Monthly Archives: April 2010

სულხან-საბა ორბელიანი (1658 – 1725)


სულხან-საბა ორბელიანი (დ. 24 ოქრომბერი/4 ნოემბერი, 1658 (ტანძია) ახლანდელი ბოლნისის რაიონი — გ. 26 იანვარი/ 6 თებერვალი, 1725 (მოსკოვი, რუსეთი), ქართველი მწერალი, მეცნიერი, პოლიტიკური მოღვაწე. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი: მამა, ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო; დედა, თამარი — ზაალ არაგვის ერისთავის ასული. სამეფო კარზე, რომელიც კულტურისა და განათლების ცენტრსაც წარმოადგენდა, ორბელიანი მეგობრობდა უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგ V-ის (შაჰ-ნავაზის) განათლებულ ვაჟებთან: არჩილთან ლევანთან, გიორგისთან (შემდეგში ქართლის მეფე გიორგი XI). ამ უკანასკნელს თავის სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. მიიღო კარგი განათლება როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღზრდა.

ორბელიანი ჭაბუკიბიდანვე ჩაება სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იყო ირან-ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის ერთ-ერთი თავკაცი და გიორგი XI-ისა და, მოგვიანებით, ვახტანგ VI-ის ახალი პოლიტიკური ორიენტაციათა ძიების ერთგული თანამდგომი. 1688 წელს, როცა ირანის შაჰმა გიორგი XI-ს მეფობა ჩამოართვა, რეპრესირებული ორბელიანი იძულებული გახდა გასცლოდა ქართლს. ერთხანს იმერეთში, შემდეგ სამცხეში იმყოფებოდა. 1698 წელს, როგორც ჩანს, პოლიტიკური მიზეზთა გამო, საბას სახელით ბერად აღიკვეცა დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. 1703 წლიდან, ქართლის ახალი გამგებლის ვახტანგ VIის დავალებით, ორბელიანმა დიპლომატიური მისიით იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში (1713-1716).

გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებით ორბელიანმა მიიღო კათოლიკური აღმსარებლობა. ირან-ოსმალეთის მუდმივი აგრესიისაგან განაწამებ ქართველ სახელმწიფო მოღვაწეებს, მათ შორის ორბელიანს სურდათ მოესინჯათ ნიადაგი დასავლეთ ევროპასთან პოლიტიკური კავშირისათვის. ორბელიანი ეწვია საფრანგეთის მეფეს ლუი XIV-ს და რომის პაპს კლიმენტი XI-ს, რათა ეთხოვა აგრეთვე ფინანსური დახმარება ირანის ტყვეობიდან ვახტანგ VI-ის გამოსახსნელად. მისი დიპლომატიური მისია მარცხით დამთავრდა. იმედგაცრუებულმა ორბელიანმა დიდი გაჭირვებით ჩამოაღწია სამშობლოში.

1724 წელს, როცა ვახტანგ VI-მ რუსეთს დააპირა გადახვეწა, მან მოსკოვში წინასწარი მოლაპარაკებისათვის ორბელიანი გაგზავნა, მაგრამ ხანდაზმულ მწერალს არ დასცალდა უკანასკნელი მისიის აღსრულება, იგი მოსკოვში მალე გარდაიცვალა. დაკრძალეს ვსესვიატკოეში.

ორბელიანის განმანათლებლური მოღვაწეობა, მწერლობის აღორძინებასთან ერთად, მიზნად ისახავდა სამეცნიერო დარგების განვითარებას. ენციკლოპედიურ ელემენტებს შეიცავს მისი „ქართული ლექსიკონი“ („სიტყვის კონა“, 1685-1716), რომელიც გამოირჩევა იმ დროისათვის მოწინავე მეთოდოლოგიით, უმდიდრესი ფაქტობრივი მასალის მოხშობით; მასში ასახულია ქართული სალიტერატურო ენის, კერძიოდ, ლექსიკის განვითარების ძირითადი ეტაპები. ორბელიანი არ იფარგლებოდა მწიგნობრული ენით და ლექსიკონში გაბედულად შემოჰქონდა ცოცხალი, სასაუბრო მეტყველებაში დადასტურებული ენობრივი ფაქტები.

ორბელიანის ორიგინალური თხზულებისაგან უმნიშვნელოვანესია იგავ-არაკთა კრებული „სიბრძნე სიცრუისა“ („წიგნი სიბრძე სიცრუისა“, 1686-1695). მსოფლიოში გავრცელებული ამ ტიპის კრებულებისაგან განსხვავებით, ფავულა აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, სიმკვრივეს ანიჭებს თხზულებას, იგავ-არაკთა მკაცრ ჩარჩოში აქცევს და ძირითადი იდეური მიზანდასახულობის გამოკვეთას ემსახურება. ავტორმა მიმართა ცალკეული იგავ-არაკებისათვის მოარული სიუჟეტების დასესხების გზას, ზოგი სიუჟეტი ეროვნულ ფოლკლორიდან გამოიყენა, რიგი იგავ-არაკებისა თვითონვე შეთხზა. მთელი მასალა შეზავებულია ეროვნული იუმორითა და კოლორიტით, გამდიდრებულია მხატვრულად ზუსტი დეტალებით. თხზულებაში სრულად იძენს თავს ავტორის განმანათლებლური იდეალები. იგავ-არაკების ფორმით გაშლილი სიუჟეტი თავს იყროს სწავლა-აღზრდის საკითხების გარშემო. ორბელიანი ქადაგებს აღზრდის დემოკრატიულ პრინციპებს მის საფუძვლად შრომასა და როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ გაწვრთნილებას მიიჩნევს; აკრიტიკებს ცხოვრების მანკიერ მხარეებს, ზნეობრივ და სულიერ დაცემულობას. ამ დროს იგი, სამეფო კარიდან მოკიდებული, არც ერთი ფენის წარმომადგენელს არ ინდობს. მისი მამხილებელი სიტყვა ხშირად სატირიკოსის სიმძაფრეს აღწევს. ჰუმანიზმი, მეგობრობის მაღალი ოდეალები, ადამიანის პირად ღირსებათა პატივისცემა მსჭვალავს მთელს თხზულებას. ნაწარმოებს გასდევს ღრმა ეროვნული სულისკვეთება, ზრუნვა იმ კონკრეტილ საკითხების მოგვარებაზე, რაც ხელს უშლიდა იმდროინდელ საქართველოს თავი დაეღწია პოლიტიკური თუ სოციალური უკუღმართობისაგან. ავტორი თავს არიდებს მშრალ მორალისტიკას, მიმზიდველად მოთხრობილ ამბებში ბუნებრივად აქსოვს ამა თუ იმ ბრძნულ აზრს, შეგონებას.

„სიბრძნე სიცრუისა“ აღადგენს ქართული როზის დიდ ტრადიციებს, რომლებიც იმ ხანებში საკმაოდ დაქვეითებული იყო. ორბელიანმა ძველ ქართველ მწერალთაგან ერთ-ერთმა პირველმა მიმართა ხალხურ, სასაუბრო ენას და ამ მხრივ ნაყოფიერი გავლენა მოახდინა ქართული პროზის შემდგომ განვითარებაზე. თხზულება თარგმნილია რუსულ (1878), ფრანგულ (1888), ინგლისურ (1895), გერმანულ (1933) და სხვა ენებზე.

ქართული დოკუმენტური პროზის ერთ-ერთი პირველი და უნიკალური ნიმუშია ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“, რომელიც დღიურების ფორმითაა დაწერილი. თხზულებამ ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია. დაკარგულია პირველი თავები, სადაც, ალბათ, აღწერილი იყო საფრანგეთის ქალაქები, მათ შორის პარიზი. შემორჩენილია მხოლოდ იტალიის და თურქეთის ქალაქთა აღწერილობანი. „მოგზაურობა ევროპაში“ საყურადღებოა დეტალური აღწერებით, ავტორის მრავალმხრივი ინტერესებით, მისი პიროვნული განცდებითა და შთაბეჭდილებებით.

ორბელიანმა წვლილი შეიტანა ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებაშიც. ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი დოგმებია გადმოცემული მის სასწავლო-აღმზრდელობითი დანიშნულების თხზულებაში „სამოთხის კარი“. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორბელიანის ქადაგებათა კრებულს, ე. წ. „სწავლანს“, რომელიც მიუხედავად სასულიერო შინაარსისა, გარკვეულ იდეურ კავშირს ამჟღავნებს იგავ-არაკთა კრებულთან „სიბრძნე სიცრუისა“. ორბელიან ეკუთვნის ჰიმნოგრაფიული თხზულებანი; დიდი წვლილი მიუძღვის მას სასულიერო მწერლობის ძეგლების, განსაკუთრებით ბიბლიის შესწავლა-რედაქტირებაში. ორბელიანმა ფაქტობრივად გაასრულა ვახტანგ VI-ის წამოწყებული საქმე და მოგვცა „ქილილა და დამანას“ საბოლოო, ამჟამად კანონიკურად აღიარებული ქართული რედაქცია. მანვე გალექსა ამ კრებულში ვახტანგ VI-ის მიერ პწკარედის სახით გადმოღებული სპარსული ლექსები. ორბელიანის პოეტური თარგმანები გამოირჩევა მაღალი კულტურით და სალექსო ფორმათა მრავალფეროვნებით. ამ შემთხვევაში იგი ქართული ლექსის ნოვატორადაც მოგვევლინა და ერთმა პირველთაგანმა სათავე დაუდო ქართული ლექსის რეფორმაციას.

შემოქმედება:

პროზა:
- “მოგზაურობა ევროპაში”
- “სიბრძნე სიცრუისა” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , | 2 Comments

არჩილ II (1647 – 1713)


არჩილ II (დ. 1647 — გ. 16 აპრილი. 1713, მოსკოვი), საქართველოს მეფე, პოეტი, ვახტანგ V-ის ძე. მეფობდა იმერეთში 1661-1663, კახეთში — 1664-1675, კვლავ იმერეთში — 1678-1679, 1690-1691, 1695-1696, 1698.
ბიოგრაფია:
ვახტანგ V-მ, რომელიც საქართველოს გაერთიანებას ცდილობდა, 14 წლის არჩილი იმერეთში გაამეფა, ოსმალეთის (რომლის ვასალიც იმერეთი იყო) პროტესტისა და ირანის მთავრობის მოთხოვნის გამო ვახტანგ V-მ არჩილ II ირანში გაგზავნა ([[1663]]), სადაც მას მუსულმანობა მიაღებინეს, ”შაჰნაზარ-ხანი” უწოდეს და კახეთის მეფედ გამოგზავნეს ([[1664]]).

ამ აქტით ქართლისა და კახეთის სამეფოები ფაქტობრივად გაერთიანდა. არჩილ II-მ, კახეთის ტახტის განმტკიცების მიზნით, [[1667]] ცოლად შეირთო [[თეიმურაზ I|თეიმურაზ I-ის]] შვილიშვილი ქეთევანი. მან კახეთის დედაქალაქი [[გრემი]]დან [[თელავი|თელავში]] გადაიტანა, განაახლა ეკლესიები, ააშენა მრგვალი სამოქალაქო დანიშნულების ნაგებობა, ნაწილობრივ ალაგმა ლეკების თარეში. კახეთის ასეთი მოღონიერებით უკმაყოფილო ირანის შაჰმა მეფის ტახტი თეიმურაზ I-ის შვილიშვილს [[ერეკლე I|ერეკლე ბატონიშვილს]] (”ნაზარალი-ხანს”) აღუთქვა. არჩილ II-მ [[1675]] დატოვა კახეთი და იმერეთში გამეფებას შეეცადა. იგი ოთხჯერ ავიდა ტახტზე იმერეთში, მაგრამ ოსმალეთის მხარდაჭერით იმერეთის თავადაზნაურობამ ოთხჯერვე გააძევა. [[1680]] არჩილ II-მ ელჩი გაგზავნა [[რუსეთი|რუსეთში]] და დახმარება ითხოვა, [[1682]]-88 თვითონ იყო რუსეთში, მაგრამ ვერც ამ გზით მიაღწია მიზანს. [[1699]] საბოლოოდ გადასახლდა რუსეთში. [[პეტრე I|პეტრე I-მა]] გულთბილად მიიღო არჩილ II და მისი ოჯახი. სამეფო კარზე განსაკუთრებით დაწინაურდა არჩილ II-ის ძე [[ალექსანდრე ბატონიშვილი (იმერეტინსკი)|ალექსანდრე ბატონიშვილი]]. არჩილ II დასახლდა მოსკოვის მახლობლად, სოფელ ვსესვიატსკოვში (ქართული გამოთქმით „სესენწკაში“). იგი ფაქტობრივად ჩამოსცილდა პოლიტიკურ ცხოვრებას და ფართო კულტურულ-საგამნანათლებლო მუშაობას მიჰყო ხელი. იქვე გარდაიცვალა, დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტერში.

არჩილ II-ის პოეტური მემკვიდრეობა მდიდარი და მრავალფეროვანია. მის უმთავრეს ნაწარმოებში – ვრცელ ისტორიულ პოემაში „[[გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა]]“ („თეიმურაზიანი“) თამარის ეპოქისა და თეიმურაზ I-ის დროს ფართო ისტორიული პანორამაა წარმოდგენილი. დიდაქტიკური-მორალისტური ხასიათის ნაწარმოებებში („საქართველოს ზნეობანი“, „ლექსნი ასნი ორმუხლნი“, „ლექსნი ასდაათნი “ და „ლექსნი ასეულნი“) არჩილ II დაკნინებული საქართველოს აღორძინების საფუძვლად სწავლა-განათლებისა და აღზრდის საკითხების მოგვარების მიიჩნევდა.

ე. წ. აღორძინების ხანის (XVI – XVII სს.) ქართულ მწერლობაში არჩილ II ეროვნული მიმდინარეობის მეთაურთაგანია. პოლიტიკურ ცხოვრებაში ანტისპარსული ტენდეციის გამტარებელი, იგი ასევე შეუპოვრად ებრძოდა იდეოლოგიურ სფეროში ყოველგვარ სპარსულ გავლენას, რაც მისი აზრით, წალეკვით ემუქრებოდა ქართულ კულტურულ თვითმყოფას. არჩილ II მწერლობაში ეროვნული თემატიკის გაბატონებას მოითხოვდა. ენის საკითხებში პურიზმის პოზიციას იცავდა.

ქართულ ლიტერატურაში სრულიად ახალ ეტაპს მოასწავებდა არჩილ II-ის ე. წ. „მართლის თქმის“ პრინციპი, რომელიც საგულისხმოა რეალიზმის ისტორიის თვალსაზრისითაც. კონკრეტული ცხოვრებისეული ფაქტებით დაინტერებასთან ერთად, იგი მწერლისაგან ამავე ფაქტების პირუთვნელსა და მიუდგომელ ასახვას მოითხოვდა.

თხზულებაში „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა“ არჩილ II ორი პოეტის პაერობაში ავლენს საკუთარი პოზიციას, თუმცა ორივეს უსაყვედურებს უცხო სიუჟეტებით გატაცებას („ვეფხისტყაოსანში“ მოთხრობილი უცხო სახელმწიფოთა ამბები მას პირდაპირი მნიშვნელობით ესმოდა და ამ მხრივ გენიალურ პოემას ვერ ასხვავებდა თეიმურაზის ნათარგმნ თხზულებათაგან), მაგრამ მაინც რუსთველის მხარეზეა და მისი აშკარა გავლენით პოეზიას სიბრძნის დარგად მიიჩნევს. „გაბაასება…“ გარკვეული თვალსაზრისით რეალისტური ნაწარმოებია, რომელშიც გაშიშვლებულია თეიმურაზ I-ის დროინდელი საქართველოს ცხოვრების მხარეები, ფეოდალების თავგასულობა, ამასთან, ხაზგასმულია ერის ცხოვრებაში გლეხობის დიდი მნიშვნელობა. პოეტი გვიხატავს ეროვნულ გმირებსაც ([[გიორგი სააკაძე]] და სხვ.). არჩილ II-ის „გაბაასება…“ ქართულ მწერლობაში ისტორიულ პოემას ამკვიდრებს.

არჩილ II-ს ეკუთვნის აგრეთვე „გაბაასება კაცისა და სოფლისა“, მცირე ზომის სატრფიალო ლექსთა კრებული „სამიჯნურონი“, „ანბანთქება“, „ჩარხებრ მბრუნავი ლექსი“, რელიგიური ხასიათის რამდენიმე ლექსი და სხვა. რუსეთში ყოფნისას არჩილ II-მ გალექსა ქართულად „ვისრამიანი“, რუსულიდან თარგმნა სერბულ ენაზე დამუშავებული „[[ალექსანდრიანი]]“, მსოფლიოს ისტორია („ქრონოგრაფი“) და რამდენიმე სასულიერო შინაარსი თხზულება. რუსეთში მყოფ ქართველ მოღვაწეთა დახმარებით არჩილ II-მ დააარსა ქართული სტამბა, სადაც [[1705]] დაიბეჭდა „[[დავითნი]]“; აქვე შეუდგა სრული ქართული ბიბლიის გამოცემის სამზადისს (არჩილ II-ის მიერ მომზადებული ქართული ბიბლია დაიბეჭდა [[1743]]).

შემოქმედება:

პოეზია:
- “გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

იოსებ (თბილელი) სააკაძე (XVII საუკუნე)

იოსებ თბილელი (გვარად სააკაძე) (დ. 1620 — გ. 1688), ქართველი საეკლასიო მოღვაწე, პოეტი; თბილისის მიტროპოლიტი. გიორგი სააკაძის ძმისწული.

აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იბრძოდა ცენტრალური ხელისუფლების განსამტკიცებლად. დაიღუპა როგორც გიორგი XI-ის მომხრე განდგომილ არაგვის ერისთავთან ბრძოლაში. მის პოეტურ მემკვიდრეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართული პატრიოტული ეპოსის თვალსაჩინო ძეგლს – პოემა “დიდმოურავიანს” (1681-1687), რომელიც უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართველი ხალხის ამსახველი გმირული ეპოპეაა. იოსებ თბილელმა ხოტბა შეასხა დიდ მოურავს გიორგი სააკაძეს; ამავე დროს გამოკვეთა საზოგადოებრივი აზრი საქვეყნო გასაჭირზე. ერის ტკივილი და საწუხარი საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოიტანა. “დიდმოურავიანი” მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროცაა. იგი პირველად პ. იოსელიანმა გამოსცა 1851 წელს. იოსებ თბილელს ეკუთვნის აგრეთვე სასულიერო შინაარსის თხზულებები: “ცხოვრება და მოქალაქეობა ალექსი კაცისა ღმრთისა”, “წმინდანთა კრებათათვის”, “ქება და წამება წმიდისა მარინასი, თწმული შაირად”; აგრეთვე “ანბანთქება”. იოსებ თბილელი ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი გამგრძელებელია (დაურთო 67 სტროფი). მის სახელთანაა დაკავშირებული თბილისის სიონის ბიბლიოთეკის დაარსება, რომლისთვისაც იოსებ თბილელს მრავალი ხელნაწერი წიგნი შეუძენია.

შემოქმედება:

პოეზია:
- “დიდმოურავიანი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

თეიმურაზ I (1589 – 1663)


თეიმურაზ I (დ. 1589 — გ. 1663), კახეთის მეფე 1606-1648, ქართლ-კახეთის მეფე 1625-1632. გამეფდა 16 წლისა. მისი მცირეწლოვნების გამო სამეფოს ერთხანს დედამისი ქეთევანი განაგებდა. 1607 თეიმურაზ I დააქორწინეს მამია გურიელის ასულ ანაზე, რომელიც 1610 გარდაიცვალა. 1612 შეირთო ქართლის მეფის ლუარსაბ II-ის და ხორეშანი. 1614, ირანის შაჰის აბას I-ის ქართლსა და კახეთში ლაშქრობის დროს თეიმურაზ I იძულებული გახდა ლუარსაბ II-თან ერთად იმერეთში გახიზნულიყო. 1615, კახეთში ანტიირანული აჯანყების დროს, თეიმურაზ I სამეფო ტახტზე მიიწვიეს. იგი სათავეში ჩაუდგა აჯანყებას.

სპარსელებმა აჯანყება ჩაახშვეს და თეიმურაზ I კვლავ იმერეთში გადავიდა. 1625, როდესაც ქართლი და კახეთი ისევ აღდგა ირანელი დამპყრობლების წინააღმდეგ გიორგი სააკაძის მეთაურობით, თეიმურაზ I ქართლ-კახეთის მეფედ მიიწვიეს. იგი გიორგი სააკაძესთან ერთად სათავეში ჩაუდგა ირანელთა წინააღმდეგ ბრძოლას. ქართლ-კახეთის მრავალწლიანმა ბრძოლამ აიძულა შაჰ-აბას I დათმობაზე წასულიყო. მან მოლაპარაკება გამართა თეიმურაზ I-თან და ფაქტობრივად იგი ქართლ-კახეთის მეფედ ცნო. თეიმურაზ I-მა თავი ირანის შაჰის ვასალად აღიარა, მაგრამ განაგრძობდა ბრძოლას სრული დამოუკიდებლობისათვის. ამის გამო 1632 შაჰმა სეფი I-მა ქართლის ტახტი გამაჰმადიანებულ როსტომს გადასცა. თეიმურაზ I ერთხანს კიდევ განაგრძობდა ბრძოლას, მაგრამ შემდეგ ისევ იმერეთში გაიხიზნა. ის, რომ საგარეო პოლიტიკაში თეიმურაზ I რუსეთის ორიენტაციის მომხრე იყო, როგორც საბჭოთა ისტორიოგრაფია ამას გამუდმებით ამტკიცებდა, გადაჭარბებულია. რუსეთი იყო ქართველი მეფისთვის მცდელობა, რომელსაც მისი მთელი ცხოვრების მანძილზე შედეგი არ გამოუღია. მის მიერ მოსკოვში დახმარების სათხოვნელად არაერთხელ გაგზავნილმა ელჩობამ (1615, 1618, 1624, 1635 და 1649) შედეგი ვერ გამოიღო. 1620 წლიდან დაუახლოვდა კათოლიკე მისიონარებს და 1626 წელს თეიმურაზ I-მა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან პოლიტიკური კავშირის დასამყარებლად ელჩად გაგზავნა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (ნიკიფორე ირბახი). 1635 წლამდე იგი მხოლოდ ევროპასთან ალეანსს იმედოვნებდა, მით უფრო რომ მას მიმოწერა ურბან VIII-თან ჰქონდა. ბოლოს თეიმურაზ I დახმარებას სთხოვდა ოსმალეთსაც, მაგრამ უშედეგოდ. 1658 თვითონ გაემგზავრა რუსეთის სამხედრო დახმარების სათხოვნელად, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. 1661 ბერად აღიკვეცა. მალე ირანში გაიწვიეს და აღუთქვეს კახეთის სამეფო ტახტის დაბრუნება, თუ მაჰმადიანობას მიიღებდა. თეიმურაზ I-მა უარი თქვა. ამის გამო შეიპყრეს და ასტრაბადის ციხეში გამოამწყვდიეს, სადაც გარდაიცვალა. მისი ნეშტი ქართველებმა სამშობლოში ჩამოასვენეს და ალავერდის მონასტერში დაკრძალეს. სპარსეთის აგრესიის წინააღმდეგ შეუპოვრად მებრძოლი თეიმურაზ I ზედმიწევნით იცნობდა სპარსულ ენასა და მწერლობა და მის ძლიერ გავლენასაც განიცდიდა. წერდა კიდეც: “სპარსთა ენისა სიტკბომან მასურვა მუსიკობანი”. მან გადმოაქართულა სპარსულენოვან სამყაროში ფართოდ გავრცელებული პოემები: “ვარდბულბულიანი”, “შამიფარვანიანი”, “ლეილმაჯნუნიანი” და “იოსებზილიხანიანი”. თეიმურაზ I ორიგინალურ თხზულებებშიც არ ღალატობდა სპარსულ მწერლობის ტრადიციებს როგორც თემატიკის, ისე ჟანრის სფეროში.

თეიმურაზ I პრინციპულად სასულიერო თემატიკას ანიჭებდა უპირატესობას, თუმცა მის პოეზიაში საერო ნაკადი ბატონობდა. თავისი რელიგიური გრძნობები პოეტმა უმთავრესად იმით გაამჟღავნა, რომ სპარსულიდან გადმოღებულ პოემებშიც კი ქრისტიანული აღსარებლობისადმი ერთგულება და მუსლიმანობის სიძულვილი გამოხატა.

თეიმურაზ I-მა საკუთარ თავზე გამოსცადა ცხოვრების უკუღმართობა და იმედის გაცრუება. თავისი ქვეყნის უმოწყალო რბევა-აწიოკების მოწმე პოეტისათვის კარდინალური კითხვა იყო წუთისოფლის რაობა. მისი შემოქმედება გამსჭვალულია წუთისოფლის მუხანათობის განცდითა და ნაღვლიანი კილოთი (“სოფლის სამდურავი”). იგი ცდილობდა პოეტური საქმიანობით შეემსუბუქებინა მწეხარე განცდები. თეიმურაზ I ხორციელი ტრფიალებისა და ბაგე-ღვინის აპოლოგეტად გვევლინება (“გაბაასება ბაგისა და ღვინისა”, ლირიკული ლექსები და სხვ.).

თეიმურაზ I-მა ერთ-ერთმა პირველმა სცადა ქართულ პოეზიაში ეროვნული თემატიკის დამუშავება. პოემაში “ქეთევან დედოფლის წამება” მან დიდი პოეტური მღელვარებით აღწერა თავისი დედის, ქეთევან დედოფლის, თავდადება სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის, ასახა ქართველი ხალხის ბრძოლა ეროვნული და სარწმუნოებრივი თვითმყოფობის შესანარჩუნებლად. გაბაასების ჟანრის თხზულებაში “შედარება გაზაფხულისა და შემოდგომისა” პოეტმა ოსტატურად დახატა მშობლიური ქვეყნის ბუნება, გადმოსცა როგორც პირადი, ისე საზოგადო ბედუკუღმართობით გამოწვეული სევდიანი განცდები. თეიმურაზ I-ს ეკუთვნის ლირიკული ლექსები “გრემის სასახლეზე”, “თამარის სახე დავით გარეჯას” და სხვები.

თეიმურაზ I-მა შემოიღო ქართულ მწერლობაში სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრი და ტრადიციული თემატიკაც გაამრავალფეროვნა. მან დაამკვიდრა მაჯამური ლექსის ფორმა და ამ მხრივ გარკვეული ზეგავლენა მოახდინა ქართული ლიტერატურის შემდგომ განვითარებაზე. განავითარა გაბაასების ჟანრი, რომელმაც მტკიცედ მოიკიდა ფეხი ქართულ მწერლობაში.

თეიმურაზ I-ის შემოქმედებამ კლასიკური პერიოდის ქართული პოეზიისა და განსაკუთრებით შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” დიდი გავლენა განიცადა. მისი ცალკეული თხზულებანი იბეჭდებოდა 1860-იდან (ჟურნალი “ცისკარი”); 1875 ა. კალანდაძემ ცალკე წიგნად გამოსცა “ვარდბულბულიანი”, 1886 ზ. ჭიჭინაძემ — თხზულებათა კრებული.

შემოქმედება:

პოეზია:
- “გრემის სასახლეზე”
- “თამარის სახე დავით გარეჯას”
- “მაჯამა”
- “სოფლის სამდურავი”
- “ვარდბულბულიანი”
- “ლეილმაჯნუნიანი”
- “შედარება გაზაფხულისა და შემოდგომისა”
- “წამება ქეთევან დედოფლისა” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

ჩახრუხაძე (XII-XIII)

სამწუხაროდ ჩახრუხაძეზე ინფორმაცია არ გაგვაჩნია, თქვენ თუ მიგიწვდებათ მასზე ხელი საიტის ადმინისტრაციის თხოვნა იქნება, რომ დაგვიკავშირდეთ ან აქვე დატოვოთ ეს ინფორმაცია კომენტარის სახით. დიდი მადლობა წინასწარ.

შემოქმედება:

პოეზია:
- “თამარიანი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

† დიდი შაბათი †

† დიდი შაბათი † – † ვნების კვირის შაბათი, აღდგომის წინა დღე. დააწესა ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად, როცა პილატესთან მისულმა მღვდელმთავრებმა მისი ნებართვით დარაჯები მიუჩინეს ქრისტეს გვამს, რომელიც მდიდარმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა კლდეში დაასვენა და ლოდი მიაგორა. შაბათს „შეიმუსრა ბჭენი ჯოჯოხეთისანი, ღაღადებდნენ ციური ძალნი: დიდება შენდა“ – ქრისტე ცად ამაღლდა. ეკლესია დიდ შაბათს ზეიმით აღნიშნავს †

† საით მიხვალ, მხართა ზედა ასვენებულო, იესუ ტკბილო! საით მიხვალ ჩვენგან, სასოებაო და თავშესაფარო ჩვენო! სად მიეფარვი თვალთაგან ჩვენთა, ნათელო ჩვენო! ვითარ შევიცნობ შენს ჩასვენებას, მზეო დაუვალო! †

შვენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოჰჴსნა უხრწნელნი ჴორცნი შენნი ქრისტე, და არმენაკითა წმიდითა წარჰგრაგნა, სუნნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა.

შენ ქრისტე, რომელმან შეიმოსე ნათელი, ვითარცა რა სამოსელი გარდამოგხსნა დღეს იოსებ ძელისაგან ნიკოდიმოსისთანა, და გიხილა რა შენ მკვდრად უსულოდ განშიშვლებული, გულითა ლმობიერითა მოწლედ ჰგოდებდა და ესრეთ იტყოდა: ჵ იესუ ტკბილო, ყოველთა მეუფეო, რომელი ეგე მზის თვალმან გიხილა რა ჯვარსა ზედა ვნებულად, წყუდიადი შეიმოსა, ხოლო ქვეყანა ჰგოდებდა, და განიპო კრეტ-საბმელი ტაძრისა ორად, არამედ აწ გხედავ ჩემთვის მომკვდარსა, და ვითარ შეგმურო, ჵ ღმერთო ჩემო, ანუ ვითარ დაგმარხო შენ, ანუ რომლითა ხელითა შევეხო უხრწნელთა ხორცთა შენთა, და წარვგრაგნო იგი ტილოჲთა, ანუ ვითარი შესხმა და გალობა უღაღადო განსლვასა შენსა, ვადიდებ წმიდათა ვნებათა შენთა, უგალობ ჯვარ-ცმასა და დაფლვასა შენსა, ვაქებ აღდგომასა შენსა, ცხოველს-მყოფელო ყოველთაო, და გიღაღადებ, უფალო დიდება შენდა.

ნუ მტირ მე დედაო, მხილველი საფლავსა შინა ძისა, რომელი მუცლად-მიღე თვინიერ
[ცენზურა]ისა, რამეთუ აღვჰსდგე და ვიდიდო მე ღვთაებრ, და მაღალ-ვჰყვნე დიდებით, სარწმუნოდ და სურვილით დაუცხრომელად შენნი მგალობელნი.

მადლმოსილი ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე

ყოველი წლის აღდგომის წინადღეს – დიდ შაბათს – მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა საკვირველად ამტკიცებს მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებასა და დიდებულებას.
ისტორია

მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა მაცხოვრის საფლავი.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოსულა. საეკლესიო ჟამთააღმწერელი ჰიმნოფილოსი მოგვითხრობს, რომ სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა გასცა კურთხევა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და აანთო კანდელები, რომლებიც მთელი ლიტანიობის მანძილზე არ ჩამქრალა.

IV საუკუნის გამოჩენილი ისტორიკოსი და სასულიერო მოღვაწე ევსევი კესარიელი გვამცნობს, რომ ქრისტეს საფლავზე მადლმოსილი ცეცხლი აღდგომის ტაძრის აშენებისთანავე (IV ს.) გადმოედინებოდა.

მაცხოვრის საფლავი

მაცხოვრის საფლავი მდებარეობს აღდგომის ტაძარში, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აიგო. უფლის საფლავზე აღმართულია სამლოცველო – კუვუკლია, რომელიც ანგელოზის ეკვდერისა და საკუთრივ მაცხოვრის საფლავისაგან შედგება.

მაცხოვრის საფლავის გამოქვაბული დიდი არ არის – სიგრძით სულ 207 სანტიმეტრია, სიგანით – 193. გამოქვაბულის მარჯვენა მხარეს, თითქმის ნახევრამდე, მარმარილოს ფილით დაფარული ქვის სარეცელია. მას ორივე მხრიდან ეკვრის თარო, რომელზეც დაბრძანებულია აღდგომის 3 ხატი. ამ სიწმინდეს მართლმადიდებლებთან ერთად კათოლიკეები და სომხებიც ფლობენ და ხატებიც მათივე აღმსარებლობის ხატწერის კანონიკის მიხედვითაა შესრულებული. ხატებს ქვეშ წითელი ხავერდი უგია, რომლის ცენტრში ბერძნული წარწერაა: „ქრისტე აღსდგა“.
წმიდა ცეცხლის ლიტანიობა

წმინდა ცეცხლის ლიტანიობა დიდი შაბათის მწუხრის მსახურებას უკავშირდება, – ეს ის დღეა, როდესაც უფალი ჯოჯოხეთში ჩავიდა, საფლავნი განიხვნენ და მრავალი განსვენებული წმინდანის სხეული აღდგა (მთ. 27, 52), – თუმცა ეს მსახურება დღისით, დაახლოებით დღის 1-2 საათზე აღესრულება.

მორწმუნეები მაცხოვრის საფლავთან უკვე წინა დღით – წითელ პარასკევს იკავებენ ადგილს, რათა რაც შეიძლება ახლოს მოხვდნენ პატრიარქთან და მისი ხელიდან მიიღონ მადლმოსილი ცეცხლი. ისინი მთელ ღამეს ლოცვასა და მღვიძარებაში ატარებენ. სანთლებს კონებად კრავენ. თითოეულ კონაში 33 სანთელია, მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების წელთა აღსანიშნავად. საღამოს ყველა კანდელსა და სანთელს აქრობენ. ტაძარი მთელი ღამე ბნელით არის მოცული.

მას შემდეგ, რაც მაცხოვრის საფლავს ტრადიციისამებრ კუსტოდიით – ლუქის ან ცვილის ბეჭდით – დალუქავენ, აღდგომის ტაძარში ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხარზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შემოიჭრებიან. ეს ხმაური სიწმინდის შეურაცხმყოფელი არ არის – ისინი ლოცვებს აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი გარდამოავლინოს მაცხოვრის საფლავზე.

ლიტანიობა იერუსალიმის საპატრიარქოს ეზოდან იწყება. პროცესია წმინდა იაკობის ტაძრის გავლით პირდაპირ აღდგომის ტაძრის საკურთხეველისკენ მიემართება. დღის პირველი საათისათვის, მას შემდეგ, რაც არაბები ტაძარს მოილოცავენ და დადუმდებიან, ტაძარში სამხრეთის კარიბჭით შემოდის უნეტარესი პატრიარქი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა. 10 წუთის შემდეგ კათოლიკონის საკურთხეველში მას მიჰყვებიან სომეხი, კოპტი და სირიელი სასულიერო პირები, ტრადიციული პატივისცემის ნიშნად მიეახლებიან და ხელზე ემთხვევიან.

ლიტანიობა საკურთხევლიდან იწყება. მსვლელობას წინ მიუძღვიან მებაირაღეები 12 საეკლესიო ბაირაღით. მათ სტიქაროსნები და მგალობლები მიჰყვებიან. შემდეგ მიდიან იპოდიაკონი, რომელიც საპატრიარქო ჯვარს მიაბრძანებს და სხვა სასულიერო პირები. პროცესიას ბოლოში თავად უნეტარესი პატრიარქი მიჰყვება. მოლიტანიენი ჯერ აღდგომის ტაძარს შემოუვლიან გალობით, შემეგ სამგზის – კუვუკლიას და ჩერდებიან მაცხოვრის საფლავის მცირე ტაძრის შესასვლელის წინ. პატრიარქი განიმოსება – განიძარცვავს სადღესასწაულო შესამოსელს – და კვართითღა რჩება. იღება კარი და იგი სამლოცველოში შედის. უძველესი დროიდან მოყოლებული, პატრიარქს კუვუკლიაში შესვლის წინ გულმოდგინედ ჩხრეკენ, რათა არაფერი შეიტანოს ისეთი, რითაც სანთლის ანთება შეიძლება. მასთან ერთად კუვუკლიაში შესვლა შეუძლია მონოფიზიტ მღვდელმთავარსაც, მაგრამ მას მხოლოს ანგელოზის ეკვდერში დგომის უფლება აქვს.

ცეცხლის გარდამოსვლის სამი პირობა

ისტორიული წყაროები მოწმობს და იერუსალიმის თანამედროვე ცხოვრებაც ადასტურებს, რომ ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლისათვის საჭიროა 3 აუცილებელი პირობა (ასეთია ღვთის საიდუმლო განგება):

● ამ საიდუმლოში უთუოდ უნდა მონაწილეობდნენ არაბი ქრისტიანები თავიანთი „ხმაურიანი“ ლოცვა-ვედრებით. ამჟამად უჩვეულოდ გვეჩვენება ღვთისმსახურების ასეთი ფორმა, მაგრამ ის უახლოვდება უფლის რწმენის მიმართ უძველეს, ყველაზე არქაულ, ბიბლიურ დამოკიდებულებას. სწორედ ასე – ხმამაღალი შეძახილებითა და საყვირებით – ლოცულობდნენ ძველი ებრაელები მტრის ქალაქ იერიქონთან, როცა მისი კედლები ინგრეოდა. ასევე როკავდა და გალობდა მეფსალმუნე დავით წინასწარმეტყველი აღთქმის კიდობნის წინაშე. არაბებმა დღემდე შეინარჩუნეს ძველაღთქმისეული ლოცვა-ღაღადისი.

ბრიტანეთის ბატონობის წლებში ინგლისელმა გუბერნატორმა სცადა, აეკრძალა ეს „ველური“ როკვა, მაგრამ ცეცხლი მანამ არ გადმოვიდა, სანამ იერუსალიმის პატრიარქის ბრძანებით ტაძარში არაბი მართლმადიდებლები არ შევიდნენ და ლოცვა არ აღავლინეს.

● მეორე პირობაა საბაწმინდელი ბერების ლოცვა. მოღვაწე ბერებით სახელგანთქმული უძველესი მონასტრიდან იუდეის უდაბნოს მხოლოდ საბა განწმენდილის ლავრა შემორჩა. საბაწმიდელ ბერებს ტაძარში მოაქვთ ისიქასტური ლოცვის შინაგანი დაძაბულობა, რომელიც ადამიანთა გულებში საიდუმლოდ აღანთებს „გონიერ“ ღვთაებრივ ცეცხლს.

● დაბოლოს, ამ მოვლენის უმთავრესი მონაწილეა პატრიარქი – მსოფლიოში უძველესი იერუსალიმის ეკლესიის მეთაური.

ერთხელ სომეხ მონოფიზიტებს პირველობის პრეტენზია გაუჩნდათ. მათ მოისყიდეს თურქი ჯარისკაცები, კუვუკლიაში ადრე შევიდნენ, კარი გადარაზეს და მართლმადიდებელი პატრიარქი შიგნით არ შეუშვეს. სომხები დიდხანს ელოდნენ სასწაულს, მაგრამ მადლმოსილი ცეცხლი არა და არ გადმოდიოდა. მართლმადიდებელი პატრიარქი მრევლითურთ ცრემლნარევი ლოცვით დაემხო დახშული კარის წინ. და იმ დროს, როდესაც ტაძარში ჩაკეტილი სომხები უფლის ნიშანს ელოდნენ, ანაზდად მოწმენდილ ცაზე დაიქუხა, ტაძრის მარმარილოს სვეტი გაიბზარა, მასზე გაჩენილი ნაპრალიდან ცეცხლი გადმოვიდა და მართლმადიდებელი პატარიარქის სანთლები აანთო.

მონოფიზიტ სომეხთა ლოცვის გაცუდება, ეკლესიის მამათა განმარტებით, უფლისაგან ჭეშმარიტი სარწმუნოების მინიშნებას წარმოადგენს. მას შემდეგ არამართლმადიდებლური კონფესიის ვერც ერთი წარმომადგენელი ვეღარ ბედავს მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად მისვლას, სვეტი კი მართლმადიდებლობის ძლევამოსილების ნიშნად დღესაც გაბზარული დგას.

აღსანიშნავია ისიც, რომ მადლმოსილი ცეცხლი ზეციდან მხოლოდ მართლმადიდებელთა კანდელზე გადმოდის მაშინაც კი, როდესაც გვერდით სხვა კონფესიის (სომხების, კათოლიკების, კოპტების) კანდელები დგას.
მადლმოსილი ცეცხლი

სამლოცველოში შესვლისას პატრიარქი მუხლმოდრეკით მიეახლება მაცხოვრის საფლავს. აი, ამ დროს იწყება ენით აუწერელი, მღელვარე წუთები.

იერუსალიმის ერთ-ერთი პატრიარქი ასე აღგვიწერს ცეცხლის გარდამოსვლას:

„შევედი ანგელოზის ეკვდერში. კარი ჩემს უკან დაიხშო. ქვაბულში ბნელოდა. მკრთალი სინათლე ძლივს აღწევდა წმინდა საფლავის როტონდის ორი ხვრელიდან, ხოლო მაცხოვრის საფლავის ეკვდერში ვეღარც კი ვარჩევდი, რა მეჭირა ხელში – ლოცვანი თუ სხვა რამ. სიბნელეში ძლივს მოჩანდა მოთეთრო საგანი. მაცხოვრის საფლავის მარმარილოს თეთრი ფილა უნდა ყოფილიყო. როდესაც ლოცვანი გადავშალე, გაკვირვებული დავრჩი – გაუჭირვებლად შემეძლო კითხვა… უაღრესი სულიერი მღელვარებით წავიკითხე სამი-ოთხი სტრიქონი და ისევ მაცხოვრის საფლავს შევხედე. ფილა სულ უფრო და უფრო ნათდებოდა. უკვე აშკარად ვხედავდი მის კიდეებს. უცებ დავინახე საუცხოო ფერებად მოელვარე მძივის მარცვლებივით მიმობნეული „მარგალიტები“. ფილა უკვე ძლიერ ნათელს გამოსცემდა.

გაოგნებულმა ბამბით შევაგროვე ეს მარგალიტები, რომლებიც ზეთის წვეთებივით ეკვროდა ერთმანეთს. ბამბიდან რაღაც უცნაური სითბო ვიგრძენი. მივუახლოვე სანთელს. პატრუქი დენთივით აბრიალდა, სანთელი აინთო. მისმა ნათებამ აღდგომის სამი ხატი გამოანათა. აქვე დამყურებდა ღვთისმშობლის სათნო სახე. მაცხოვრის საფლავთან ყველა კანდელი განათდა“.

როდესაც ცეცხლი გადმოდის, ტაძრის მთელ სივრცეს მოცისფრო ელვა ანათებს. ის ხან კუვუკლიას ეფინება, ხან ელვასავით დაეცემა კედელს. ხალხი ერთად ლოცულობს და ევედრება უფალს, მისი მადლის მიღების ღირსი გახადოს.

ვიდრე კუვუკლიიდან თავად პატრიარქი გამოჩნდება, სანთლის დამტარებელი იპოდიაკვნები, რომლებმაც მიიღეს მადლმოსილი ცეცხლი, ანგელოზის ეკვდერის სარკმლიდან სწრაფად მოატარებენ მას მთელ ტაძარში. მადლი გარდამოედინება, ცეცხლის ზღვა აღდგომის ტაძარს და არემარეს ეფინება.

მაცხოვრის საფლავზე გადმოსული ცეცხლი თბილია, საამო. იგი სრულებით არ წვავს – ეს მისი ღვთაებრივი წარმოშობის ნიშანია. დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში ამ ცეცხლს ჩვეულებრივი ცეცხლის თვისებები არ გააჩნია. ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში მორწმუნეები მას თავსა და პირზე იტარებენ.
რა სულიერი მნიშნველობა აქვს მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლას?

ძე ღვთისა ჯერ კიდევ საფლავშია, მისი მოწაფეების გულები მწუხარებითაა სავსე, ჯერ კიდევ არაფერი მეტყველებს მომავალ აღდგომასა და სიხარულზე, უფალი კი უკვე აგზავნის მადლმოსილ ცეცხლს. აგზავნის როგორც ნიშანს უდიდესი მოწყალებისა, როგორც მაცნეს ნეტარი ცხოვრებისა, როგორც მაუწყებელს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მთავარი გამარჯვებისა.

მადლმოსილი ცეცხლი მოწოდებაა სინანულისკენ. ამით უფალი მთელ კაცობიობასა და თითოეულ ადამიანს გადარჩენის კიდევ ერთ შესაძლებლობას ანიჭებს.
* * *

ქართველები ყოველი აღდგომის წინა შაბათს სიხარულით ეგებებოდნენ მაცხოვრის საფლავზე გარდამოსულ ღვთაებრივ ცეცხლს. და არა მარტო ეგებებოდნენ – დიდი ხნის მანძილზე მაცხოვრის საფლავის მეპატრონენი იყვნენ. ეს ფაქტი იმდენად ჩვეულებრივი იყო მათთვის, რომ როდესაც იერუსალიმისკენ მიმავალი გზა გადაეკეტათ, სვეტიცხოვლის სამხრეთის მხარეს შესასვლელის მარჯვნივ ჩადგეს ქვის პატარა სამლოცველო – მაცხოვრის საფლავის კუვუკლიის ასლი. იერუსალიმიდან მცხეთაში ჩამოტანილმა უფლის კვართმა სულიერი ჯაჭვით შეკრა პალესტინა და საქართველო, აღდგომის ტაძარი და სვეტიცხოველი. ამ სიწმინდის გამო იწოდა მცხეთა მეორე იერუსალიმად.

უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს სამღვდელოებას მადლმოსილი ცეცხლი საქართველოში ჩამოაქვს. შარშან იერუსალიმიდან მისი ჩამობრძანება აღდგომის ლიტანიობის დაწყებამდეც კი მოხერხდა. როგორც წესი, აღდგომის ცეცხლი სიონის საკურთხეველში მთელი წლის განმავლობაში ჩაუქრობლად ანთია და ამ მადლის სახლში წაღება ნებისმიერ მორწმუნეს შეუძლია.

†უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო შეგვიწყალენ ჩვენ ცოდვილნი†
Continue reading

Posted in სიახლეები | Tagged | Leave a comment

სარგის თმოგველი (XII საუკუნე)

სარგის თმოგველი, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ქართველი დიდებული, თმოგველების ფეოდალური სახლის ფუძემდებელი, ვარამ ზაქარიას ძე მხარგრძელის ძე. თმოგველი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. გიორგი რუსზე თამარის დაქორწინების შემდეგ ოთხმა მხარგრძელმა, მ. შ. სარგისმა, მოაწყვეს ძლევამოსილი ლაშქრობა თურქთა წინააღმდეგ დვინის მხარეში. თამარ მეფის წინააღმდეგ ფეოდალთა ამბოხების დროს სარგისი, სხვა მხარგრძელებთან ერთად, თამარს ემხრობოდა. ამბოხების ჩაქრობის შემდეგ თამარმა დააჯილდოვა თავისი ერთგული ფეოდალები, კერძოდ, სარგისს უწყალობა იმხანად გარდაცვლილი ამირსპასალარის გამრეკელ თორელის საკარგავი – თმოგვის ციხე (ჯავახეთში), რის შემდეგაც სარგისი იწოდა თმოგველად. თმოგველი მონაწილეობდა შამქორის ბრძოლაში (1195), შალვა ახალციხელთან ერთად მონაპირეობდა (ე. ი. იცავდა საზღვრებს) ჯავახეთში და მასთანავე სარდლობდა ქართველთა ლაშქარს კარის (ახლანდელი ყარსი) ციხის თურქებისაგან გასათავისუფლებლად. ზოგი მეცნიერი მას მწერალ სარგის თმოგველთან აიგივებს.

შემოქმედება:

პროზა:
- “ვისრამიანი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment