თეიმურაზ მეორე (1700-1762)


თეიმურაზ II (დ. 1700 — გ. 1762), კახეთის მეფე 1709-1715, გამგებელი 1733-1744, ქართლის მეფე 1744-1762. მოქნილი საგარეო პოლიტიკით შეძლო ქართლისა და კახეთის შემომტკიცება, კახეთში თავისი შვილი ერეკლე II გაამეფა, თვითონ კი ქართლი დაიჭირა და ამ გზით ქართლისა და კახეთის სამეფოთა გაერთიანებას ჩაუყარა საფუძველი. 1745 თეიმურაზ II ძველი ქართული წესით ეკურთხა ქართლის მეფედ, თუმცა ქართლ-კახეთი ირანთან ჯერ კიდევ ვასალურ დამოკიდებულებაში იყო. მისი გაერთიანება მამა-შვილის — თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ხელში და ქრისტიანული წესით მეფედ კურთხევა დიდი მიღწევა იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე. თეიმურაზ II-მ ერეკლე მეფესთან ერთად დაიწყო ბრძოლა დაღესტნელი ფეოდალების გამუდმებულ თავდასხმათა წინააღმდეგ. ამასთანავე წარმატებით ებრძოდა ამიერკავკასიაში გაბატონების მოსურნე ხანებს.

მნიშვნელოვანი სამხედრო და პოლიტიკური წარმატება იყო ქართლ-კახეთის მიერ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში მოპოვებული უპირატესობა — ერევნის, განჯისა და ნახჭევანის ხანების საქართველოს მოხარკედ გახდომა. საგარეო პოლიტიკაში თეიმურაზ II რუსული ორიენტაციის მომხრე იყო. 1760 წლის აპრილში იგი დახმარების სათხოვნელად გაემგზავრა რუსეთს. თეიმურაზ II მოითხოვდა დახმარებას ჯარით ან ფულადი სესხის სახით, რისი მეშვეობითაც რუსეთის მთავრობას ირანში ლაშქრობას და იქ რუსეთისათვის სასურველი შაჰის დასმას აღუთქვამდა. რუსეთი შვიდწლიან ომში იყო ჩაბმული და აქტიურად ვერ გამოეხმაურა თეიმურაზ II-ის წინადადებას. თეიმურაზ II გარდაიცვალა პეტერბურგში. დასაფლავებულია ასტრახანის მიძინების ტაძარში.

თეიმურაზ II ე. წ. აღორძინების ხანის ქართული მწერლობის წარმომადგენელია. იგი იყო პოეტი და მთარგმნელი. მის თხზულებათაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია პოემა “დღისა და ღამის გაბაასება” ანუ “სარკე თქმულთა”, რომლის პირველი ნაწილი სასულიერო შინაარსისაა. ქრისტიანული აღმსარებლობის სხვადასხვა სალიტხებზე მსჯელობასთან ერთად მასში გალექსილია ბიბლიური ეპიზოდები. მეორე ნაწილი ეხება ქართველთა ზნეობისა და ყოფა-ცხოვრების საკითხებს. დღისა და ღამის გაბაასების ფონზე თეიმურაზ II თხზულებაში გვაზლევს ეთნოგრაფიული თვალსაზრისით საინტერესო ცნობებს. ავტორის მიერ აღნუსხულია ძველი საქართველოს არაერთი ზნე-ცეულება და ტრადიცია. ნაწარმოები ეხმაურება ანალოგიური საკითხებისადმი მიძღვნილ არჩილ II-ის თხზულებას “საქართველოს ზნეობანი”.

ისტორიული რეალობებია გადმოცემული თეიმურაზ II-ის ავტობიოგრაფიული ხასიათის ლექსში “თავგადასავალი” საყურადღებოა მისი ნაწარმოები “სასახლის ქება”, რომელშიც აღწერილია როსტომ მეფის, ერეკლე I-ისა და ვახტანგ VI-ის სასახლეები. წუთისოფლის სიმუხთლით შეწუხებულ პოეტს წარმავლად მიაჩნია ყოველივე. თხზულებაში “სოფლის მდურვის” მოტივი გამოსჭვივის. ხსნის საშუალებად პოეტს ქრისტიანული ზნეობის წმინდად დაცვა მიაჩნია. თეიმურაზ II-ის ლირიკული ლექსების უმრავლესობაში გამოხატულია ქრისტიანული რელიგიური განწყობილება. პოეტის ლიტერატურული მრწამსის გასათვალისწინებლად მნიშვნელოვანია მისი “გაბაასება რუსთველთან”. თეიმურაზ II იზიარებს არჩილს II-ის მიერ ქართულ მერლობაში დამკვიდრებულ “მართლის თქმის” პრინციპს, ილაშქრებს ფანტასტიკური სიუჟეტების დამუშავების წინააღმდეგ.

თეიმურაზ II-ს ეკუთვნის იმხანად პოპულარულ თემაზე დაწერილი “ხილთა ქება”, თავშესაქცევი და ფორმალისტური ხასიათის ანბანთქებები, კიდურწერილობა და ა. შ. მან სპარსულიდან თარგმნა იგავ-არაკების კრებული “თიმსარიანი”.

შემოქმედება:

პოეზია:
- “გაბაასება რუსთველთან”
- “თავგადასავალი”
- “ხილთა ქება”
- “სარკე თქმულთა ანუ დღისა და ღამის გაბაასება”
- “სულხან-საბა ორბელიანზედ”
- “ქილილა და დამანა”
- “ქება სრისა”
- “შეგონება”

About გუგა ყველაშვილი

I Love Ner.Ge
This entry was posted in მწერლები and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*


3 - 2 =

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>