Monthly Archives: May 2010

თეიმურაზ მეორე (1700-1762)


თეიმურაზ II (დ. 1700 — გ. 1762), კახეთის მეფე 1709-1715, გამგებელი 1733-1744, ქართლის მეფე 1744-1762. მოქნილი საგარეო პოლიტიკით შეძლო ქართლისა და კახეთის შემომტკიცება, კახეთში თავისი შვილი ერეკლე II გაამეფა, თვითონ კი ქართლი დაიჭირა და ამ გზით ქართლისა და კახეთის სამეფოთა გაერთიანებას ჩაუყარა საფუძველი. 1745 თეიმურაზ II ძველი ქართული წესით ეკურთხა ქართლის მეფედ, თუმცა ქართლ-კახეთი ირანთან ჯერ კიდევ ვასალურ დამოკიდებულებაში იყო. მისი გაერთიანება მამა-შვილის — თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ხელში და ქრისტიანული წესით მეფედ კურთხევა დიდი მიღწევა იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე. თეიმურაზ II-მ ერეკლე მეფესთან ერთად დაიწყო ბრძოლა დაღესტნელი ფეოდალების გამუდმებულ თავდასხმათა წინააღმდეგ. ამასთანავე წარმატებით ებრძოდა ამიერკავკასიაში გაბატონების მოსურნე ხანებს.

მნიშვნელოვანი სამხედრო და პოლიტიკური წარმატება იყო ქართლ-კახეთის მიერ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში მოპოვებული უპირატესობა — ერევნის, განჯისა და ნახჭევანის ხანების საქართველოს მოხარკედ გახდომა. საგარეო პოლიტიკაში თეიმურაზ II რუსული ორიენტაციის მომხრე იყო. 1760 წლის აპრილში იგი დახმარების სათხოვნელად გაემგზავრა რუსეთს. თეიმურაზ II მოითხოვდა დახმარებას ჯარით ან ფულადი სესხის სახით, რისი მეშვეობითაც რუსეთის მთავრობას ირანში ლაშქრობას და იქ რუსეთისათვის სასურველი შაჰის დასმას აღუთქვამდა. რუსეთი შვიდწლიან ომში იყო ჩაბმული და აქტიურად ვერ გამოეხმაურა თეიმურაზ II-ის წინადადებას. თეიმურაზ II გარდაიცვალა პეტერბურგში. დასაფლავებულია ასტრახანის მიძინების ტაძარში.

თეიმურაზ II ე. წ. აღორძინების ხანის ქართული მწერლობის წარმომადგენელია. იგი იყო პოეტი და მთარგმნელი. მის თხზულებათაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია პოემა “დღისა და ღამის გაბაასება” ანუ “სარკე თქმულთა”, რომლის პირველი ნაწილი სასულიერო შინაარსისაა. ქრისტიანული აღმსარებლობის სხვადასხვა სალიტხებზე მსჯელობასთან ერთად მასში გალექსილია ბიბლიური ეპიზოდები. მეორე ნაწილი ეხება ქართველთა ზნეობისა და ყოფა-ცხოვრების საკითხებს. დღისა და ღამის გაბაასების ფონზე თეიმურაზ II თხზულებაში გვაზლევს ეთნოგრაფიული თვალსაზრისით საინტერესო ცნობებს. ავტორის მიერ აღნუსხულია ძველი საქართველოს არაერთი ზნე-ცეულება და ტრადიცია. ნაწარმოები ეხმაურება ანალოგიური საკითხებისადმი მიძღვნილ არჩილ II-ის თხზულებას “საქართველოს ზნეობანი”.

ისტორიული რეალობებია გადმოცემული თეიმურაზ II-ის ავტობიოგრაფიული ხასიათის ლექსში “თავგადასავალი” საყურადღებოა მისი ნაწარმოები “სასახლის ქება”, რომელშიც აღწერილია როსტომ მეფის, ერეკლე I-ისა და ვახტანგ VI-ის სასახლეები. წუთისოფლის სიმუხთლით შეწუხებულ პოეტს წარმავლად მიაჩნია ყოველივე. თხზულებაში “სოფლის მდურვის” მოტივი გამოსჭვივის. ხსნის საშუალებად პოეტს ქრისტიანული ზნეობის წმინდად დაცვა მიაჩნია. თეიმურაზ II-ის ლირიკული ლექსების უმრავლესობაში გამოხატულია ქრისტიანული რელიგიური განწყობილება. პოეტის ლიტერატურული მრწამსის გასათვალისწინებლად მნიშვნელოვანია მისი “გაბაასება რუსთველთან”. თეიმურაზ II იზიარებს არჩილს II-ის მიერ ქართულ მერლობაში დამკვიდრებულ “მართლის თქმის” პრინციპს, ილაშქრებს ფანტასტიკური სიუჟეტების დამუშავების წინააღმდეგ.

თეიმურაზ II-ს ეკუთვნის იმხანად პოპულარულ თემაზე დაწერილი “ხილთა ქება”, თავშესაქცევი და ფორმალისტური ხასიათის ანბანთქებები, კიდურწერილობა და ა. შ. მან სპარსულიდან თარგმნა იგავ-არაკების კრებული “თიმსარიანი”.

შემოქმედება:

პოეზია:
- “გაბაასება რუსთველთან”
- “თავგადასავალი”
- “ხილთა ქება”
- “სარკე თქმულთა ანუ დღისა და ღამის გაბაასება”
- “სულხან-საბა ორბელიანზედ”
- “ქილილა და დამანა”
- “ქება სრისა”
- “შეგონება” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

მეფე ვახტანგ VI (1675 – 1737)


ვახტანგ VI (დ. 15 სექტემბერი, 1675 ― გ. 26 მარტი. 1737, ასტრახანი), ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) 1703-1714, მეფე 1716-1724. გიორგი XI-ის ძმის ლევანის ძე. დედა–თუთა, ქაიხოსრო გურიელის ასული. სულხან-საბა ორბელიანის აღზრდილი.ვახტანგ VI-ის მეფობის ხანა გამორჩეულია საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური აღორძინების დაწყებით. სულხან-საბა ორბელიანისა და ანტონ კათოლიკოსის გვერდზე ვახტანგი ითვლება ახალი ქართული ლიტერატურის სულისჩამდგმელად.

ადრეული წლები
ვახტანგი სამი წლის იყო, რომ დედა გარდაეცვალა და 1680 წლიდან დედინაცვალი, თინათინ ავალიშვილი ზრდიდა. სწავლა–განათლება და სამხედრო წვრთნა ვახტანგმა ბიძის, გიორგი XI–ის კარზე მიიღო. იმ დროს მიღებული წესის მიხედვით, ვახტანგს, როგორც ბატონიშვილს, ასწავლიდნენ სასულიერო და საერო ლიტერატურას, ისტორიას და სამხედრო ხელოვნებას. ვახტანგი დაახლოებული იყო აგრეთვე თავის უფროს ბიძასთან–არჩილ II–სთან. ცამეტი წლის ვახტანგი აქტიურად ჩაება პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში: იგი გამოდის გიორგი XI–ის მომხრედ და იბრძვის ურჩი ფეოდალების წინააღმდეგ. 1691 წელს გიორგი XI-მ დაიწყო ბრძოლა ქართლში გასამეფებლად. ბრძოლა ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ვახტანგი აქაც მონაწილეობდა საბრძოლო შეტაკებებში. 1692 წელს თბილისის მისადგომებთან ვახტანგი მონაწილეობდა ირანელთა გარნიზონის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. იგი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. მოწინააღმდეგის ნასროლი ისარი ვახტანგს ხოხონა ხერხეულიძის მარჯვედ ნახმარმა ფარმა ააცდინა. 1695 წელს ვახტანგმა იქორწინა ჩერქეზეთის ბატონის ასულ რუსუდანზე. ეს ნაბიჯი ჩერქეზეთთან კავშირის განმტკიცებას ისახავდა მიზნად. ქორწილი ხარაგოულში გადაიხადეს. 1703 ირანის შაჰმა მეფობა გიორგი XI-ს დაუბრუნა, მაგრამ იგი ირანში დატოვა, ხოლო ქართლში ჯანიშინად (მოადგილედ) ვახტანგ VI დანიშნა.

ვახტანგის მოღვაწეობა ქართლის აღორძინებისთვის
იგი იბრძოდა ქვეყანაში წესრიგის აღდგენისა და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისათვის. მან თავიდან მოიცილა ქართლის სამეფო კარზე მოკალათებული მერყევი და საეჭვო ელემენტები, გააუქმა ქვეყანაში ფეხმოკიდებული ირანულ-ყიზილბაშური წესები, აღადგინა ქართულ-ეროვნული წეს-ჩვეულებები, “მცველთა ჯარის” ანუ სამეფო გვარდიის შექმნით დათრგუნა ურჩი ფეოდალები და ფართო ბრძოლა გააჩაღა ქვეყნის სამეურნეო-ეკონომიურ და კულტურულ განვითარებისათვის. მნიშვნელოვანი იყო სარწყავი არხებისა და სავაჭრო-სამიმოსვლო გზების მშენებლობა, სამეფო-დომენური მეურნეობის მოწესრიგება და გადართოება. სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის მოხელეთა უფლებებისა და ფუნქციების განსაზღვრა და სხვ., რაც მის მიერ შედგენილ დასტურლამალში აისახა. ვახტანგ VI-ის თაოსნობით შექმნილი კანონთა კრებული. იყო ე. წ. “ბატონყმური რიგის” მოწესრიგების მნიშვნელოვანი ღონისძიება. მიზნად ისახავდა ფეოდალთა ძალადობის შეზღუდვას და მწარმოებელთა მინიმალური უფლებების დაცვას, მათი შრომისათვის აუცილებელი პირობების შექმნას. ქართული სინამდვილისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო კრებულის ძირითადი ნაწილი – “სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა”. ნაყოფიერი საკანონმდებლო მოღვაწეობისათვის ვახტანგ VI-ს “სჯულმდებელი” უწოდეს.

ვახტანგ VI-ის სახელთანაა დაკავშირებული პროგრესული განათლებულ მეცნიერთა დასის – სწავლულ კაცთა კომისიის დიდი კულტურული საქმიანობა. ვახტანგ VI-ის ნაყოფიერი მოღვაწეთა რამდენიმე წლით შეწყდა 1712, ჯერ გიორგი XI-ისა და მერე ირანში მისი შემცვლელის ქაიხოსროს ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ, როცა ვახტანგ VI-ის ჯანიშინობა დასრულდა. ვახტანგ VI ირანის შაჰმა ქართლის სამეფო ტახტზე დასამტკიცებლად ისპაანში დაიბარა და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა, მაგრამ ქრისტიანმა მეფემ შაჰს უარი უთხრა. ვახტანგ VI ქირმანში გადაასახლეს. იქ მან 1719-მდე დაჰყო, ამავე წელს მანამდე (1716) ფორმალურად გამაჰმადიანებული ვახტანგ VI ქართლის მეფედ დაამტკიცეს და სამშობლოში დააბრუნეს. მოღვაწეობის მეორე პერიოდში (1719-1724) ვახტანგ VI ცდილობდა გაეგრძელებინა ძველი საქმიანობა, მაგრამ იმ დროისათვის საერთაშორისო ვითარება ამიერკავკასიის ასპარეზზე შესამჩნევად შეიცვალა. საქართველო კავკასიის დაუფლებისათვის მებრძოლ სახელმწიფოთა ჭიდილში აღმოჩნდა ჩართული. ვახტანგ VI საგარეო პოლიტიკაში ქრისტიანულ რუსეთთან კავშირის ტრადიციულ კურსს მისდევდა. მან სამხედრო-პოლიტიკური კავშირი გააბა პეტრე I-თან, რომელიც იმჟამად კასპიის ზღვის სანაპიროების შემოერთებისათვის იბრძოდა სომეხთა და ქართველთა გაერთიანებული ლაშქარიც მზად იყო შეერთებოდა რუსთა ჯარს ირანის წინააღმდეგ. შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ ლაშქრობა შეუძლებელი გახადა. 1723 აღმოსავლეთ საქართველოს ოსმალები დაეპატრონენ. 1724 ვახტანგ VI თავისი ამალით (1200 კაცი) რუსეთს გაემგზავრა. ქვეყნის მიტოვება და მხოლოდ გარეშე ძალაზე იმედის დამყარება იმთავითვე შეცდომად ჩაუთვალეს მეფეს მისმა თანამედროვებმაც, ურჩევდნენ საქართველოში ჩამოსულიყო და სათავეში ჩასდგომოდა ქვეყნის მართვას. რუსეთში ემიგრირებული ვახტანგ VI და მისი მრავალრიცხოვანი ამალა ბევრს ეცადა რუსეთის დახმარებით თავისი ქვეყანა უცხოელ დამპყრობთაგან გაეთავისუფლებინა, მაგრამ ამაოდ. ვახტანგ VI გარდაიცვალა ასტრახანში, დასაფლავებულია იქვე, მიძინების ტაძარში.

ვახტანგ VI-ის მეფობის წლები გამოირჩევა ქვეყნის დიდი კულტურული აღორძინებით. ვახტანგ VI-ის მოღვაწეობას, მის ევროპულ ორიენტაციას, უთუოდ ამჩნევია მისი ბიძისა (გიორგი XI-ის) და მამის (ლევანი), აგრეთვე მისი აღმზრდელი სულხან-საბა ორბელიანის ხელი. ვახტანგი ჯერ კიდევ გიორგი XI-ის მეფობის დროს დაუახლოვდა კათოლიკე მისიონარებს, კერძოდ კი კაფუცინელებს. მათი დახმარებით 1709 წელს ვახტანგი მოახერხა თბილისში პირველი სტამბის დაარსება. სიახლოვე მისიონარებთან თვალში არ მოსდიოდა ირანის შაჰს, თუმცა მეფის პოლიტიკას მხარს უჭერდა აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსი, ვახტანგის ძმა დომენტი. ერთ-ერთი ყველაზე გაბედული გადაწყვეტილება, რომელიც ვახტანგმა VI-მ სულხან-საბასთან ერთად მიიღო, რითაც ეს უკანასკნელი ევროპაში გაემგზავრა, მას ჯანიშინობის დატოვებად დაუჯდა, სულხან-საბა ორბელიანის უხვი დოკუმენტური მასალიდან (მიმოწერები და შეხვედრები ევროპაში) არ ერთგზის აღნიშნულია ვახტანგის მიდრეკილება და სიმპათიები კათოლიკებისადმი, რის გამოც იგი ლუი XIV-სგან დახმარებას ელოდა. როგორც მისიონარები წერენ, ვახტანგმა კათოლიკობა ირანში, ტყვეობაში მიიღო, მაშინ როცა ქართლში მისი ვაჟი ბაქარი ევროპიდან დაბრუნებულ სულხან-საბას და მის მომხრეებს ავიწროებდა. თვითონ ვახტანგ VI საუბრობს ამ თემაზე 1722 წლის 29 ნოემბრით დათარიღებულ ორ წერილში, პაპი ინოკენტი XIII-სა და ავსტრიის იმპერატორ კარლ VI-დმი. ორივე წელილში ვახტანგი ირწმუნება რომ კათოლიკეა და რომ ღიად ამას არ აცხადებს სხვადასხვა მიზეზთა გამო: “… გარნა ამ ჩვენს სამთავროში ძრიელ ბევრი კათოლიკები არიან და მეც ამათ რიცხვში ვითვლები. ხოლო ამ ქვეყნის არეულობა ნებას არ მაძლევს ჩემი კათოლიკობა გამოვაცხადო”, “…სამწუხაროდ აქაური უბედურება და ხალხის ღალატი ნებას არ მაძლევს ცხადად აღვიარო კათოლიკობა.”

ვახტანგ VI-ის სტამბაში დაიბეჭდა პირველად “ვეფხისტყაოსანი” (1712) საფუძვლიანი კრიტიკულ-მეცნიერული გამოკვლევითურთ, რომელშიც განხილულია თეორიული საკითხები – პოემის ორიგინალურობის დასაბუთება, იდეური მიზანდასახულობის კვლევა და სხვა. ნაშრომი საგულისხმოა ლექსიკოლოგიური თვალსაზრისიტაც. ვახტანგისეული “ვეფხისტყაოსანი” მნიშვნელოვანია როგორც პირველი მეცნიერული გამოცემის ცდა, მან დიდი ბიძგი მისცა პოემის ტექსტის შემდგომი შესწავლა-აღდგენის საქმეს და საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ რუსთველოლოგიას. ვახტანგ VI-ს წვლილი მიუძღვის ქართული დიდაქტიკური მწერლობის განვიტარებაშიც. სწავლა-აღზრდის ახლებულ ნიადაგზე აღორძინება მას ძნელბედობაში ჩავარდნილი ქვეყნის უპირველეს ამოცანად მიაჩნდა. ვახტანგ VI-მ თარგმნა და გადმოაკეთა მსოფლიო დიდაქტიკური ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშები: გალექსა რუსული თხზულების “აპოსთეგმატას” ე. თურქისტანიშვილისეული მოკლე რედაქცია (“სიბრძნე მალაღობელი”), თარგმნა “ქილილა და დამანა”, “ამირ-ნასარიანი” და სხვ.

ვახტანგ VI-ის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ლირიკას, რომელიც თემატიკური მრავალფეროვნებითა და იდეური სიღრმით გამოირვევა. ძველ ქართულ მწერლობაში მან ერთ-ერთმა პირველად შექმნა პატრიოტული ლირიკის ნიმუშები, განავითარა ე. წ. აღორძინების ხანის პოეზიისათვის ნიშანდობლივი მოტივი – “მდურმა სოფლისადმი”. ვახტანგ VI-ის სატრფიალო ხასიათის ლექსები მეტწილად ალეგორიულ-მისტიკური შინაარსისაა; სიყვარულის ერთადერთ საგნად დასახულია უმაღლესი რეალობა, როგორც ეს ქრისტიანულ თეოლოგიაშია მიჩნეული, ღვთაებრივი სინამდვილე. ამ ე. წ. “საღვთო მიჯნურობის” კონცეფციით სცადა მან “ვეფხისტყაოსანში” სიყვარულის მოტივის ახსნა-განმარტებაც. ვახტანგ VI-ის ლირიკის ამ თავისებურებამ შემდგომი განვითარება პოვა ქართულ პოეზიაში (დ. გურამიშვილი, მ. ბარათაშვილი და სხვ.). პოეტის ლექსები არც გრძნობად-კონკრეტული სახეებსაა მოკლებული. მის ლირიკულ შედევრებში აღბეჭდილია ღრმად ინდივიდუალური, ადამიანური განცდები (“რანი და მოვაკანი და”…), გამოხატულია ბუნების მშვენიერების განცდა (“რა სჯობს მაისში ტფილისსა…”) და სხვ.

ვახტანგ VI-ის დროშა

შემოქმედება:

პოეზია:
- “X X X (რანი და, მოვაკანი და, სახლი და, კარი, ბანი და) ვაი, სიკვდილო”
- “კაეშანი”
- “ნაცვლად ჩემთა სიკეთეთა”
- “სალბუნად გულისა”
- “სულხან-საბა ორბელიანზედ”
- “ქილილა და დამანა”
- “შეგონება” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment