ნიკოლოზ ბარათაშვილი


ნიკოლოზ (ტატო) მელიტონის ძე ბარათაშვილი (დ. 4 დეკემბერი, 1817, თბილისი – გ. 21 ოქტომბერი, 1845, განჯა, აზერბაიჯანი) – ქართველი პოეტი. დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა – ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 – 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მ. ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად “ამა სოფლის ამაოებათაკენ” უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას. მაგრამ მათი მეცადინეობა რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას.

ბარათაშვილის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გაპროვინციალებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. პოეტი იძულებული გახდა კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა. მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც (გაუზიარებელი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი). ყოველივე ამან ღრმა დაღი დაასვა ბარათაშვილს. მის პირად წერილებში, რომლებიც ეპისტოლური მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშებია, ღრმა ფსიქოლოგიური შინაარსითა და თანამედროვეთადმი მიმართული ბასრი, სევდნარევი ირონიით გამოიხატა “მკაცრი ბედისა” და სულიერი სარბიელის აუტანელი სივიწროვის განცდა.

1835-დან ბარათაშვილი მუშაობდა უბრალო ჩინოვნიკად სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1844 დაინიშნა ნახიჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ, ხოლო 1845 ივნისს იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლისა, მალარიით მძიმედ დაავადებული დაიღუპა. ბარათაშვილის გადმოსვენებამ 1893 განჯიდან თბილისში (დიდუბის პანთეონი) ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938-დან პოეტის ნეშთი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.

შემოქმედება:

პოეზია:
- “არ უკიჟინო, სატრფო, შენსა მგოსანსა, გულის თქმა”
- “აღმოჩნდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი”
- “დამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილი”
- “ვლოცავ დღეს ჩემის გაჩენის, ბედნიერი ვარ მე, თასი”
- “მადლი შენს გამჩენს, ლამაზო, ქალო შავთვალებიანო”
- “მირბის, მიმაფრენს უგზ- უკვლოდ ჩემი მერანი”
- “როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა”
- “სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი”
- “მადლი შენს გამჩენს, ლამაზო, ქალო შავთვალებიანო”
- “შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს”
- “ცისა ფერს, ლურჯსა ფერს”
- “ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი”
- “შენნი დალალნი ყრილობენ გველად”
- “ბედი ქართლისა”
- “ბულბული ვარდზედ”
- “თავადის ჭ…ძის ასულს, ეკ…ნას”
- “კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედ”
- “ნა…ფორტეპიანოზედ მომღერალი”
- “ნაპოლეონს”
- “ომი საქართველოს თავად-აზნაურ-გლეხთა პირისპირ”
- “საფლავი მეფის ირაკლისა”
- “საყურე”
- “სული ობოლი”
- “სუმბული და მწირი”
- “ფიქრნი მტკვრის პირას”
- “ქეთევან”
- “ღამე ყაბახზედ”
- “შემოღამება მთაწმიდაზედ”
- “ჩემთ მეგობართ”
- “ჩემი ლოცვა”
- “ჩემს ვარსკვლავს”
- “ჩვილი”
- “ჩინარი”
- “ჩონგურს”
- “ძია გ…სთან”
- “ხმა იდუმალი”

This entry was posted in მწერლები and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*


6 + = 7

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>