Monthly Archives: March 2010

იოანე შავთელი (XII საუკუნე)


იოანე შავთელი, XII-XIII საუკუნეების ქართველი პოეტი, სასულიერო მოღვაწე, როგორც ზედწოდებიდან ჩანს, წარმოშობით სოფ. შავთიდან ყოფილა. მას მიეწერება ძველი ქართული ლიტერატურის კლასიკური ეპოქის ძეგლი “აბდულმესიანი”. “ქართლის ცხოვრების”, ცნობით, იოანე შავთელი იყო “ფილოსოფოსი დარიტორი, ლექსთა გამომთქმელი და მოღუაწებათა შინა განთქმული”. იგი თამარ მეფის თანამედროვე და სანდო პირი ყოფილა. მემატიანეთა ცნობით, თამარს ახლდა ვარძიასა და ოძრეხში, ბასიანის ბრძოლის (1203) დროს, აქვე შეუთხზავს “გალობვანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი”. მასვე მიეწერება სასულიერო ხასიათის სხვა თხზულებებიც. იოანე შავთელი სასულიერო პირი ჩანს, რაზეც მიუთითებს მის თხზულებებში გამოვლენილი ღრმა საღვთისმეტყველო განათლება. ზოგ წყაროში მოხსენებულია “ნეტარად”, “წმინდანად”. “აბდულმესიანში” იგი თავის თავს “მწირსა” და “მსხმებს” უწოდებს.

შემოქმედება:

პოეზია:
- “აბდულმესიანი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , , | Leave a comment

შოთა რუსთაველი (XII საუკუნე)


შოთა რუსთაველი, რუსთველი (*დაახ. 1160/65 – ? ) – მე-12 საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა “ვეფხისტყაოსანი”. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად.

წარმომავლობა
შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.

რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი (“დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი”, “მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი”), ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს რუსთავს და ნიშნავს რუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან თეიმურაზ I (იგი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა შესახებ ამბობს:”ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო”) და XVII-XVIII საუკუნეებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი XIII საუკუნის I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე (გაბაშვილი, ტიმოთე|ტ. გაბაშვილის მიერ 1757-1758 ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ) და ამავე საუკუნეში მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელი “შოთაჲსა მეჭურჭლეთუხუცესისაჲ”, რომელიც იგივე რუსთაველი უნდა იყოს. ფრესკის წარწერის მიხედვით, რუსთაველს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი.

სავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, ვაზირი, თამარ მეფესთან დაახლოებული პირი. როგორც მეჭურჭლეთუხუცესს, მას ევალებოდა ქართულ საკულტო ძეგლებზე, მ. შ. ჯვრის მონასტერზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიმწურს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. არ მართლდება გადმოცემა პოეტის ბერად შედგომაზე: ფრესკაზე გამოხატული ქართველი დიდებული ერისკაცის სამოსელშია გამოწყობილი. თანაც რუსთაველს, როგორც ვაზირს, შეეძლო საქართველოდანვე წარემართა მონასტრის შეკეთება-განახლებისათვის საჭირო საქმიანობა. რუსთაველის ბიოგრაფიულ ცნობების სემცველ სხვა წერილობით წყაროებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ხალხური გადმოცემით, პოეტი მესხი უნდა იყოს. მესხად თვლის მას პოეტი არჩილ II. ვეფხისტყაოსნის გაგრძელებანიც მიგვანიშნებს შოთას მესხურ წარმოშობაზე. შეასძლებელია სახელწოდება რუსთაველი უკავშირდებოდეს მესხეთის რუსთავს, რომელიც მდებარეობს ახალციხე-ასპინძის შარაგზის მახლობლად.

პოეტის დაბადების თარიღად მიიჩნევენ 1160-1165 წლებს. ის ცხოვრობდა საქართველოს მეფის თამარისა და მისი მეუღლის დავით სოსლანის ზეობის პერიოდში, ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის მატერიალური და სულიერი აყვავების პერიოდში.

1960 წელს პალესტინაში გაემგზავრნენ ქართველი მეცნიერები ი. აბაშიძე, გ. წერეთელი, ა. შანიძე, რომელთაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოიძიეს და გადაიღეს სვეტზე გამოსახული შოთა რუსთაველის პორტრეტი. აქ მოპოვებული მასალით დასტურდება, რომ იგი იყო მეჭურჭლეთუხუცესი თამარის კარზე. ლეგენდის თანახმად, პოეტი გარდაიცვალა ჯვრის მონასტერში, თუმცა ეს ვერსია სადავოა.

განათლება
შოთა რუსთაველმა, როგორც ჩანს, ბრწყინვალე განათლება მიიღო ჯერ საქართველოში, იყალთოს აკადემიაში, შემდეგ – ბიზანტიაში; შეისწავლა ბერძნული, არაბული და სპარსული ენები, იცნობდა არა მარტო ქართველ მოაზროვნეთა ნაშრომებს, არამედ ანტიკურ ფილოსოფიას, ემპედოკლეს, ჰერაკლიტეს, პლატონის ნაშრომებს, აღმოსავლურ ლიტერატურას (ფირდოუსი, გურგანი, ნიზამი და სხვა). ყოველივე ეს, აგრეთვე პოეტის განსწავლულობა ასტრონომიაში, ასტროლოგიაში, გეოგრაფიაში, მედიცინაში, ფილოსოფიაში, სამართალში, ისტორიაში, სამხედრო საქმეში და სხვა, ასახულია მის პოემაში.

მემკვიდრეობა
საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში შოთა რუსთაველის სახელს ატარებს (შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია). თბილისის მთავარ გამზირსაც რუსთაველის სახელი ჰქვია. ასევე არსებობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან, და ა.შ.

შემოქმედება:

პოეზია:
- “ვეფხის ტყაოსანი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | 1 Comment

მოსე ხონელი (XII საუკუნე)

სამწუხაროდ მოსე ხონელზე ინფორმაცია არ გაგვაჩნია, თქვენ თუ მიგიწვდებათ მასზე ხელი საიტის ადმინისტრაციის თხოვნა იქნება, რომ დაგვიკავშირდეთ ან აქვე დატოვოთ ეს ინფორმაცია კომენტარის სახით. დიდი მადლობა წინასწარ.

შემოქმედება:

პროზა:
- “ამირანდარეჯნიანი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

მეფე დავით აღმაშენებელი (XII საუკუნე)


დავით IV აღმაშენებელი (დ. 1073, ქუთაისი – გ. 24 იანვარი. 1125), საქართველოს მეფე 1089-1125, გიორგი II-ის ძე, ბაგრატიონთა დინასტიიდან. ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქი, მოახერხა თურქ-სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწების საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული.

უფლისწულობა
დავითი, გიორგი II–სა და ელენეს ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს სატახტო ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა მოკლე აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მამამისი იძულებული შეიქმნა ტახტიდან გადამდგარიყო და 16 წლის ძე გაემეფებინა. ეს ფაქტი დავითის კარგ განათლებაზე და სახელმწიფო საქმეში გათვიცნობიერებულობაზე უნდა მეტყველებდეს.

მეფობა
დავით IV–ს მემკვიდრეობად ერგო თურქ-სელჩუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები, მთებში გახიზნული დამშეული მოსახლეობა, და ხარატასთვის დაუწერელი 10–იანი . გამეფებისთანავე დაიწყო ყმა-მოლაშქრეთა და მსახურეულ აზნაურთაგან მხედართა რაზმების შექმნა. ერთგული რაზმებით მეფე თავს ესხმოდა თურქ-სელჩუკებს, ავიწროვებდა მათ, სდევნიდა და მთაში გახიზნულ მოსახლეობას ბარად ჩამოსვლის პირობებს უქმნიდა.

რეფორმები

სახელისუფლო:

დავით IV ებრძოდა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან ფეოდალებს. 1093 წელს მან გამდგარი ლიპარიტ IV ბაღვაში შეიპყრო. თუმცა მონანიების შემდეგ გაათავისუფლა და ძველი ღირსებებიც დაუტოვა, მაგრამ ხელახალი ღალატის გამო, 1094 წელს კვლავ შეიპყრო და ორი წლის პატიმრობის შემდეგ საქართველოდან გააძევა. 1103 ლიპარტის ძის რატის გარდაცვალების შემდეგ დავით IV-მ გააუქმა კლდეკარის საერისთავო და ბაღვაშთა მამულები სამეფო დომენად გახადა, შემდგომში ნაწილი (არგვეთი) გელათის მონასტერს გადასცა. ამავე წელს დაამარცხა სამეფო კარის მოწინააღმდეგე ფეოდალები ― ძაგან და მოდისტოს აბულეთისძეები.

საეკლესიო:
საერო დიდგვარიანებთან ერთად მეფე ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდეგე საეკლესიო ფეოდალებსაც ებრძოდა. 1103 მეფის თაოსნობით მოიწვიეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც სამეფო ხელისუფლების განმტკიცების ღონისძიებები გაატარა (უღირსი თანამდებობის პირების გადაყენება და მათ ნაცვლად მეფის ერთგულთა არჩევა, სასულიერო თანამდებობის პირთა ხელდასხმის წესის დამტკიცება, გვირგვინის კურთხევის წესის დაკანონება და სხვ.). ეს ღონისძიებანი ჩამოყალიბებულია კრების მიერ მიღებულ დოკუმენთში “ძეგლისწერაჲ რუის-ურბნისის კრებისაჲ”. სახელმწიფოს ძლიერების განმტკიცების საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჭყონდიდლისა და მწიგნობართ-უხუცესის თანამდებობების გაერთიანებას მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის თანამდებობის შექმნას (სავარაუდებელია 1103-04). ამ თანამდებობის პირი ერთსა და იმავე დროს მაღალი სამოქალაქო და საეკლესიო მმართველი იყო.

ეკონომიკური:
დავით IV-მ მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა სამონეტო საქმის მოსაწესრიგებლად. მოჭრა მონეტები როგორც ქართული, ისე არაბული ზედწერილით და რამდენადმე შეცვალა მონეტის ტიპი. რეფორმის შედეგად განმტკიცდა ფულის კურსი. მის დროს დიდი მნიშვნელობა მიენიჭა განსაკუთრებულ სასამართლო დაწესებულებას — სააჯო კარს.

სამხედრო:
ფეოდალური ლაშქრის პრინციპზე აგებული ჯარი შინაგან ერთობას მოკლებული იყო. მტრის საბოლოო დაძლევისათვის საჭირო იყო ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა გარდაქმნა. დავით IV-მ ჩაატარა სამხედრო რეფორმები: ჯარი საგანგებოდ გაწვრთნა და იქ მტკიცე დისციპლინა დაამყარა, გარდაქმნა ბრძოლის ტაქტიკა. ამასთან, 1118-20 ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოიყვანა და საქართველოში (ვარაუდით ქართლში) დაასახლა ყივჩაღთა 40 ათასი ოჯახი. მათგან მეფემ შექმნა მუდმივი ჯარი ― ორმოციათასიანი ლაშქარი, ერთგულ მოლაშქრეთაგან კი შეადგინა ხუთიათასიანი პირადი გვარდია ― “მონა-სპა”.

სამხედრო კომპანია
1099 დავით IV-მ თურქ-სელჩუკებს ხარკი შეუწყვიტა. ქვეყანამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ დროიდან დაიწყო საქართველოს ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა. თურქ-სელჩუკთა ალაგმვის შემდეგ დავით IV შეუდგა ქართული მიწა-წყლის სრული გაერთიანებისათვის ბრძოლას. 1103 აიღო ზედაზენი. 1104 საქართველოს გაერთიანების მომხრე ჰერეთ-კახეთის დიდებულების (ქავთარისა და მისი დისწულების ― არიშიანისა და ბარამის) დახმარებით შემოიერთა ჰერეთი და კახეთი.

მოხარკე ქვეყნების დაკარგვა მძიმე დანაკლისი იყო თურქ-სელჩუკთათვის და სულთნის დიდმოხელემ, განძის ათაბაგმა ლაშქრობა მოაწყო საქართველოს მეფის ჰერეთ-კახეთიდან განსადევნად. 1104 ერწუხთან ბრძოლაში საქართველოს მხედრობამ გაიმარჯვა. განსაკუთრებული ვაჟკაცობა გამოუჩენია ომში დავით IV-ს.
1110 ქართველთა ლაშქარმა სამშვილდე აიღო, 1115 ― რუსთავი, 1117 ― გიში, 1118 ― ლორე. 1121 აგვისტოში დავით IV-ის მეთაურობით ქართველებმა ძლევამოსილი ომი გადაიხადეს მუსლიმანთა კოალიციური ლაშქრის წიააღმდეგ. ბრძოლა დიდგორთან მოხდა. ქართველებმა გაიმარჯვეს დავითის მოხერხებული ტაქტიკის წყალობით. დავითს ამ ომში მოუწია თავისი 55 – ათასიანი ლაშქრით შებმოდა თურქ – სელჩუკთა 300 – ათასიანი არმიას. მეფემ იმისათვის, რათა არ გაქცეულიყვნენ ბრძოლის ველიდან მეომრები. უკან წასასვლელი გზა ჩახერგა. გადაწმყვეტი ბრძოლის წინ მან შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: “ეჰე, მეომარნო ქრისტიანნო. თუ ქვეყნისა და ღვთის რჯულის დასაცავად ვიბრძოლებთ არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა ლაშქარს, არამედ თვით ეშმაკებსაც დავამარცხებთ.მაშ, ვილოცოთ სამშობლოსა და ქრისტესათვის და ფიცი დავდოთ, რომ აქ, ბრძოლის ველზე უფრო დავიხოცებით ვიდრე შერცხვენილნი გავიქცევით. ახლა კი ამ ხეობის შესავალი, რომლითაც აქ შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ, ვინძლო ვისმეს გულში ჩარჩენილი გაქცევის სურვილი ამით ამოიქოლოს. მაშ გაემზადეთ ძმანნო და შვილნო, ქრისტესათვის და სამშობლოსათვის.” ისტორიკოსებმა ამ შეტოქებას მუსლიმ ურიცხვ არმიასა და ქართველთა მცირერიცხოვან ლაშქარს შორის “ბრძოლაი საკვირველი” შეარქვეს.

ამ ომის გამარჯვებით მათ დაიცვეს სამშობლო სრული განადგურებისაგან. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, 1122 წელს დავით IV-მ თბილისი შემოუერთა საქართველოს სამეფოს.

დავით IV-ის ბრძოლებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შირვანისთვისაც. ქართველებისა და შირვანელების ერთობლივი ბრძოლის შედეგად შირვანი გათავისუფლდა სელჩუკი დამპყრობლებისაგან. 1124 დავით IV-მ შირვანი თავის გავლენას დაუმორჩილა. 1123 დავით IV-მ სომხეთის მრავალი ქალაქი აიღო. ამავე წელს სომეხი მოსახლეობის დახმარებით აიღო ანისიც.

აღმშენებლობა
დავით IV დიდად უწყობდა ხელს ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას. მან შეღავათიანი პირობები შეუქმნა ვაჭრებს, ააგო ხიდები, გზები, ააშენა ფუნდუკები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ვაჭრებს უფასოდ შეეძლოთ ღამისთევა. ამის შედეგად XII საუკუნის I მეოთხედში საქართველოში საქალაქო ცხოვრება განსაკუთრებით დაწინაურდა.

დავით IV-ის სახელთანაა დაკავშირებული გელათის ტაძრის მშენებლობა (დაუწყიათ 1106). მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა ― გელათის აკადემია. დავით IV-ის განკარგულებით ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიომღვიმეში.
დავით IV-ის კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობის შესახებ ქართველი ისტორიკოსების გარდა მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან სომეხი მემატიანეები და მაჰმადიანი მწერლები. ისინი გვამცნობენ, რომ მეფეს ბიზანტიაში გაუგზავნია ახალგაზრდები ცოდნის მისაღებად; ცალკე სახლი აუგია მაჰმადიან მეცნიერთა, ფილოსოფოსთა და პოეტთათვის და თურმე ნივთიერადაც ეხმარებოდა მათ, ხანგამოშვებით კი საზეიმო დარბაზობასაც უმართავდა.

დავით IV-მ თავისი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაშიც. მას ეკუთვნის ორიგინალური პოეტური ნაწარმოები “გალობანი სინანულისანი”, რომელიც შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებაა. იგი ეძღვნება სასულიერო ლირიკაში ღრმად დამუშავებულ (ეფრემ ასურის, იოსებ და თეოდორე სტუდიტეების, ანდრია კრეტელის, იოანე დამასკელის და სხვათა საგალობლები) სინანულის მოტივს. საგალობელში გადმოცემულია ზოგადსაკაცობრიო სევდა. დავით IV თავს ადარებს უმძიმესი ცოდვის ჩამდენთ და გამოთქვამს აზრს, რომ არ არსებობს დანაშაული, რომელიც მის სულს არ ამძიმებდეს. თავის ასეთ დამდაბლებაში ვლინდება ზნესრული ადამიანის მაღალი ეთიკური მრწამსი. დავით IV-ის საგალობელში შეცოდებათა შეგნებით უკვე დაძლეულია ცოდვა და ადამიანის დაცემით გამოწვეულ სევდას ახლავს ნათელი ტონები ადამიანის სრულქმნის ღრმა რწმენისა. “გალობანი სინანულისანი” ქართული ლირიკის შედევრთა რიგში შეიძლება დავაყენოთ, რადგან მასში ავტორის ინდივიდუალური განცდა ამაღლებულია ზოგადსაკაცობრიო ტკივილამდე და მეფის ღაღადი თავის ცოდვილ ბუნებაზე საზ. რეზონანს იძენს.

დავით IV-ის ეპოქა იყო მწვავე კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლების ხანა. ქვეყნის სიძლიერისა და ცენტრალიზაციის შენარჩუნებას მეფე შინაკლასობრივი მტრების (ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვარიანები) დათრგუნვისა და მოსახლეობის ექსპლუატაციის ხარჯზე ახერხებდა. მთელი მისი მოღვაწეობა ემსახურებოდა ფეოდალური საქართველოს გაძლიერება-ცენტრალიზაციას.

ტიტულატურა

„ქრისტე, ადიდე დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“

დავითამდე ქართველ მეფეებს ჰქონდათ როგორც უცხოური (უმეტესად ბიზანტიური), ისე ქართული ტიტულები. ბიზანტიური ტიტულებიდან ქართველი მეფეები ატარებდნენ პატრიკიოზის, მაგისტროსობის, ნოველისიმოსის, სევასტოსისა და კურაპალატის ტიტულებს, რომელთაგან უმაღლესი კურაპალატობა იყო. თვით ბიზანტიაში სულ 18 ტიტული არსებობდა და ყველაზე საპატიო ტიტულს მეთვრამეტე – კეისარობა წარმოადგენდა, კურაპალატობა მეთექვსმეტე ტიტული იყო, ანუ მნიშვნელობით მესამე ადგილზე იდგა.

ქართველებიდან ბიზანტიამ ეს ტიტული პირველად ქართლის ერისმთავარს გუარამს მიანიჭა. დავით აღმაშენებელმა ერთიან საქართველოს მეფეთაგან პირველმა უარყო ბიზანტიური საკარისკაცო ტიტულები, როგორც ნიშანი ბიზანტიის ხელმწიფესთან თანასწორობისა.

ქართული ტიტულატურა (ტიტულების ჯგუფი), ჩამოყალიბებას ბაგრატ III–ის დროს იწყებს და დავითის შემდეგაც გრძელდება. ბაგრატმა აფხაზეთისა და ტაო-კლარჯეთის სამეფოები გაეერთიანა და შედეგად მიიღო ტიტული – „მეფე აფხაზთა და ქართველთა“[1].
რანისა (არანი) და კახეთის შემოერთების შემდეგ, ქართველ მეფეთა ტიტულიც იზრდება და დავითი იწოდება: „მეფე აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა“. მოგვიანებით ამას ემატება წოდება „მეფე სომეხთა“. მას მერე რაც დავითმა ლორე-ტაშირის სამეფო გაათავისუფლა და სომხეთის მეფეები დაიმორჩილა, ქართველ მეფეთა სრული ტიტული გახდა: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“[3]

ლორე-ტაშირის გარდა შარვანიცა და ანისიც დავით აღმაშენებელმა სიცოცხლის ბოლო წლებში შემოიერთა და მისი მემკვიდრეების ტიტულატურაში აისახა კიდეც ეს მოვლენა[2]. კერძოდ, მათი ტიტულატურა ასეთი იყო: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა და შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“.

გენეალოგია
ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას სათავე დაუდო აშოტ I-მა 809 წელს, შექმნა რა ტაო-კლარჯეთის სამეფო. 978 წელს ბაგრატ III სამი ქართული სამეფოს გაერთიანებით ქმნის გაერთიანებული ქართული სამეფოს.

ერთიანი საქართველოს სამეფო გენეალოგია დავითამდე, ასეთია:
ბაგრატ III (978-1014)
მართა(?);
გიორგი I (1014-1027)
მარიამ არწრუნი (?), ვასპურაკანის მეფის სენაქერიმ II-ის ასული;
ბაგრატ IV (1027-1072)
ელენე არგიროსი (?), ბიზანტიის იმპერატორ რომანოზ III–ის ასული (მალევე გარდაიცვალა).
ბორენა (?), ოსთა მეფის ასული ;
გიორგი II (1072-1089)
ელენე (?);
დავით IV

სამეფო ოჯახი
დავით IV სხვადასხვა დროს ორჯერ იყო დაქორწინებული:
რუსუდანი (?), სომხეთის მეფის ასული. მოგვიანებით ის მონაზვნად აღკვეცეს. შვილები:
დემეტრე I;
გურანდუხტი (?), ყივჩაყთა მთავრის ათრაქას ასული. შვილები:
ვახტანგი (ცუატა), თამარი, კატაჲ (ირინე), თამარ მრწემი[3].

უფროსი თამარი ცოლად ჰყავდა შირვანის შაჰს, მანუჩარ II-ს, კატაჲ (შემდგომში ირინე) – ბიზანტიის კეისარ იოანე კომნენოსის უმცროს ძმას, ალექსის, ხოლო თამარ მრწემი – ოსეთის მეფეს (იქორწინა დემეტრე I-ის დროს).

შემოქმედება:

პროზა:
- “გალობანი სინანულისანი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

აბო თბილელი (VIII საუკუნე)


აბო თბილელი (დ. დაახლ. 757 – გ. 6 იანვარი, 786), ქრისტიანობისათვის წამებული არაბი, ნერსე ქართლის ერისმთავრის მსახური, ნელსაცხებელთა ოსტატი. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 8 იანვარი, ახალი სტილით – 21 იანვარი.

ბიოგრაფია:

წმინდანი ბაღდადიდან ქართლში ჩამოჰყვა ნერსეს. აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით; იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. შემდეგ ქართლიდან დევნილ ერისთავს თან გაჰყვა ხაზარეთში, სადაც ქრისტიანობა მიიღო.

აბო თან გაჰყვა არაბთა რისხვას განრიდებულ ერისმთავარს აფხაზეთში. იგი მადლობდა ღმერთს, რომ იხილა ადგილი, სადაც ყველა ქრისტიანი იყო და ერთი პირითა და ერთი გულით ადიდებდა შემოქმედს. შემდგომმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ნერსეს საშუალება მისცა ისევ ქართლს დაბრუნებოდა. აფხაზთა მეფემ სთხოვა აბოს დარჩენილიყო აფხაზეთში: «-„მეშინის მე შენთჳს, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტჱსისა ნებსით, გინა უნებლიეთ და ესოდენი შრომაჲ შენი წარწყმიდო”, – უთხრა მან აბოს.
-„განმიტევე მე, რაჲთა ეუწყოს განცხადებულად ქრისტიანობაჲ ჩემი ქრისტეს მოძულეთა მათ”. – უპასუხა ნეტარმა.»

სამი წელი მოღვაწეობდა აბო თბილისში და ქადაგებდა ქრისტიანობას. ძველმა თანამემამულეებმა დაასმინეს იგი, შეიპყრეს და სატუსაღოში ჩააგდეს, მაგრამ სტეფანოზ ერისთავის თხოვნით მალე გაანთავისუფლეს. სულ მალე თბილისში ახალი ამირა დასვეს. ქრისტიანებმა გაიგეს, რომ ამირა შეპყრობას უპირებდა ნეტარ აბოს, გააფრთხილეს და ურჩიეს დამალულიყო, მან კი გახარებულმა ასე უპასუხა: «„მე არა ხოლო ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტესთვის, არამედ სიკუდიდცა.”»

ამირას მსახურებმა შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულს წარუდგინეს. არაბებმა მოსთხოვეს მაჰმადიანობას დაჰბრუნებოდა. აბომ უარი განაცხადა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით აბოს ხელ-ფეხზე ბორკილი დაადეს და საპყრობილეში ჩასვეს შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. მიჩნეული იყო ქ. თბილისის მფარველად. აბო თბილელის მოწამეობა აღწერა VIII საუკუნის მწერალმა იოანე საბანის ძემ. Continue reading

Posted in სხვა | Tagged , , | 1 Comment

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება


„შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანცთისა და შატბერდის აღმაშენებლისაჲ, და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ“ (შემ: „ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა“) არის ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები, დაწერილი გიორგი მერჩულის მიერ 951 წელს, გრიგოლ ხანძთელის გარდაცვალებიდან 90 წლის შემდგომ. აღწერილი ამბები VIII-IX საუკუნეთა ტაო-კლარჯეთში ხდებოდა.
გიორგი მერჩულე X საუკუნის მოღვაწეა. თავისი ნაწარმოები ”ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა” მას დაწერილი უნდა ჰქონდეს X საუკუნის მეორე ნახევარში. მასში აღწერილია VIII-IX საუკუნეების ვითარება საქართველოს იმ ნაწილში, რომელსაც ტაო-კლარჯეთი ეწოდებოდა.

გიორგი მერჩულე, ხსენებული ნაწარმოების მიხედვით, ფრიად განათლებული პიროვნება ჩანს. ”მერჩულე”, როგორც ეს პავლე ინგოროყვამ დაამტკიცა, ავტორის პროფესიის აღმნიშვნელი სახელწოდებაა და ნიშნავს საეკლესიო სამართლის სპეციალისტს, სჯულის მოძღვარს.

ოპიზართა სიგელის მიხედვით, რთული სასამართლო საქმეების გარჩევის დროს, სასამართლოში იწვევდნენ საერო სამართლის მცოდნეებს, იურისტებს. ეს იურისტები, როგორც ირკვევა, დიდ როლს ასრულებდნენ სამართლის წარმოებაში და თავისი ფუნქციებით რომის იურისტებს ემსგავსებოდნენ. აღსანიშნავია, რომ მერჩულე კანონიკური სამართლის სპეციალისტი, დიდი სწავლული ყოფილა.

ავტორი არათუ გადმოგვცემს რეალურ ვითარებას საეკლესიო და საერო ხელისუფალთა ურთიერთობის შესახებ, არამედ ამჟღავნებს კიდეც სიმპათიას მის მიერ აღწერილი მოვლენებისადნი. ნაწარმოების მიხედვით, სახელმწიფოში წამყვანი უნდა იყოს ეკლესია, რომლის საქმეებში საერო ხელოისუფლება არ უნდა ჩაერიოს, ეკლესიის მსახურნი კი უფლებამოსილნი არიან მონაწილეობა მიიღონ საერო საქმეებში.

ნაწარმოების მიხედვით, ეკლესიის მსახური და საერთოდ ეკლესია არ უნდა ექვემდებარებოდეს საერო ხელისუფლებას: «დიდებულო მეფეო, შენ ქუეყანისა ხელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე ზეცისა და ქუეყანისა და ქუესკნელისაი, შენ ნათესავთა ამათ მეფე ხარ, ხოლო ქრისტეი ყოველთა დაბადებულთაი, შენ წარმავალსა ამა ჟამსა მეფე ხარ, ხოლო ქრისტეი საუკუნო მეფე… (საბა იშხნელი)»
«ხოლო სარწმუნონი და ჭეშმარიტნი მონაზონნი ქუეყანასა ზედა არავისსა ხელმწიფებასა ქუეშე არიან (გრიგოლ ხანძთელი)»

მაგრამ თვით ეკლესიის შიგნით უფროსისადმი ბრმა მოირჩილება სასურველია. ნაწარმოების მიხედვით, ეკლესია-მონასტრების შინაგან მმართველობაში მტკიცედ განსაზღვრული იერარქიული დაქვემდებარება არსებობდა და ამ გარემოებას ავტორი საგანგებოდ უსვამს ხაზს (მამასახლის ეპიფანეს ამბავი).

გრიგოლ ხანძთელის აზრით, მეფე უნდა იყოს ეკლესიის და ქრისტიანობის დამცველი, სამხედრო საქმის მცოდნე, კარგი მეომარი. ეკლესიის მსახურთ კი ევალებათ მხარში ამოუდგნენ ძლიერსა და ქრისტიანობისთვის მებრძოლ მეფეს.

ნაწარმოებში ისეთი იდეაა გატარებული, რომ მეფეები, მთავრები დიდ დახმარებას უწევდნენ ეკლესია-მონასტრებს. სამაგიეროდ, თავის მხრივ, ეკლესია-მონასტრების წარმომადგენლებიც ადიდებენ მათ. გიორგი მერჩულეს გადმოცემით, გრიგოლი ადიდებს აშოტ კურაპალატს, როგორც პოლიტიკური ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელს. გრიგოლის სიტყვებით, მეფის ხელისუფლება ღვთისგანაა გაჩენილი, ამასთან, აშოტ კურაპალატის ხელისუფლების სიმტკიცეს გრიგოლ ხანძთელი აშოტის ბიბლიური წარმოშობითაც ასაბუთებს: აშოტის გვარი დავით წინასწარმეტყველიდან მომდინარეობს, მაშასადამე, ეკლესია მთელი თავისი არსებით მხარს უჭერს საერო ხელისუფლებას.

გიორგი მერჩულეს აზრით ეკლესიას თავისი მმართველობა აქვს, სახელმწიფოს – თავისი. შინაურ საქმეებში ჩაურევლობა უნდა იყოს მათი თანაარსებობის საფუძველი, მაგრამ ამ თანაარსებობაში ზოგიერთ გამონაკლისს მაინც უშვებს ეკლესიის სასარგებლოდ. მაგალთად, გრიგოლ ხანძთელი ჩაერია კურაპალატის საოჯახო საქმეებში, ამხილა ხელმწიფე, რომელსაც ”სიძვის დიაცი” ჰყავდა.

საოჯახო საქმეებში, ქორწინების საკითხებში ეკლესია ფეოდალიზმის დროს გულმოდგინედ ერეოდა. ვახტანგის სამართლის წიგნის მიხედვით, საოჯახო საკითხებზე კათალიკოსსაც მიუწვდებოდა ხელი. გიორგი მერჩულეს აზრით, საერო ხელისუფლება მარცხდება ეკლესიის წარმომადგენლებთან შეჯახების დროს. ეკლესიის წარმომადგენელთა მოქმედება მუდამ გამართლებულია, მისაბაძი.

გიორგი მერჩულეს შეხედულებით, სასტიკად უნდა იქნეს დაცული ქორწინება, თუნდაც ის არ იყოს სიყვარულზე დამყარებული. შეუღლება სოცილურად ერთ საფეხურზე მდგომ პირთა შორის არის დასაშვები, ამასთან შეუღლება უნდა ხდებოდეს მშობლებისა და ახლობლების თანხმობით (ზენონის დის ამბავი).

თხზულებაში საყურადღებოა გიორგი მერჩულეს შეხედულება დანაშაულის შესახებ. მისი აზრით, დანაშაული მძიმდება, როცა საქმე გვაქვს მოსყიდვით მკვლელობასთან, ე.ი. როცა სასყიდლით დაქირავებული მკვლელი ჩადის დანაშაულს, მკვლელი კი ”უბრალოა”. ძეგლის მიხედვით, თუ დაზარალებულს, ან მოკლულს რაიმე ბრალი მიუძღვის, ე.ი. რაიმე დანაშაული ჩაუდენია, ეს გარემოება უმსუბუქებს მის მკვლელს დანაშაულს. Continue reading

Posted in სხვა | Tagged , | Leave a comment

იოანე ზოსიმე (X საუკუნე)

იოანე-ზოსიმე, X საუკუნის ქართველი სასულიერო მწერალი, ჰიმნოგრაფი, მთარგმნელი. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც სინის მთის ქართული ხელნაწერების ანდერძ-მინაწერებიდან ჩანს, მოღვაწეობდა პალესტინაში, ჯერ საბაწმინდის ლავრაში, ხოლო X საუკუნის 70-იანი წლებიდან – სინის მთაზე.

იოანე-ზოსიმეს ეკუთვნის ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომი “საგალობელნი იადგარნი” (Sin-34), რომელიც სხვადასხვა ლიტურგიკული ძეგლიდან გამოკრებილ თხზულებათა კრებულია. ორიგინალური თხზულებათაგან აღსანიშნავია ცხოველი პატრიოტიზმით გამსჭვალული საგალობლები “ქებაჲ ქართულისა ენისაჲ” და “ქართულისა ენისათჳს” (გამოაქვეყნა პავლე ინგოროყვამ 1924, ჟურნალი “კავკასიონი”, №1-2).

იოანე-ზოსიმეს წვლილი მიუძღვის ხელნაწერთა დამზადება-გამრავლებაშიც. იგი ცნობილია როგორც ხელნაწერთა “განმაცხოველებელი”, “შემმოსელი”, “მომგებელი” და “ტექსტის “მჩხრეკალი”.

შემოქმედება:

პოეზია:
- “გუნდნი იგი ზეცისანი”
- “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , | Leave a comment

იაკობ ცურტაველი (V საუკუნე)


იაკობ ცურტაველი (ხუცესი), V საუკუნის II ნახევრის ქართველი მწერალი, ჰაგიოგრაფი. ავტორია “შუშანიკის მარტვილობისა” (“წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ”), ჩვენამდე მოღწეული უძველესი ქართული ორიგინალური ძეგლისა, რომელშიც სღწერილია, თუ როგორ უღალატა ქართლის პიტიახშმა ვარსქენმა ქვეყანას, დაგმო თავისი სარწმუნოება, სპარსელთა გულის მოსაგებად მიიღო მაზდეანობა და ქრისტიანობის ერთგულებისათვის აწამა მეუღლე.

იაკობ ცურტაველის შესახებ ცნობები შემოინახა მისმავე ნაწარმოებმა, საიდანაც ჩანს, რომ ის ყოფილა ვარსქენ პიტიახშის კარის მღვდელი, შუშანიკთან დაახლოებული პირი, ქართლის პიტიახშის კარზე, დაბა ცურტავში, მომხდარი ტრაგედიის თანამედროვე და მონაწილე. თხზულება დაწერილია 476-483, შუშანიკის მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის მიერ ვარსქენის სიკვდილით დასჯამდე. ფიქრობენ, რომ უფრო გვიან იაკობ ცურტაველი გარდა ცურტავის ეპისკოპოსი და 506 დაესწრო საეკლესიო შეკრებას (ამ კრების მონაწილეთა შორის მოიხსენიება ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი). მისი ნაწარმოები მოღწეულია შეცვლილი სახით (უნდა აკლდეს დასაწყისი, ზოგი დეტალი გამოტოვებულია და ა.შ.). უძველესი ხელნაწერი X საუკუნისაა. “შუშანიკის მარტვილობით” იწყება ქართული ლიტერატურის ისტორია და მას განუზომელი მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურისათვის.

იაკობ ცურტაველი მხატვრული სიტყვის შესანიშნავი ოსტატია. ბუნებრივი თხრობა და მოქმედების ექსპრესიული განვითარება, პერსონაჟთა სულიერი ცხოვრების ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზი, მხატვრული დეტალების ოსტატური დამუშავება, ცხოვრებისეული მოსველების შეუფარავად ასახვა და მძაფრი სიტუაციების რელიეფურად წარმოჩენა, ლაკონიური სტილი და მდიდარი ლექსიკა, გმირთა მეტყველების ინდივიდუალობა და დრამატული ინტონაციებით დატვირთული დიალოგები, მაღალი ესთეტიკური-ლიტერატურული გემოვნებითა და შემოქმედებითი ფანტაზიით შექმნილი შთამბეჭდავი სახეები თვალსაჩინოს ხდის იაკობ ცურტაველის ტალანტს, ხოლო მის ნაწარმოებს პირველხარისხოვან ქართული ლიტერატურის ძეგლთა გვერდით მიუჩენს ადგილს. ნაწარმოების იდეური მიზანდასახულობითა და ჟანრობრივი სპეციფიკით გამოწვეული შეზღუდულობის მიუხედავად, იაკობ ცურტაველმა ჰარიოგრაგიული ტრაფარეტის ნაცვლად შექმნა მაღალმხატვრული ნაწარმოები. მწერალმა შთამომავლობას მისაბაძ მაგალითად დაუსახა თავისი გმირის სულიერი მხნეობა, შუშანიკი დაგვიხატა მტკიცე პიროვნებად, ქრისტიანობისა და ქართლის ეროვნული ინტერესების დამცველ ქალად, რომელიც წინ აღუდგა სამშობლოს მოღალატე მეუღლის პოლიტიკურ-სარწმუნოებრივ ზრახვებს და ამით დაიცვა არა მხოლოდ ქალური ღირსება, არამედ სარწმუნოება და ქართლის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ნაწარმოებში მხილებულია ირანელთა აგრესიული გეგმები და ქართლის ზოგიერთი დიდებულის ანტიეროვნული საქციელი. შუშანიკის მოწამებრივი ღვაწლის აღწერასთან ერთად ნაწარმოებში მოცემულია V საუკუნის ქართლის ყოფა-ცხოვრების უტყუარი სურათები, ასახულია ქვეყნის პოლიტიკური-ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, საეკლესიო ორგანიზაცია, ზნე-ჩვეულებები, კულტურული ვითარება. ამიტომ იგი შესანიშნავი ისტორიული წყაროც არის. ნაწარმოების მაღალმხატვრული დონე და იდეურ-შინაარსობრივი სიღრმე საფიქრებელს ხდის, რომ იგი არ უნდა ყოფილიყო იაკობ ცურტაველის შემოქმედების ერთადერთი ნაყოფი. ეს მით უფრო სავარაუდებელია, რომ ავტორს წინასწარ განუზრახავს შუშანიკის ღვაწლის აღწერა. “შუშანიკის მარტვილობა” ადრევე ითარგმნა სომხურ ენაზე, ამ თარგმანის გადამუშავების საფუძველზე შეიქმნა სომხური მოკლე რედაქცია. არსებობს “შუშანიკის მარტვილობის” მოკლე ქართული რედაქციაც, რომელიც სომხური მოკლე ეწდაქციიდანაა თარგმნილი არა უგვიანეს 940-ისა.

ძეგლი პირველად გამოსცა მ. საბინინმა (1882), ლათინურად თარგმნა პ. პეეტერსმა (1935), რუსულად – კ. კეკელიძემ (1956), ვ. დონდუამ (გამოქვეყნდა 1978), ფრანგულად – ს. წულაძემ, ინგლისურად – ე. ფულერმა, გერმანულად – ნ. ამაშუკელმა, ესპანურად – მ. იშტვანოვიჩმა. ინგლისური პარაფრაზი ეკუთვნის დ. ლანგს (1956). 1978 ქართულმა საზოგადოებრიობამ ფართოდ აღნიშნა “შუშანიკის წამების” 1500 წლისთავი. იუნესკოს გადაწყვეტილებით 1979-1983 აღინიშნა “შუშანიკის წამების” 1500 წლისთავი მსოფლიო მასშტაბით.

შემოქმედება:

პროზა:
- “წამებაი წმიდისაი შუშანიკისი, დედოფლისაი” Continue reading

Posted in მწერლები | Tagged , , | Leave a comment

ქართული ლიტერატურა – Georgian Literature: მშვიდობა ყველას


მოგესალმებით ყველას როგორც ხედავთ საიტი დაბრუნდა ახალი შემართებით. საიტი ქართულ ლიტერატურას ეძღვნება და აქ იხილავთ ყველაფერს ქართული ლიტერატურის შესახებ და არა მარტო… ხშირად გვეწვიეთ ხოლმე და დაგვიმეგობრდით :) )) საიტის თხოვნა იქნება რომ თუ რაიმე მასალა ხელთ გაქვთ და არ გეზარებათ დარეგისტრირდით და თვენც დაამატეთ სიახლეები ასე უფრო გავიზრდებით და სრულფასოვნები გავხდებით. თუ რამე შეკითხვა გექნებათ დაწერეთ კომენტაებში Continue reading

Posted in სიახლეები | Tagged | Leave a comment