Monthly Archives: June 2010

ლავრენტი არდაზიანი (1815 – 1870)

ლავრენტი პეტრეს ძე არდაზიანი (დ. 1815, თბილისი ― გ. 1 იანვარი/13 იანვარი, 1870, იქვე), ქართველი მწერალი, ქართული კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ბიოგრაფია:
არდაზიანის მამა, დეკანოზი პეტრე, და დედა, სოფიო, განათლებული და ქართლი მწერლობის მოყვარული პირები იყვნენ. არდაზიანმა დაამტავრა თბილისის სასულიერო სემინარია (1837). 1846 წლიდან მსახურობდა ე. წ. საქართველო-იმერეთის გუბერნიის სამმართველოში, “ამიერკავკასიის პრიკაზში”, გენერალურ-გუბერნატორის კანცელარიაში, თბილისის საოლქო სასამართლოში და სხვა.

სამწერლო ასპარეზზე არდაზიანი გამოვიდა შექსპირის “ჰამლეტის” პროზაული თარგმანით (“ცისკარი, 1858″) და მალე “ცისკრის” წამყვანი თანამშრომელი გახდა. არდაზიანმა ადრევე გამოამჟღავნა ცხოვრების მოვლენების შეცნობის უნარი (ლექსი “ფულები” – “ცისკარი”, 1859), ხოლო ცნობილ რომანში “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი” (“ცისკარი”, 1861) დამაჯერებლად ასახა ძველი სოციალური ყოფის და ბურჟუაზიული ურთიერთობების დამკვდრების გარდაუვალობა საქართველოში. თუმცა მწერალი ლიბერალური თავადაზნაურობის პოზიციებზე იდგა, მისი რომანის წარმატება ტავად-აზნაურთა რომანტიკულმა სახეებმა კი არ განაპირობა, არამედ სავაჭრო ბურჟუაზიის წარმომადგენლის – მეჯღანუაშვილის ცხოვრებისა და ფსიქოლოგიის დაკვირვებულმა, რეალისტურმა ანალიზმა. ავტორის სურვილის წინააღმდეგ რომანი გვარწმუნებს, რომ მაღალი წოდება უძლურია მეჯღანუაშვილების წინაშე. ბატონყმური ურთიერთობის დრომოჭმულობა არდაზიანმა გვიჩვენა რომანში “მორჩილი” (“ცისკარი”,1862).

იმდროინდელი ქართული ჟურნალისტიკის საყურადღებო მოვლენა იყო არდაზიანის პუბლიცისტური და კრიტიკული წერილები: «Белый обзор 12 книжек журнала “Заря”. С января по декабрь 1858 г. ნ. ბერძენოვისა» (“ცისკარი”, 1859), “პასუხი უ. ბერძენოვის პასუხისგებაზე” (“ცისკარი”, 1859), “ორიოდე სიტყვა შესახებ თერგდალეულის სტატიისა” (“ცისკარი”, 1863). ამ წერილებში არდაზიანმა პირველმა მიაქცია ყურადღბა ქართული პროზის ჩამორჩენის მიზეზებს, შეეხო სამწერლო ენის სასაუბრო ენასთან დაახლოების აუცილებლობას. მხატვრულ ნარკვევში “მოგზაურობა ტფილისის ტროტუარზედ” (“ცისკარი”, 1862) არდაზიანმა ამხილა ტრაბახა დილეტანტები, “ცრუგანათლებულნი”. არდაზიანის ფსევდონიმების “ბიძია თონიკე”, “ალექსი ელბაკიძე”.

შემოქმედება:

პროზა:
- “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

გიორგი ერისთავი (1813 – 1864)


გიორგი დავითის ძე ერისთავი (დ. 1813, სოფ. ოძისი, ახლანდელი დუშეთის რაიონი ― გ. 9 სექტემბერი/22 სექტემბერი, 1864, გორი; დაკრძალულია იკორთის მონასტერში (სოფ. ზემო იკორთი, ახლანდელი ცხინვალის რაიონი), ქართველი დრამატურგი, პოეტი, თეატრის მოღვაწე.

ბიოგრაფია:
სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში (1824-1825), შემდეგ მცირე ხნით მოსკოვში, კერძო პანსიონში. 1830 წლიდან მონაწილეობდა მეფის რუსეთის საწინააღმდეგო შეთქმულებაში, რისთვისაც 1832 წლის დეკემბერში დააპატიმრეს. 1834 გადაასახლეს ქ. ვილნოში, სადაც ქვეით დივიზიაში გაამწესეს. ერისთავმა შეისწავლა პოლონური ენა და ლიტერატურა, დაუახლოვდა მოწინავე პოლონურ ოჯახებს. 1838 წელს მას ნება დართეს დროებით ჩამოსულიყო საქართველოში, სადაც საბოლოოდ 1842 წელს დაბრუნდა. ერთხანს თბილისში სახელმწიფო სამსახურში იყო, 1854 წლიდან კი სოფ. ხიდისთავში დასახლდა.

ერისთავის პირველი გამოქვეყნებული ნაწარმეობია პოემა “ოსური მოთხრობა” (ნაწ. 1, “სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი”, 1832), რომელიც სრული სახეით და ახალი სათაურით “ზარე და ყანიმათ” 1853 წელს ჟურნალ “ცისკარში” დაიბეჭდა. ერისთავის პოეზიაში მნიშვნელოვანია ეროსვნულ-პატრიოტული (“თ. სვიმონ მაჩაბელს”, 1833; “უცხო ქვეყნის ჭაბუკს”, 1835; “მტკვრისადმი”, “ყაბახისადმი”, 1836; “კავკაზი და უცნობი”, 1854; “თ. ნიკოლოზ მელიტონის ძის ბარათოვის გარდაცვალებაზედ”) და სატრფიალო (“თეოდოსია მირეცკას”, 1840; “მოგონება”, 1844; “გულს”, 1845; “კნიაჟნა დარია ბეგთაბეგოვისას”, 1849) მოტივები. სატირულიუმორისტულ ლექსებში ერისთავი კიცხასვს ე. წ. მაღალი საზოგადოების ზნეობრივ გადაგვარებას (“დედა და ქალი”, 1838; “ფიქრი ყმაწვილი ქალისა”, 1839; “. ერთი კაცი წვა სნეული”, 1854).

ერისთავის შემოქმედების უმნიშვნელოვანესი ნაწილია დრამატული თხზულებები. მან ერთ-ერთმა პირველმა დაუდო სათავე ქართულ კრიტიკულ რეალიზმს, მტკიცე საფუძველი ჩაუყარა კომედიოგრაფიას, დააარსა ქართული პროფესიული თეტრი, რომელსაც 1850-1854 წლებში ხელმძღვანელობდა (გიორგი ერისთავის თეატრი). იყო უდიდესი კულტურული წამოწყების ინიციატორი: პირველი ქართული სალიტერატურო ჟურნალი “ცისკრის” დამაარსებელი და რედაქტორი (1852-1853).

ერისთავის პირველი კომედია, დრამატული პოემა “შეშლილი” (1839) ეხება პოეტის დანიშნულებას, გადმოსცემს მის ხვედრს თანამედროვე საზოგადოებაში, მაღალი წრის ზნეობრივ დაკნინებას და განათლებული ახალგაზრდობის უნაყოფო მისწრაფებებს. ერისთავმა-დრამატურგმა, თანადროულობის პირუთვნელმა მემატიანემ, გვიჩვენა საქართველოში სავაჭრო კაპიტალის განვითარებით გამოწვეული ფეოდალურნატურალური მეურნეობის რღვევის ბუნებრივი შედეგი – დაცემის გზაზე დამდგარი თავადაზნაურობის სრული უნიათობა, გონებრივი სიღატაკე და ზნეობრივი გადაგვარება. ერისთავის კომედიებში დახატული ძველი თაობის წარმომადგენლები ამაოდ ებღაუჭებიან წარსულ დიდებას (ამირინდო და ონოფრე – “დავა”, 1840; ანდუყაფარ, პავლე დიდებულიძეები – “გაყრა”, 1849), რუსეთში სწავლამიღბული ახალი თაობა კი სრულიად მოუმზადებელია პტაქრიკული საქმიანობისათვის. ეს აზალგაზრდები უსუსური მეოცნებენი არიან და ადვილად თმობენ თავიანთ მრწამსს (ბეგლარი და მიხეილი – “დავა”, ივანე დიდებულიძე – “გაყრა”). ერისთავმა წარმოაჩინა ბატონყმური წყობილების მანკიერებანი, ქართულ სინამდვილეში პირველად ასახა სავაჭრო კაპიტალის წარმომადგენლები, მათი სიძუნწე, მომხვეჭელობა და მექრთამეობა (მიკირტუმ ტრდატოვი – “გაყრა”, კარაპეტ დაბაღოვი – “ძუნწი”, 1850), მეფის რუსეთის ბიუროკრატიული აპარატის მოხელეთა ანგარება და ბიწიერება (სარქის კუმუხტოვი – “დავა”, რამაზი – “გაყრა”). ერისთავის პიესების ცხოვრებისეულმა სიმართლემ, სოციალურ-პოლიტიკურ სიმახვილემ და აქტუალობამ სრულიად ახალი ეტაპი შექმნა ქართულ ლიტერატურაში. ერისთავის სკოლას ეკუთვნიან ცნობილი დრამატურგები: ზ. ანტონოვი, გ. დვანაძე, გ. ჯაფარიძე და სხვები.

ერისთავის თარგმნილი და გადმოკეთებული პიესებიც აქვს (“უჩინმაჩინის ქუდი”, “თილისმის ხანი”, “ყვარყვარე ათაბაგი”, ა. გრიბოედოვის “უბედური ჭკუისაგან”). მან დრამად გადააკეთა “ვეფხისტყაოსანი”, ხოლო კ. ლაფჩინსკისთან ერთად პოემა პოლონურ ენაზე პროზაულად თარგმნა. მანვე ქართულ ენაზე გადმოთარგმნა ა. მიცკევიჩის, ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ვ. ჰიუგოს, პ. ბერანჟეს და სხვების ლექსები.

1862 წელს ერისთავმა იმოგზაურა ევროპაში. მოგზაურობის შთაბეჭდილებანი გადმოსცა დაუმთავრებელ დღიურებში “ჩემი მოგზაურობა ევროპაში 1862 წელსა 13 ივნისსიდგან”. ერისთავის თხზულებები 1852-1853 წლებში იბეჭდებოდა “ცისკარში”; ცალკე წიგნაკებად გამოიცა “გაყრა” (1850), “ძუნწი”, “უჩინმაჩინის ქუდი”, “თილისმის ხანი” (1852); “დავა” 1871 წელს ჟურნალ “კრებულში” დაისტამბა. ერისთავის თხზულების კრებულები გამოქვეყნდა 1867, 1884, 1936 და ა. შ.

შემოქმედება:

პროზა:
- “დავა”
- “გაყრა”
- “ძუნწი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

დანიელ ჭონქაძე (1830 – 1860)

დანიელ ჭონქაძე (დ. 18 მარტი, 1830, სოფ. ყვავილი, დუშეთის რაიონი – გ. 16 ივლისი, 1860, თბილისი), იყო ქართველი მწერალი.

დანიელის მამა გიორგი, შთამომავლობით გლეხი, მღვდელი იყო. როგორც სასულიერო პირი, ის მისიონერად გაამწესეს ოსეთში. მოვალეობის შესრულების დროს, 1846 წელს, მას თავს დაესხა ბრბო და მოკლა. პატარა დანიელი სოფელში თავისი დედის – მელანიას მზრუნველობოთ იზრდებოდა. იაკობ გოგებაშვილი, რომელიც თბილისის სასულიერო სემინარიაში დანიელ ჭონქაძის მოწაფე იყო, თავის მოგონებაში აღნიშნავს, რომ დუშეთის მაზრაში დანიელს მამისგან დატოვებული სახლი და მამული ჰქონდა, რომლითაც მწერალი სიკვდილამდე სარგებლობდა; ზაფხულს იგი თითქმის ყოველთვის სოფელ ყვავილში ატარებდა. ეს ორსართულიანი სახლი სოფელში ახლაც დაცულია. საერო სასწავლებელი 1845 წელს დაამთავრა. ამავე წელს დანიელ ჭონქაძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც კარგ მოსწავლედ ითვლებოდა. სემინარიის მაშინდელი ხემძღვანელობა მას ახასიათებს, როგორც კეთილსა და ნიჭიერ მოწაფეს. თბილისის სემინარია დანიელმა წარჩინებით დაამთავრა და მალე კავკასიის სასულიერო (ქ. სტავროპოლი) დანიშნეს ოსური ენის მასწავლებლად. შემდეგ, თანახმად პირადი თხოვნისა, დანიელი გადმოიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში იმავე საგნის მასწავლებლად.

1858 წლის 1 ოქტომბრიდან დანიელ ჭონქაძე მსახურობდა სინოდის კანტორაში მაგიდის გამგედ. მისი თხოვნა, სასულიეროდან საერო წოდებაში გადარიცხვის შესახებ დააკმაყოფილეს. სიკვდილამდე მასწავლებლის თანამდებობაზე მუშაობდა. იგი დიდი სიყვარულით ემსახურებოდა ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს. დანიელ ჭონქაძე დაავადებული იყო ჭლექით. მისი ჯანმრთელობა თანდათან უარესდებოდა, რასაც ხელს უწყობდა ის ცუდი პირობები, რომელშიც მწერალს უხდებოდა ცხოვრება. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი მუშაობით ძლიერ გადატვირთული იყო. გარდა იმისა, რომ ორ თანამდებობას ასრულებდა (მასწავლებლობა და მაგიდის უფროსობა), იმავე დროს ოსურ ენაზე თარგმნიდა საეკლესიო წიგნებს. რუსეთის სამეცნიერო აკადემიის მიერ დანიელს დავალებული ჰქონდა რუსულ-ოსური ლექსიკონის შედგენა. ერთ თავის პირად წერილში ამის შესახებ წერს: „მე ამ შრომას ხელი მოვკიდე მთელი ჩემი ენერგიით ისე, როგორც შეშვენის ახალგაზრდას, რომელსაც სურს კარიერა შეიქმნას, მაგრამ ეს შრომა სამ ასოზედაც არ მქონდა შედგენილი, რომ დამიწყო სისხლის ღებინება“. რუსულ-ოსური ლექსიკონის ის ნაწილი, რომელიც მწერალს შეუდგენია, ამჟამად დაცულია საქართველოს მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში. არსებობს ცნობა, რომ „სურამის ციხის“ დასრულების შემდეგ დანიელ ჭონქაძეს დაუწყია მოთხრობა „ვინ არის დამნაშავის“ წერა. ამ ნაწარმოებშიაც მას ყმისა და ბატონის ურთიერთობა ჰქონდა გამოხატული. გარდა ამისა, დანიელ ჭონქაძე აგროვებდა ხალხური ზეპირსიტყვიერების საუკეთესო ნამუშევრებს. მწერლის ანდერძიდან ირკვევა, რომ მას თავისი ვაჟის – გიორგისათვის უანდერძებია „ძველი ხელნაწერები“. სამწუხაროდ, ამ ხელნაწერებს ჩვენამდე არ მოუღწევია. სავარაუდოდ, რომ ეს ნაწერები დაწვეს, როგორც ჭლექიანის ხელში ნამყოფი.

მოთხრობა „სურამის ციხის“ ნაწილი დანიელ ჭონქაძემ გამოაქვეყნა „ცისკრის“ 1859 წლის მეთორმეტე ნომერში. ზოგიერთებმა, როგორც ეს ალექსანდრე ორბელიანს თავის ხელნაწერ შრომაში აქვს აღნიშნული, თავის თავზე მიიღეს „სურამის ციხეში“ გადმოცემული მებატონეთა მოქმედებანი. თვით „ცისკრის“ რედაქტორს ივანე კერესელიძეს, რომელიც მწერალთან კარგ განწყობილებაში იყო, ჭონქაძის ნაწარმოების დაბეჭდვისათვის უსიამოვნება შეხვდა.

„სურამის ციხის“ გამოქვეყნების შემდეგ დანიელ ჭონქაძეს დიდხანს აღარ უცოცხლია. 1860 წელს 30 წლის ასაკში იგი გარდაიცვალა ჭლექით. ანდერძის თანახმად დანიელ ჭონქაძე დაკრძალეს თბილისში, მაშინდელი ვერის სასაფლაოზე, თავისი მეუღლის გვერდით

შემოქმედება:

პროზა:
- “სურამის ციხე” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , | Leave a comment

ვახტანგ ორბელიანი (1812 – 1860)

აღწერა: ინფორმაცია ამ მწერალზე ჯერ–ჯერობით არ არის. ადმინისტრაციის თხოვნა იქნება თუ ვინმეს ხელთ გაქვთ ბიოგრაფია მოგვაწოდოთ წინასწარ გიხდით მადლობას

შემოქმედება:

პოეზია:
- “არის ადგილი”
- “ბულბული”
- “გალია”
- “გამოსალმება”
- “გრიგოლ ზურაბის ძის ჯამბაკურიან”
- “დიდის კარის წინ”
- “იმედი”
- “კაცი ის არის”
- “კახეთს”
- “ობოლი”
- “ორი სიზმარი”
- “ორი შენობა”
- “არის ადგილი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

ალექსანდრე ჭავჭავაძე (1786 – 1846)


ბიოგრაფია:
ალექსანდრე დაიბადა 1786 წ. პეტერბურგში. 9 წლის ალექსანდრე მიაბარეს ბამანის პანსიონში, სადაც 1799 წლამდე დაჰყო. აქ მან შეისწავლა რუსული, ფრანგული და გერმანული ენები. 1799 წ. 10 აგვისტოს გარსევან ჭავჭავაძემ და კოვალენსკიმ იმპერატორ პავლეს მიერ გამოგზავნილი სამეფო გვირგვინი და სხვა სამეფო ნიშნები წამოიღეს და ჩამოვიდნენ თბილისს გიორგი XII–ის მეფედ კურთხევაზე დასაწრებლად. გარსევანმა ოჯახიც თან ჩამოიყვანა. მომავალი პოეტი თბილისში დარჩა და მამის ხელმძღვანელობით განაგრძობდა სწავლას.

1804 წ. 17 იანვარს გ. ჭავჭავაძემ იმპერატორს წარუდგინა თხოვნა თავისი ვაჟიშვილის კამერპაჟად ჩარიცხვის შესახებ, რაც დაკმაყოფილებულ იქნა იმავე წლის 3 სექტემბერს. მაგრამ სწორედ ამ დროს ცარიზმის მოხელეთა აღვირახსნილობის გამო არაგვის ხეობის ქართველ მთიელთა აჯანყებამ იფეთქა. აჯანყებასთან დაკავშირებული იყვნენ ფარნაოზი და სხვა ბატონიშვილები.

1804 წ. 14 სექტემბერს თავისუფლების სულით გამსჭვალული 18 წლის ჭაბუკი პოეტი მთიელ აჯანყებულებს შეუერთდა.

მეფის რუსეთის ჯარებმა აჯანყება სწრაფად ჩაახშეს და მისი მეთაურები სასტიკად დასაჯეს. ალ. ჭავჭავაძე თბილისის საპყრობილეში მოათავსეს ; 1805 წლის 11 ნოემბერს იგი ტამბოვში გადაასახლეს 3 წლით. 1806 წელს ა. ჭავჭავაძე თავისუფალია ტამბოვის გადასახლებისაგან. 1807 წ. დამდეგს იგი პაჟთა კორპუსშია.

1808 წ. ალ. ჭავჭავაძემ დაამთავრა პაჟთა კორპუსი და იმავე წლის 19 დეკემბერს მიიღო პოდპორუჩიკობა.

პაჟთა კორპუსის დამთავრების შემდეგ ალ. ჭავჭავაძე დიდ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობს. 1811 წ. იგი პორუჩიკი გახდა. 1811 წ. გენერალ-ლეიტენანტ მარკიზ პაულიჩის ადიუტანტია, რომლის ბრძანებით 1812 წ. თებერვალში მას გზავნიან კახეთში – სიღნაღისა და თელავის მაზრებში კახეთის გლეხთა აჯანყების ჩამხშობ ექსპედიციაში.

1813 წ. 21 სექტემბრიდან 1814 წ. 6 ივლისამდე ალ. ჭავჭავაძე მონაწილეობს სამამულო ომში. იგი ახლდა მთავარსარდალ ბარკლაი დე ტოლის. ბრძოლებში წარჩინებისათვის, რუსეთის არმიის პარიზში შესვლამდე, ალ. ჭავჭავაძე ბევრ მაღალ ჯილდოს იმსახურებს: წმ. ანას ორდენს II ხარისხის ნიშნით, ოქროს ხმალს წარწერით ¨გულადობისათვის¨ და სხვ. მისი უმაღლესი ჯილდო იყო საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი. თითქმის ერთი წელი დასავლეთ ევროპაში მოქმედ არმიაში იყო. იქ იგი უშუალოდ გაეცნო ფრანგ ხალხს, მის უმაღლეს კულტურას. 1814 წ. ორ თვეზე მეტ ხანს იგი საფრანგეთში, უმთავრესად პარიზში, იმყოფებოდა.

სტუმართმოყვარეობით განთქმული ალ. ჭავჭავაძის ოჯახი მაშინდელი საქართველოს მოწინავე აზრისა და კულტურის ერთ-ერთი მთავარი კერაც იყო. რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, ვისაც კი საქართველოში ყოფნა უხდებოდა, უპირველეს ყოვლისა, ალ. ჭავჭავაძის სახლში ეცნობოდა ქართველი ერის ისტორიასა და მწერლობას.

1827-1828 წლებში ალ. ჭავჭავაძემ თავი გამოიჩინა რუსეთ-სპარსეთის ომში. 1827 წ. ოქტომბერში მან თავრიზი აიღო. 1828 წ. თებერვალში ალ. ჭავჭავაძეს ნიშნავენ სომხეთის ოლქის უფროსად.

1828 წ. 28 აგვისტოს მან ბრძოლით აიღო ციხე-სიმაგრე ბაიაზეთი, 8 სექტემბერს – სიმაგრე დადიანი და 10-ში – ციხე სიმაგრე თოფრაყალა.

1829 წელს ალ. ჭავჭავაძეს კახეთის სამხედრო სასაზღვრო დაცვის უფროსის პოსტი უჭირავს; 1830 წ. ხევსურთა საჩივრების კომისიას თავმჯდომარეობს.

1832 წლის შეთქმულების გამოაშკარავების შემდეგ მას 4 წლით ტამბოვში გადასახლება მიუსაჯეს, თუმცა მალე გაათავისუფლეს ”წარსულში დამსახურებისთვის”.

1838-1841 წლებში, როგორც საკარანტინო ზონის უფროსმა, ალ. ჭავჭავაძემ დიდი მუშაობა გასწია ამიერკავკასიის სხვადასხვა ადგილას გამძვინვარებული შავი ჭირის წინააღმდეგ ბრძოლაში.

1838 წლის 4 აპრილს იგი ამიერკავკასიის მთავარმმართველობის წევრად დაინიშნა. 1842 წ. 23 დეკემბრიდან 1843 წ. 13 მარტამდე ალ. ჭავჭავაძე ამიერკავკასიის მხარის სამოქალაქო სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს; 1842–1844 წლებშია ამავე სამმართველოსთან შექმნილ აღალართა უფლებების მომწესრიგებელ კომიტეტს თავმჯდომარეობს. ალ. ჭავჭავაძე ადგენს პროგრესულ პროექტს, რომლის მიხედვითაც აღალარებს ეკრძალებოდათ დასახლებული ადგილების ყიდვა, მოეთხოვებოდათ სახელმწიფო და სამხედრო სამსახური, სახელმწიფოს ევალებოდა ზრუნვა მათს სწავლა-განათლებაზე და სხვ.

1846 წ. 18 ნოემბერს (ძვ. სტ.). დღის პირველ საათზე სახლიდან ახალი გამოსული ალ. ჭავჭავაძე ეტლით მიემგზავრებოდა; მოულოდნელად ცხენები დაფრთხა, პოეტი შეეცადა მეეტლეს მიშველებოდა, ამასობაში პალტოს კალთა ეტლის თვალში მოჰყვა, იგი გადმოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა, მეორე დღეს; დილის ცხრა საათზე, ალ. ჭავჭავაძე გარდაიცვალა.

ალ. ჭავჭავაძე დასაფლავებულია კახეთში, შუამთის მონასტერში. საფლავის გასწვრივ კედელში მოთავსებული მარმარილოს ფიქალის წარწერა მთავრდება ფსალმუნის სიტყვებით: “მწუხრსა განუსვენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან”.

შემოქმედება:
ალექსანდრე ჭავჭავაძე ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. მკვლევართა ნაწილი მას საქართველოში რომანტიკული მიმდინარეობის დამწყებად აღიარებს. იგი ქართულ ლირიკაში წმინდა საზოგადოებრივ-დემოკრატიული მოტივების შემომტანია. მის ლირიკაშიც რომანტიკული ჟღერადობისაა ეროვნულ აწმყოზე სამდურავის, წარსულზე დარდისა და უიმედობის მოტივები. დიდი ადგილი უჭირავს ასევე სატრფიალო ლირიკასაც.

ცნობილია ალ. ჭავჭავაძის ლექსთა დიდი ნაწილის მუსიკალური ტონალობა და სიმღერებად გავრცელება. ზოგი მათგანი გარკვეული სასიმღერო მოტივისა და მუსიკალური საკრავისათვის იქმნებოდა. ამავე დროს აშკარა არის მისი ზოგი ლექსის პუბლიცისტურობაც.

მასვე ეკუთვნის ნაშრომი საქართველოს მოკლე ისტორიული ნარკვევი და მდგომარეობა 1801 წლიდან 1831 წლამდე.

შემოქმედება:

პოეზია:
- “გოგჩა”
- “გუთნის დედა”
- “გული წამართვი”
- “დიდმარხვაში”
- “დუგა”
- “ედების კარი გაზაფხულისა”
- “ედემს რგულსა”
- “ეჰა, ჩემო ოცნებავ”
- “ვამე შორს მყოფსა”
- “ვარდის გაყრილსა”
- “ვარდო კოკობო”
- “ვაჰ, დრონი, დრონი”
- “ვაჰ, სოფელსა ამას”
- “ვისაც გსურთ”
- “ვიწყო წერა მაჯამით”
- “თავსა უფლად”
- “ისმინეთ, მსმენნო”
- “კავკასია”
- “მუხამბაზი ლათაიური”
- “მაისის ვარდმან”
- “მე შენ არ გეტყვი”
- “მეგრულ ფერხულზე”
- “მიველ წალკოტს სანუგეშოთ”
- “მიკვირს რად ჰძრახავენ”
- “მშვენიერთა ხელმწიფავ”
- “ნაწყვეტი”
- “ოჰ, ვით გვემტყუნვა”
- “ოჰ, სიყვარულო”
- “პყრობილისაგან თანმპყრობილთა მიმართ”
- “რაა სიკვდილი”
- “როს არშიყი”
- “სახე შენი”
- “სვემ მიწვიმა მანანა”
- “სიყვარულისათვის”
- “სიყვარულო, ძალსა შენსა”
- “სიყვარულსა შეუპყრივარ”
- “სულის ყვავილო”
- “სძგენს გლახ-გული”
- “სხვასხვისა დროისათვის კაცისა”
- “უგვანთა ტრფობა”
- “უწყალო სენმან”
- “უწყალო სიყვარული”
- “ფისტიკაური”
- “ღმილმან კარი ლალისა”
- “შენ გეტრფის, ვარდო”
- “შენის გონების”
- “შენს ღირსებასა ნატურლობენ”
- “ჭმუნვის მახვილი”
- “ჰე, მთოვარეო”
- “ჰხამს ტრფიალსა საყვარელი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

სიახლე


სიახლე საიტზე: ჩვენ დაგვემატა ახალი ფუნქციები რომელსაც თქვენ იოლად შეამჩნევდით… ჩვენი მოძრავი Toolbar – ის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შემდეგი რამ: მოხერხებული ძიება, როგორც საიტზე ისევე Google – ზე, აგრეთვე შეგიძლიათ საიტის თარგმნა 29 ენაზე (ნელ-ნელა კიდე დაემატება სხვა ენებიც), ასევე შეგიძლიათ იხილოთ ბოლო დღის პოსტები, რამდენი მომხმარებელია ამჟამად საიტზე, Facebook – ის რამდენ მომხმარებელს მოსწონს ის გვერდი, რომელზეც თქვენ იმყოფებით (თუ თქვენც გაქვთ Facebook – ი შეგიძლიათ თქვენც მიიღოთ მონაწილეობა ამ ფუნქციაში), აგრეთვე არის მოსახერხებელი ჩეთი სადაც შეგეძლებათ რამდენსაც გინდათ ჩეთაობა ისე, რომ კამერაც ჩართოთ და მიკროფონიც, თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ RSS პოსტები, ასევე შეგეძლებათ Facebook – ის საშუალებით გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს ის გვერდი სადაც თქვენ იმყოფებით (ანუ SHARE), ასევე შეგიძლიათ საიტზევე კომფორტულად ნახოთ Facebook – ში ჩვენი ფან კლუბი და შეგიძლიათ ნახოთ ბოლო შეტყობინებაც… იმედია მოგეწონათ ახალი ფუნქციები და ჩემი და მთლიანად საიტის ადმინისტრაციის თხოვნა იქნება, რომ თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ ან შენიშვნები გექნებათ აუცილებლად დააკომენტაროთ, ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ თქვენს შენიშვნებს შემდეგ განვიხილავთ და შესაბამისად ვიმოქმედებთ. პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია… Continue reading

Posted in სიახლეები | Tagged , | Leave a comment

ნიკოლოზ ბარათაშვილი


ნიკოლოზ (ტატო) მელიტონის ძე ბარათაშვილი (დ. 4 დეკემბერი, 1817, თბილისი – გ. 21 ოქტომბერი, 1845, განჯა, აზერბაიჯანი) – ქართველი პოეტი. დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა – ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 – 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მ. ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად “ამა სოფლის ამაოებათაკენ” უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას. მაგრამ მათი მეცადინეობა რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას.

ბარათაშვილის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გაპროვინციალებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. პოეტი იძულებული გახდა კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა. მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც (გაუზიარებელი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი). ყოველივე ამან ღრმა დაღი დაასვა ბარათაშვილს. მის პირად წერილებში, რომლებიც ეპისტოლური მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშებია, ღრმა ფსიქოლოგიური შინაარსითა და თანამედროვეთადმი მიმართული ბასრი, სევდნარევი ირონიით გამოიხატა “მკაცრი ბედისა” და სულიერი სარბიელის აუტანელი სივიწროვის განცდა.

1835-დან ბარათაშვილი მუშაობდა უბრალო ჩინოვნიკად სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1844 დაინიშნა ნახიჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ, ხოლო 1845 ივნისს იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლისა, მალარიით მძიმედ დაავადებული დაიღუპა. ბარათაშვილის გადმოსვენებამ 1893 განჯიდან თბილისში (დიდუბის პანთეონი) ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938-დან პოეტის ნეშთი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.

შემოქმედება:

პოეზია:
- “არ უკიჟინო, სატრფო, შენსა მგოსანსა, გულის თქმა”
- “აღმოჩნდა მნათი აღმოსავალს, მზეებრ ცხოველი”
- “დამქროლა ქარმან სასტიკმან, თან წარმიტანა ყვავილი”
- “ვლოცავ დღეს ჩემის გაჩენის, ბედნიერი ვარ მე, თასი”
- “მადლი შენს გამჩენს, ლამაზო, ქალო შავთვალებიანო”
- “მირბის, მიმაფრენს უგზ- უკვლოდ ჩემი მერანი”
- “როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა”
- “სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი”
- “მადლი შენს გამჩენს, ლამაზო, ქალო შავთვალებიანო”
- “შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს”
- “ცისა ფერს, ლურჯსა ფერს”
- “ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი”
- “შენნი დალალნი ყრილობენ გველად”
- “ბედი ქართლისა”
- “ბულბული ვარდზედ”
- “თავადის ჭ…ძის ასულს, ეკ…ნას”
- “კნიაზ ბარათაევის აზარფეშაზედ”
- “ნა…ფორტეპიანოზედ მომღერალი”
- “ნაპოლეონს”
- “ომი საქართველოს თავად-აზნაურ-გლეხთა პირისპირ”
- “საფლავი მეფის ირაკლისა”
- “საყურე”
- “სული ობოლი”
- “სუმბული და მწირი”
- “ფიქრნი მტკვრის პირას”
- “ქეთევან”
- “ღამე ყაბახზედ”
- “შემოღამება მთაწმიდაზედ”
- “ჩემთ მეგობართ”
- “ჩემი ლოცვა”
- “ჩემს ვარსკვლავს”
- “ჩვილი”
- “ჩინარი”
- “ჩონგურს”
- “ძია გ…სთან”
- “ხმა იდუმალი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

საიათნოვა


საიათ-ნოვა (სომხ. Սայաթ-Նովա; სპარს. سایات‌نووا; აზერ. Sayat-Nova) (დ. 14 ივნისი, 1712, ტფილისი — გ. 22 სექტემბერი, 1795, ახპატი), საქართველოში მოღვაწე ეთნიკურად სომეხი პოეტი, აშუღი, მომღერალი.

საიათნოვა (ნამდვ. სახელი არუთიუნ საიათიანი) 1712 წელს დაიბადა თბილისში. დედა თბილისელი ყავდა, მამა კი წარმოშობით ან ალეპოდან ან ადანადან უნდა ყოფილიყო. საიათნოვა განთქმული იყო საკუთარი ლექსებით, სიმღერითა და კამანჩეზე დაკვრით. ის ერეკლე II-ის კარის მომღერალი და მუსიკოსი იყო და გადმოცემით დიპლომატის ფუნქციასაც ასრულებდა. ასევე გადმოცემით მისი შუამავლობით შესაძლებელი გახდა ალიანსი საქართველოს, სომხეთსა და შირვანს შორის სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ. თუმცა მეფის ქალიშვილის სიყვარულის გამო კარის სამსახური დაკარგა და დანარჩენი ცხოვრება გზაში ხეტიალსა და სიმღერაში გალია. 1768 წელს ბერად შედგა ახპატში, დროდადრო თბილისს უბრუნდებოდა. ლეგენდის თანახმად, დაიღუპა 1795 წლის სექტემბერში აღა-მაჰმად ხანის არმიის მიერ თბილისის აოხრების დროს.

შემოქმედება:

პოეზია:
- “ბაღი ბულბულით ავსილა”
- “გიხდება ზარი”
- “დამეხსენი”
- “დამიჯერე”
- “ზოგ-ზოგი კაცი”
- “ზღვას ვით გააშრობს ვარსკვლავის სხივი”
- “მეზობელზედ რა კაცს თვალი უჭირავს”
- “მოდი საყვარელო”
- “მტკვარო ამღვრეულო, არაზიანო”
- “რა ზარბაბი”
- “სამართალი მიყავ”
- “სამოთხიდან გამოსული ვარდი ხარ”
- “საყვარლის ბაღშია”
- “სოფელსა და სოფელს შუა”
- “შე საწყალო, ჩემო თავო, რა იქენ”
- “შუაღამის ვარსკვლავივით”
- “ხარ ტურფა” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

მამუკა ბარათაშვილი (XVIII საუკუნე)

მამუკა ავთანდილის ძე ბარათაშვილი, XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი.

1724 წელს რუსეთში გახიზნულ, ვახტანგ VI-ს გაჰყვა ამალაში, ერთხანს ასტრახანში იყო, 1728 მონაწილეობდა რუსეთის მთავრობის მიერ შაჰ-თამაზთან წარგზავნილ დიპლომატიურ მისიაში. 1730-იან წლებში ბარათაშვილი იყო მოსკოვში, სადაც 1731 დაწერა პოეტიკური ტრაქტატი “ლექსის სწავლის წიგნი” (“ჭაშნიკი”). ეს თხზულება ქართული ლექსის შესწავლის პირველი ცდაა. ავტორი განიხილავს მხატვრული ნაწარმოების ფორმისა და შინაარსის ურთიერთობას, არკვევს ქართული ლექსის საზომებსა და აგებულებას. ბარათაშვილი ეხება პოეზიის დიდაქტიკურ ფუნქციასაც, განსაზღვრავს მის თემატიკას. ბარათაშვილის ესთეტიკური შეხედულებანი პოეზიის უტილიტარული ხასიათის აღიარებითაა გაპირობებული.

1732 წელს ბარათაშვილმა ვახტანგ VI-ის ბრძანებით გალექსა საგმირო-სათავგადასავლო თხზულების “რუსუდანიანის” (XVII ს.) II თავი, რომელსაც ეწოდა “ჯიმშედიანი”. ბარათაშვილმა განავითარა ძველი ქართული საკარო პოეზიის ტრადიციები – 1734 დაწერა 63-სტროფიანი ოდა “ქება მეფისა ბაქარისა”. მის კალამს ეკუთვნის ვახტანგ VI-ისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი “იამბიკო”. 1736 ქართველ თავადაზნაურობის დავალებით ბარათაშვილი პეტერბურგში ეახლა რუსეთის იმპერატორს ანა ივანეს ასულს და სთხოვა ვახტანგ VI სამშობლოში დაებრუნებინა. ვახტანგ VI-ის გარდაცვალების (1737) შემდეგ ბარათაშვილი რუსეთის ქვეშევრდომი გახდა. ბარათაშვილი ქართული ემიგრანტული მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი შემოქმედება გამსჭვალულია ღრმა სევდით, რაც სამშობლოს უნუგეშო მდგომარეობითა და პოეტის ტრაგიკული ცხოვრებითაა გამოწვეული. აქვს სატრფიალო-სამიჯნურო ლექსებიც.

შემოქმედება:

პოეზია:
- “მოკლე შეწყობილი”
- “მრჩობლედი”
- “პოლცკის ხმაი”
- “ქება ვახტანგ მეექვსისა”
- “ჩერნიჩკოს ხმაი”
Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

დავით გურამიშვილი (1705 – 1792)


დავით გიორგის ძე გურამიშვილი (დ. 1705, სოფ. გორისუბანი, საგურამოს თემი ― გ. 21 ივლისი/1 აგვისტო, 1792, მირგოროდი, უკრაინა), ქართველი პოეტი.

ბიოგრაფია:
დავით გურამიშვილმა სიჭაბუკე თავის მამულში, საგურამოში გაატარა. შემდეგ მისი ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. ფეოდალური შინააშლილობით დაუძლურებული საქართველო ირანისა და ოსმალეთის გამუდმებული ცილობის საგანი გახდა. ლეკთა თარეშს ბოლო არ უჩანდა. გურამიშვილის ოჯახი ქსნის ხეობაში, სოფ. ლამისყანაში გაიხიზნა.

დაახლოებით 1727—1728 წლებში გურამიშვილი ლეკებმა შეიპყრეს და დაღესტანში, სოფ. ოსოქოლოში ჩაიყვანეს. იგი ტყვეობიდან გაიპარა და თავი შეაფარა თერგის პირას მცხოვრებ რუს ახალმოსახლეებს. 1729 წელს სოლაღ-ასტრახანის გზით ჩავიდა მოსკოვში, სადაც ვახტანგ VI-მ მას ჯაბადარბაშის თანამდებობა უბოძა. ვახტანგის გარშემო შემოკრებილ ქართველობასთან ერთად გურამიშვილი ინტენსიურ კულტურულ საქმიანობას ეწეოდა. ეს წლები მისთვის ნაყოფიერი გამოდგა. ფაქტობრივად აქედან იწყება გურამიშვილის ბიოგრაფია.

ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ (1737) სამშობლოში დაბრუნების იმედგაწყვეტილმა ემიგრანტებმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს. 1738 წელს მათ შექმნეს ქართველ ჰუსართა ასეული, რომელიც შემდეგ პოლკად გადაკეთდა, და მამულები მიიღეს რუსეთის სხვადასხვა პროვინციებში, მეტწილად უკრაინაში.

გურამიშვილის ბედი მჭიდროდ დაუკავშირდა უკრაინასა და ქართველ ჰუსართა პოლკს. მან მამული მიიღო სამხრეთ უკრაინაში — მირგოროდსა და ზუბოვკაში. 1738—1760 წლებში მონაწილეობდა ოსმალეთის, შვეციისა და პრუსიის წინააღმდეგ რუსეთის ლაშქრობებში, თავი ისახელა ერთგულებითა და სიმამაცით. პრუსიასთან შვიდწლიან ომში (1756—1763) გურამიშვილი ტყვედ შეუპყრიათ და 1759 დეკემბრამდე მჯდარა მაგდერბურგის ციხეში. 1760 წლისათვის მრავალჭირნახულ და სენთაგან დაუძლურებულ პოეტს პორუჩიკის ჩინით თავი დაუნებებია სამხედრო სამსახურისათვის, თავის ახალგაზრდა მეუღლესთან ტატიანა ვასილის ასულ ავალიშვილთან ერთად საბოლოოდ დამკვიდრდა უკრაინაში და შესდგომია გაპარტახებული სახლ-კარისა და მეურნეობის აღდგენას. როგორც ჩანს, მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო სამშობლოში დაბრუნება ვეღარ მოუხერხებია. სიცოცხლის დანარჩენი წლები გურამიშვილმა უკრაინაში გაატარა. აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის ქართული ახალშენის ცხოვრებაში. გურამიშვილი გარდაიცვალა მირგოროდში, დაკრძალულია ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ეზოში.


გურამიშვილის ძეგლი მირგოროდში (უკრაინა)

შემოქმედება:
მწერალმა თავის ლიტერატურულ მემკვიდრეობას თავი მოუყარა ერთ კრებულში და 1787 წელს საკუთარი ხელით გადაწერილი «დავითიანი» პოტიომკინის კარზე მყოფ მირიან ბატონიშვილს (ერეკლეს ძეს) გამოატანა საქართველოში, რითაც ზნეობრივი ვალი მოიხადა მშობლიური ქვეყნისა და ხალხის წინაშე. გურამიშვილის პოეტურმა მემკვიდრეომაბ სწორედ ამ ერთადერთი ავტოგრაფიული კრებულის სახით მოაღწია.

ლირიკულ ლექსებთან ერთად «დავითიანში» ორი პოემაა შესული; პირველი ისტორიული ხასიათისაა და პირობითად «ქართლის ჭირი» ეწოდება. მასში დიდი პოეტური ძალით არის გადმოცემული იმდროინდელი საქართველოს მდგომარეობა. «მართლის თქმა» გურამიშვილის შემოქმედებითი მეთოდია, რადგან «ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების». გურამიშვილი ღრმად ჩასწვდა იმ მიზეზებს, რომლითაც ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანეს. გურამიშვილის აზრით, გარეშე მტრების გარდა ამაში ბრალი მიუძღვის ფეოდალურ შინააშლილობას, ძმათა სისხლისმღვრელ ომებს. პოეტი გვიხატავს საქართველოს ძნელბედობის შემზარავ სურათებს. «ქართლის ჭირი» საყურადღებოა იმ თვალსაზრისითაც, რომ მასში გზადაგზა ჩართულია თვით პოეტის ტრაგიკული ბიოგრაფია. პოემაში გადმოცემული ყოველი ცალკეული ფაქტი კონკრეტულობასთან ერთად ფართო განმაზოგადებელ ძალასაც იძენს. პირადული და საზოგადოებრივი აქ ერთ მთლიან მხატვრულად დამაჯერებელ სურათს ქმნის. პოემას უძღვის შესავალი თავები, რომლებიც გადმოგვცემს პოეტის დიდაქტიკურგანმანათლებლურ იდეებს. «სწავლა მოსწავლეთა» ავითარებს იმ აზრს, რომ ქვეყნის ხსნის ერთ-ერთი მძლავრი საშუალებაა სწავლა-განათლების აღორძინება.

გურამიშვილის ლირიკულ ლექსებში დასმულია ღრმა ფილოსოფიური და ზოგადსაკაცობრიო პრობლემები. ადამიანი, მისი ამქვეყნიური ხვედრი, სიკვდილ-სიცოცხლის მარადიული მონაცვლეობა გურამიშვილის პოეტური შედევრების ერთი უმთავრესი თემაა. ამ თვალსაზრისით დამახასიათებელია ლირიკული ლექსები: «გოდება დავითისა, საწუთროს სოფლის გამო ტირილი», «სიკვდილისა და კაცის შელაპარაკება და ცილობა», «კაცისა და საწუთროსაგან ცილობა და პჭობა, ერთმანეთის ძვირის ხსენება» და სხვა. გურამიშვილის პოეზიაში დიდი ადგილი ეთმობა რელიგიურ განცდებს. პოეტი ეხება შუა საუკუნეთა მწერლობისათვის, კერძოდ, ჰიმნოგრაფიისათვის დამახასიათებელ სასულიერო მოტივებს («ღვთისმშობლის მიცვალების დღის შესხმა», «ჯვარცმის ამბავი», «სიტყვა ესე ღვთისა» და სხვა) და ღვთაებისა და ადამიანის მიმართების საკითხებს ქრისტიანული რელიგიური პოზიციებიდან აშუქებს. მისტიკური განწყობილებითა გამსჭვალული პოეტის სასულირო თუ სატრფიალო თემატიკაზე დაწერილი ლექსები. მაგრამ გურამიშვილის პოეზიაში ქრისტიანული მისტიკა თავისებურადაა გარდატეხილი, იგი არ არის თვითმიზნური ხასიათისა. პოეტის ლექსები დამუხტულია ცხოვრებისეული ფაქტებით. რეალური და მისტიკური პლასტების შერწყმა გურამიშვილის პოეზიის ერთი ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა.

«დავითიანში» ჩართული მეორე პოემა «ქაცვია მწყემსი» ან, როგორც თვით ავტორი უწოდებს, «მხიარული ზაფხული», პირველი საყოფაცხოვრებო ხასიათის თხზულება ქართულ მწერლობაში. ქრისტიანულ მორალზე დაფუძნებული ამ პოემის პერსონაჟები უბრალო, დაბალი წრის ადამიანები, ბუნების ლაღი შვილები არიან. მიმზიდველადაა დახატული მათი უშუალობა, წრფელი განცდები და ზნეობრივი სისპეტაკე. ბუნება და ადამიანი აქ წარმოსახულია მთლიანობაში, რაც მოქმედი გმირების ბედნიერების წყაროდაა მიჩნეული. პოემას უწყვეტ ნაკადად გასდევს ჭეშმარიტი ჰუმანიზმი. «ქაცვია მწყემსის» თავისებურ კოლორიტს სძენს ისიც, რომ ზოგიერთ პასაჟში თუ ბუნების სურათის აღწერაში აშკარად იგრძნობა უკრაინის ყოფისა და ლანდშაფტის თავისებური გამოძახილი.

გურამიშვილი ქართული პოეზიის მამამთავრად რუსთაველს აღიარებდა. ე.წ. «აღორძინების ხანის» სხვა მწერალთაგან განსხვავებით მან შემოქმედებითად აითვისა რუსთაველის მემკვიდრეობა, ახალი გზები გაკაფა და შექმნა ორიგინალური პოეტური სამყარო. ძველ ქართულ პოეზიაში ქართველი ხალხის ეროვნული ბედ-იღბალი ისე არავის წარმოუსახავს, როგორც გურამიშვილს. «ქართლის ჭირის» ასეთი სიძლიერით გამოსახატავად მან მიაგნო შესაფერ პოეტურ კილოს. მთელი «დავითიანი» ამ უწმინდესი თემის დრამატული განცდის შედეგია.

გურამიშვილმა პირველთაგანმა უკუაგდო «აღორძინების ხანაში» უკვე გაცვეთილი «ყვავილოვანი» პოეტური სტილი და სადა, ბუნებრივი მეტყველება გააბატონა, რითაც პრინციპულად დაუპირისპირდა აღმოსავლური პოეზიის შემოქმედებას. საგულისხმოა, რომ სასულიერო ჰიმნების დამუშავებისას მან მარტივი, სასაუბრო ენა გამოიყენა და ამით ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა ისინი. გურამიშვილმა თავის ბევრ ლექსს ხალხური — როგორც ქართული, ისე უკრაინულის, რუსული — სიმღერებისა და პოეზიის კილო დაუდო საფუძვლად და ამით ხელი შეუწყო ქართული ლექსთწყობის გამდიდრებას. შინაარსისა და ფორმის პრინციპული სიახლის მხრივ «დავითიანი» ქართულ პოეზიაში ე.წ. «ევროპეიზმის» დამკვიდრების სათავეებთან დგას. ამ თვალსაზრისით გურამიშვილი XIX საუკუნის ახალი ქართული პოეზიის ერთ-ერთ წინამორბედად გვევლინება.

გურამიშვილის პოეტური კრებული მრავალჯერაა გამოცემული. პირველად იგი 1870 წელს დაიბეჭდა, ხოლო 1955 გამოქვეყნდა აკადემიური გამოცემა. «დავითიანი» მთლიანადაა თარგმნილი რუსულ და უკრაინულ ენებზე. ცალკეული თხზულებანი კი თარგმნილია ყოფილ სსრკ-სა და მსოფლიოს ხალხთა ენებზე.


გურამიშვილის გამოსახულება უკრაინულ 2 გრივნაზე (2005)

შემოქმედება:

პოეზია:
- “დავითიანი”
- “დიმიტრი სააკაძეს მიერ მოწერილი თავადისა დიმიტრი გიორგის-ძის ბაგრატიონისადმი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

ბესიკი (1750 – 1791)


ბესიკი (ნამდვილი გვარი და სახელი – ბესარიონ ზაქრიას ძე გაბაშვილი ) (დ. 1750, თბილისი ― გ. 24 იანვარი/6 თებერვალი, 1791, ქ. იასი, რუმინეთი), ქართველი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე. თეიმურაზ II-ის კარის მოძღვრის ზაქარია გაბაშვილის ვაჟი.

ბიოგრაფია:
ქართლ-კახეთის სამეფო კარზე კარგი განათლება მიუღია. ბესიკის პოეტურ ქმნილებებში ჩანს როგორც აღმ., ისე დას. ლიტერატურის ცოდნა. ერეკლე II-ის კარზე პოეტის მეგობრები იყვნენ მოწინავე მოღვაწეები და მწერლები: ლევან ბატონიშვილი, სარდალი დავით ორბელიანი, დავით რექტორი და სხვები. სწორედ ამ ხანებში შეიქმნა ბესიკის პოეტურ შედევრთა უმრავლესობა. ზაქარია გაბაშვილისა და კათალიკოს ანტონ I-ს შორის კონფლიქტი ქართლ-კახეთიდან ზაქარიას განდევნით დამთავრდა. ამან გარკვეული როლი ითამაშა ბესიკის ცხოვრებაში. მას ქართლ-კახეთის დატოვება მოუხდა. XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან ბესიკი იმერეთის მეფის სოლომონ I-ის კარზე ინყოფებოდა. სოლომონ I-მა ბესიკს ჯერ დავთარხანა ჩააბარა, შემდეგ მდივანთ-უხუცესის სახელო უბოძა. 1778 ბესიკი ირანში გაემგზავრა ქერიმ-ხანთან დიპლომატიური მისიით, მაგრამ იგი გარდაცვლილი დახვდა; იქაურმა საშინაო ომებმა კი საბოლოოდ ჩაშალა ოსმალეთის წინააღმდეგ სპარსეთის გამოყენების შესაძლებლობა. სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ ბესიკი მხარს უჭერდა დავით გიორგის ძის გამეფებას. 1787 დავით მეფემ ბესიკს დააკისრა საგანგებო მისია: რუსეთისათვის მფარველობის თხოვნა, გაფორმება ისეთივე ტრაქტატისა, როგორიც დაიდო რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის 1783, და იმერეთში დამხმარე ლაშქარი შემოყვანა. ამ მიზნით ბესიკი ჩავიდა ქ. კრემენჩუგს, სადაც იმყოფებოდა სამხრეთში მოქმედი რუსეთის ჯარების სარდალი ფელდმარშალი გ. პოტიომკინი. პოტიომკინის ბანაკთან ერთად ბესიკი ჯერ კიშინიოვში, ხოლო შემდეგ იასში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა.

შემოქმედება:
ბესიკის პოეტური მემკვიდრეობა მრავალფეროვანია. მას ეკუთვნის რამდენიმე პოემა, სახოტბო ოდები, სხვადასხვა ტიპის გასართობი ლექსები (ანბანთქებანი, აკროსტიქები და სხვ.). პირველ რიგში აღსანიშნავია რომანტიკული განწყობილებით აღბეჭდილი ლირიკული ლექსების ციკლი: “სევდის ბაღს შეველ”, “მე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა”, “ტანო-ტატანო”, “მე შენზე ფიქრმა მიმარინდა” და სხვა. ამ ლექსებს აერთიანებს თემატიკური რკალი, საერთო ლირიკული გმირი. ბესიკის პოეტური კონცეფცია უპირისპირდება “აღორძინების ხანის” სხვა პოეტებს, რომელთა ლექსებში სიყვარულის გრძნობა მისტიკურ საბურველშია გახვეული (საგანი სიყვარულისა უპირატესად არის ღმერთი). ბესიკი ამქვეყნიურ, ადამიანურ გრძნობებს უმღერის და მის ლექსებში უშუალო, გრძნობად-კონკრეტული მიმართებანი ჭარბობს.

ქართული ლირიკის ისტორიაში ბესიკს განსკუთრებული ადგილი უკავია. მან ახალ სიმაღლეზე აიყვანა ქართული სატრფიალო ლირიკა. მისი პოეზიის ღრმა შინაარსმა, პოეტური სიტყვის მაღალმა არტისტიზმა და ლექსის შინაგანმა მელოდიურობამ განაპირობა ის, რომ XVIII საუკუნის II ნახევარში საქართველოში ბესიკის ლექსები სიმღერებად ვრცელდებოდა; ამან იშვიათი პოპულარობა მოუპოვა პოეტს თანამედროვეთა შორის.

საგმირო-პატრიოტულ პოემაში “ასპინძისათვის” ბესიკმა 1770 ოსმალო-ლეკთა ჯარზე ქართველთა გამარჯვების ამბავი გადმოსცა და ხოტბა შეასხა ქართველ გმირებს. ომის თემას ეხება აგრეთვე პოემა “რუხის ომი”. სატირულ-იუმორისტული ხასიათის პოემაში “რძალ-დედამთილიანი” ბესიკმა პირველმა დაამუშავა ხალხურ პოეზიაში გავრცელებული თემა, ძალზე დაუახლოვდა ხალხურ, სასაუბრო მეტყველებას. ყოველივე ამით მან, დავით გურამიშვილთან ერთად, ქართულ მწერლობაში გზა გაუკაფა საყოფაცხოვრებო ხასიათის ჟანრებს. ბესიკს დაწერილი აქვს რამდენიმე სატირული ლექსიც (მაგ., “ჭაბუა ორბელიანზე” და სხვ.).

ბესიკის პოეზიისათვის დამახასიეთებელია მდიდარი მეტაფორული აზროვნება, დახვეწილი ბგერწერა. მან საგრძნობლად აამაღლა პოეტური ტექნიკა, შექმნა ლექსის ახალი სახეობანი. ქართული პოეზიის არაერთი ორიგინალური მეტაფორა ბესიკის სახელს უკავშირდება (“სევდის ბაღი”, “ცრემლთა ისხარნი”, “შავნი შაშვნი” და ა. შ.). ბესიკის ლექსებმა მრავალი ხელნაწერი კრებულის სახით მოაღწია. ზოგ მათგანში შესულია არა მარტო ბესიკის, არამედ მის მიმბაძველთა ლექსებიც, რაც ერთობ ართულებს ავთენტიკური მასალის შერჩევას. მაინც შესაძლებელი გახდა მისი ლექსების თავმოყრა, გამოცემა (1855, 1962) და ბესიკის მდიდარი პოეტური მემკვიდრეობის მთლიანობაში წარმოდგენა.

შემოქმედება:

პოეზია:
- “შავნი შაშვნი”
- “ტანო ტატანო”
- “სევდის ბაღს შეველ”
- “მე შენმა ფიქრმა მიმარინდა”
- “მე შენი მგონე”
- “მე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა”
- “ვარდო სასურო”
- “დედოფალს ანაზედ”
- “ბულბული მოდის მწუხარებით”
- “ასპინძისათვის”
- “ჰაერი ცივ-ნამიანი”
- “ცრემლთა ისხარნი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , | 1 Comment