თეიმურაზ I (1589 – 1663)


თეიმურაზ I (დ. 1589 — გ. 1663), კახეთის მეფე 1606-1648, ქართლ-კახეთის მეფე 1625-1632. გამეფდა 16 წლისა. მისი მცირეწლოვნების გამო სამეფოს ერთხანს დედამისი ქეთევანი განაგებდა. 1607 თეიმურაზ I დააქორწინეს მამია გურიელის ასულ ანაზე, რომელიც 1610 გარდაიცვალა. 1612 შეირთო ქართლის მეფის ლუარსაბ II-ის და ხორეშანი. 1614, ირანის შაჰის აბას I-ის ქართლსა და კახეთში ლაშქრობის დროს თეიმურაზ I იძულებული გახდა ლუარსაბ II-თან ერთად იმერეთში გახიზნულიყო. 1615, კახეთში ანტიირანული აჯანყების დროს, თეიმურაზ I სამეფო ტახტზე მიიწვიეს. იგი სათავეში ჩაუდგა აჯანყებას.

სპარსელებმა აჯანყება ჩაახშვეს და თეიმურაზ I კვლავ იმერეთში გადავიდა. 1625, როდესაც ქართლი და კახეთი ისევ აღდგა ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ გიორგი სააკაძის მეთაურობით, თეიმურაზ I ქართლ-კახეთის მეფედ მიიწვიეს. იგი გიორგი სააკაძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლას. ქართლ-კახეთის მრავალწლიანმა ბრძოლამ აიძულა შაჰ-აბას I დათმობაზე წასულიყო. მან მოლაპარაკება გამართა თეიმურაზ I-თან და ფაქტობრივად იგი ქართლ-კახეთის მეფედ ცნო. თეიმურაზ I-მა თავი ირანის შაჰის ვასალად აღიარა, მაგრამ განაგრძობდა ბრძოლას სრული დამოუკიდებლობისათვის. ამის გამო 1632 შაჰმა სეფი I-მა ქართლის ტახტი გამაჰმადიანებულ როსტომს გადასცა. თეიმურაზ I ერთხანს კიდევ განაგრძობდა ბრძოლას, მაგრამ შემდეგ ისევ იმერეთში გაიხიზნა. ის, რომ საგარეო პოლიტიკაში თეიმურაზ I რუსეთის ორიენტაციის მომხრე იყო, როგორც საბჭოთა ისტორიოგრაფია ამას გამუდმებით ამტკიცებდა, გადაჭარბებულია. რუსეთი იყო ქართველი მეფისთვის მცდელობა, რომელსაც მისი მთელი ცხოვრების მანძილზე შედეგი არ გამოუღია. მის მიერ მოსკოვში დახმარების სათხოვნელად არაერთხელ გაგზავნილმა ელჩობამ (1615, 1618, 1624, 1635 და 1649) შედეგი ვერ გამოიღო. 1620 წლიდან დაუახლოვდა კათოლიკე მისიონარებს და 1626 წელს თეიმურაზ I-მა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან პოლიტიკური კავშირის დასამყარებლად ელჩად გაგზავნა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ნიკიფორე ირბახი). 1635 წლამდე იგი მხოლოდ ევროპასთან ალეანსს იმედოვნებდა, მით უფრო რომ მას მიმოწერა ურბან VIII-თან ჰქონდა. ბოლოს თეიმურაზ I დახმარებას სთხოვდა ოსმალეთსაც, მაგრამ უშედეგოდ. 1658 თვითონ გაემგზავრა რუსეთის სამხედრო დახმარების სათხოვნელად, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. 1661 ბერად აღიკვეცა. მალე ირანში გაიწვიეს და აღუთქვეს კახეთის სამეფო ტახტის დაბრუნება, თუ მაჰმადიანობას მიიღებდა. თეიმურაზ I-მა უარი თქვა. ამის გამო შეიპყრეს და ასტრაბადის ციხეში გამოამწყვდიეს, სადაც გარდაიცვალა. მისი ნეშტი ქართველებმა სამშობლოში ჩამოასვენეს და ალავერდის მონასტერში დაკრძალეს. სპარსეთის აგრესიის წინააღმდეგ შეუპოვრად მებრძოლი თეიმურაზ I ზედმიწევნით იცნობდა სპარსულ ენასა და მწერლობა და მის ძლიერ გავლენასაც განიცდიდა. წერდა კიდეც: “სპარსთა ენისა სიტკბომან მასურვა მუსიკობანი”. მან გადმოაქართულა სპარსულენოვან სამყაროში ფართოდ გავრცელებული პოემები: “ვარდბულბულიანი”, “შამიფარვანიანი”, “ლეილმაჯნუნიანი” და “იოსებზილიხანიანი”. თეიმურაზ I ორიგინალურ თხზულებებშიც არ ღალატობდა სპარსულ მწერლობის ტრადიციებს როგორც თემატიკის, ისე ჟანრის სფეროში.

თეიმურაზ I პრინციპულად სასულიერო თემატიკას ანიჭებდა უპირატესობას, თუმცა მის პოეზიაში საერო ნაკადი ბატონობდა. თავისი რელიგიური გრძნობები პოეტმა უმთავრესად იმით გაამჟღავნა, რომ სპარსულიდან გადმოღებულ პოემებშიც კი ქრისტიანული აღსარებლობისადმი ერთგულება და მუსლიმანობის სიძულვილი გამოხატა.

თეიმურაზ I-მა საკუთარ თავზე გამოსცადა ცხოვრების უკუღმართობა და იმედის გაცრუება. თავისი ქვეყნის უმოწყალო რბევა-აწიოკების მოწმე პოეტისათვის კარდინალური კითხვა იყო წუთისოფლის რაობა. მისი შემოქმედება გამსჭვალულია წუთისოფლის მუხანათობის განცდითა და ნაღვლიანი კილოთი (“სოფლის სამდურავი”). იგი ცდილობდა პოეტური საქმიანობით შეემსუბუქებინა მწეხარე განცდები. თეიმურაზ I ხორციელი ტრფიალებისა და ბაგე-ღვინის აპოლოგეტად გვევლინება (“გაბაასება ბაგისა და ღვინისა”, ლირიკული ლექსები და სხვ.).

თეიმურაზ I-მა ერთ-ერთმა პირველმა სცადა ქართულ პოეზიაში ეროვნული თემატიკის დამუშავება. პოემაში “ქეთევან დედოფლის წამება” მან დიდი პოეტური მღელვარებით აღწერა თავისი დედის, ქეთევან დედოფლის, თავდადება სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის, ასახა ქართველი ხალხის ბრძოლა ეროვნული და სარწმუნოებრივი თვითმყოფობის შესანარჩუნებლად. გაბაასების ჟანრის თხზულებაში “შედარება გაზაფხულისა და შემოდგომისა” პოეტმა ოსტატურად დახატა მშობლიური ქვეყნის ბუნება, გადმოსცა როგორც პირადი, ისე საზოგადო ბედუკუღმართობით გამოწვეული სევდიანი განცდები. თეიმურაზ I-ს ეკუთვნის ლირიკული ლექსები “გრემის სასახლეზე”, “თამარის სახე დავით გარეჯას” და სხვები.

თეიმურაზ I-მა შემოიღო ქართულ მწერლობაში სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრი და ტრადიციული თემატიკაც გაამრავალფეროვნა. მან დაამკვიდრა მაჯამური ლექსის ფორმა და ამ მხრივ გარკვეული ზეგავლენა მოახდინა ქართული ლიტერატურის შემდგომ განვითარებაზე. განავითარა გაბაასების ჟანრი, რომელმაც მტკიცედ მოიკიდა ფეხი ქართულ მწერლობაში.

თეიმურაზ I-ის შემოქმედებამ კლასიკური პერიოდის ქართული პოეზიისა და განსაკუთრებით შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” დიდი გავლენა განიცადა. მისი ცალკეული თხზულებანი იბეჭდებოდა 1860-იდან (ჟურნალი “ცისკარი”); 1875 ა. კალანდაძემ ცალკე წიგნად გამოსცა “ვარდბულბულიანი”, 1886 ზ. ჭიჭინაძემ — თხზულებათა კრებული.

შემოქმედება:

პოეზია:
- “გრემის სასახლეზე”
- “თამარის სახე დავით გარეჯას”
- “მაჯამა”
- “სოფლის სამდურავი”
- “ვარდბულბულიანი”
- “ლეილმაჯნუნიანი”
- “შედარება გაზაფხულისა და შემოდგომისა”
- “წამება ქეთევან დედოფლისა”

About გუგა ყველაშვილი

I Love Ner.Ge
This entry was posted in მწერლები and tagged , . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*


- 1 = 2

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>