამოსალმებისა”
- “სო… ორ…”
- “ღამე”
- “ჩემი ეპიტაფია”
- “ჩემს დას ეფემიას”

This entry was posted in მწერლები and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*


6 + 8 =

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>