Category Archives: სიბრძნის კიდობანი

აფორიზმები ვეფხისტყაოსნიდან – ანბანის მიხედვით


აფორიზმების სანახავად შედით სრულ სიახლეში…

ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.

არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა.

არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან!

არ შეუდრკების ვაჟკაცი კარგი მახვილთა კვეთასა.

ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია.

ბინდის გვარია სოფელი, ესე თუნდ ამად ბინდდების,
კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების!

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

განგებასა ვერვინ შეცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების.

გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის.

დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.

დგომა მგზავრისა ცთომაა.

ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა.
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.

ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,
დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა,
შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა,
კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.

ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.

ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!

ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!

ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.

ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.

თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.

თქმულა: „სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!“

თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა.

თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.

იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია!

კარგი რამ მჭირდეს, გიკვიდრეს, კარგი რა საკვირველია!

კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.

კაცსა ღმერთი არ გასწირავს სოფლისაგან განაწირსა!

კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა.

ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.

მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.

მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია,
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.

მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები!

მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია.

მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!

მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად.

მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.

მაგრა თქმულა: „კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების“.

მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქმს სიყვარულსა“.

ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!

ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.

ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად.

რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია!

რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა.

რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.

რაცა საქმე უსამართლო, ღმერთმან ვისმცა შეარჩინა?

რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?

რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა.

სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა გონიერსა,
რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა!

სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერე სულსა.

სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად.

სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.

სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა.

სხვა სხვისა ომსა ბრძენია.

უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.

უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან.

ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.

ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს.

ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია.

ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა.
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.

ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესადა.

ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გულის მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად.

ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული. Continue reading

Posted in სიბრძნის კიდობანი | Tagged | Leave a comment

აფორიზმები, შეგონებანი, შაირები


პოსტის სანახავად შებრძანდით სრულ სიახლეში…

* * *
ვაჟკაცსა გული რკინისა, აბჯარი თუნდა ხისაო,
თვალი ქორულებ მჭვრეტელი, ხელ-მუხლი შავარდნისაო,
ხარი, კამბეჩი თავისი, ცოლი რად გინდა სხვისაო.

* * *

ესე არ იცი: ჯაბან კაცს გულს უკლავს სხვის მამაცობა,
თვით კარგ კაცობა არ ძალუძს, სხვისა შურს კაი კაცობა.

ვაი რა დიდი ბრალია, შავარდენ ახყავს ძერასა!
გაუფრინდება, წაუვა, შორით დაუწყებს ცქერასა.
* * *

“ადექით აიშალენით, საომრათ შაემზადენით,

ერთი მე მოვალ საბრალო, ცხრანი თქვენ მოხვალთ გმირები!”
_“ნეტავი შენსა დედასა, შენ გაუზდიხარ შვილათა,
ერთი შენ მოხვალ საბრალო, ცხრანი ჩვენ მოვალთ გმირები,_
წახვალ, ამამს დაიკვეხებ: შუამთა ჰყრია ვირები!”
* * *

ალაზნის პირსა ჰკიდია ვაჟის ჯურხაის ფარიო,
მოუვლის ომის წადილი, ხანდიხან შესძრავს ქარიო.
* * *

არ ვარგა კაცი უმტერო, არც ძლიერ მტერ მორეული,
თოფი უჯობს ჩახმახითა სიათა გვარშერეული,
რომელიც ხურობს მაჟარსა, არის გონგამოლეული.
* * *

არ გათეთრდები, ყორანო, რაც უნდა გხეხონ ქვიშითა.

მტერნი არ შაგვიბრალებენ ტირილითა და ვიშითა,
ხმალთ კი არ შევეპოვები, შუბნი გამხეთქენ შიშითა.
* * *

ტირილითა და გლოვნითა მტერნი არ შეგვიბრალებენ,
მოვლენ, დაგვწვენ და დაგვდაგვენ, მზე იყოს, _ დაგვიბლენებენ

ჩვენ ბევრის ხმალი გვექდნის, ზევით მთის, ქვევით ბარისა,
ვერავინ ვერას დაგვაკლებს, ხორცი ძანძღია ვაჟისა!
* * *

ამირან, ბასრი ბუსრი ხარ, ორბი ხარ დაბრუნებული,
მტერთანა დათვის შუბლი ხარ, სტუმართან გაცინებული.
* * *

აღას შესულმა ფრიდონმა მუხა მოგლიჯა ძირითა,
გასხიპა, მხარეზე გაიდო ვაჟმა მამაცათ ქებულმა.
* * *

ვაჟკაცს რას გამოადგება სოფელს შვენება თავისა,
ხმალს უნდა აჭრევინებდეს, იმედი ჰქონდეს მკლავისა.
* * *

ხმალს რა უშლის სიმოკლე, ფეხ წადგი, წაემატება,
არც ვაჯი კაცსა სიდაბლე, თუ თავი გაემეტება.
* * *

ვინც რომ კაცია_ჩოხა ჯაჭვია,
ქუდი ნაბდისა,_ჩაბალახია.
* * *

კარგი ყმა მაშინ კარგია, ხმალი რომ შეიქს ელვასა,
მოციქულობდეს ისარი, შუბი აგდებდეს ენასა.
* * *
კაცი მტერთ გადმოგდებული, გეზელქორულბ ჰკიოდა,
ჩვენ მონადირე გვეგონა, თურმე მას გული სტკიოდა,
თავს ჰქონდა ხმალი ნაკრავი, გულს სისხლი ჩამოსდიოდა,
ათი მოეკლა გზადაგზა, უომრობასა ჩიოდა.
* * *
მგელი არ მოშლის მგლობასა, ლაღი ყმა მამაცობასა,
არც მოშლის ბერი არწივი, წვერის ძირს ნადირობასა.
* * *
მუშა უნდა მუშაობდეს, მეომარი ხმალს იღებდეს,
მტერზე იყოს გალესილი, მაშინ არაფერს ითმენდეს,
მამულის გულისათვინა თუნდ მოკვდეს, არცა იქვშვრედეს;
დღე არ ქონდეს მოსათმენი, რაკი მიდგება ძალზედა,
კაცი მოკვდება ცოლზედა, მამულზედ საკუთარზედა.
* * *

როსტომ თქვა: «მიწა გრილია, სიტყვას არ უნდა რბილობა,

შიში არ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა,

რაც ომში კაცი დეესწროს, გარჯა უნდა და ცდილობა,

ათასად გვარი დაფასდა, ორი ათასათ ზრდილობა,

თუ კაცი თვითონ არ არი, ცუდია გვარიშვილობა.

ცრუ კაცი წყალმა წაიღოს,_აქოს, ადიდოს,_გაქვიშოს,
უბრალოდ ლაყბას დაიწყებს, გუშინწინდელი არ იყოს».

სოფელს ტირიან ქალები: «სოფელს კაი ყმა კვდებაო,
ღმერთო, ნუ მოჰკლავ კაის ყმას, სოფლობა წაგვიხდებაო,
აფროსთანა ან მტერთანა წინვიღა წაგვიძღვებაო».
* * *

მშვიდს დროს გარჩეული საქმე სიჩქარიღ ვერ გასწორდება,

და კაცს თუ კაცობა ეთქმის, არც წარსულს დაავიწყდება.

ბევრჯერ ნათქვამს ერთ გადათქმა გზას ვერ უპოვნის სწორესა
და ვისაც რჩევა უნდოდეს, აასრულოს იმან ესა.
* * *

წინანდალს ვაზი ამშვენებს, ახმეტას ვაშლი წითელი,

ვაჟკაცსა ფარი და ხმალი, მოიმწითუროს კისერი.
შენ ბიჭო აზანბურელო, ხმა შენი ჩამოდიოდა,

შენი დაჭრილი ლეკები არაგვში ჩამოდიოდა.
* * *

ცოტა მოხნული სჯობია ბევრსა და ხარვეზიანსა,

ცოლი სჯობია ფერმკრთალი ლამაზს და სხვებთან ზიარსა,
ყველა ხელს იმას გადასდებს, იმ ოხერსა და ტიალსა.
* * *

სნეული და თერობა, ლამაზ ქალს უნდა ფერობა.

მაღლა მთაშია ყინული აპირობს ჩამოდნობასა,
გოგოების გათხოება უყურებს შემოდგომასა.
* * *

ქალი მყავდა მშვენიერი, ტურფა იყო კავოსანი.

გავათხოვე, გავატანე ჩემი ვეფხისტყაოსანი.

მან იკითხა, არ უსმინეს, ისინია სვანოსანი,

ისევე მე წამოვიღე, ჩემი ვეფხისტყაოსანი.
* * *

სამნი ძმანი გავცვინდითო, სხვა სოფელი ვარჩივნეთო,
ვიკვნესეთ და ვივაგლახეთ, ჩვენი სახლი ვარჩივნეთო.
* * *

ლაშქარს წასვლა მას უხარის, ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო,

დაბრუნება და შინ მოსვლა, ვისაც კარგი ცოლი ჰყავსო.
* * *

ნეტავი ძმათა მრავალთა, შინ ვერვინ შაუხდებაო,

ვერვინ აგინებს ცოლ-დედას, ვერც ვინ ცხენ შაუჯდებაო!
* * *

ძმაო, რაი სჯობს ძმობასა, ერთმანეთისა ყმობასა!

ძმა მაშინ მოგაგონდება, ორნი რო გცემდნენ მარტოსა.
* * *

ობოლს სწყევლიან ყორნები: ნუმც გამოსულხარ ველადა,

მანამ შენ გამოხვიდოდი, ხორცი გვრჩებოდა ძველადა
* * *

სოფლისა თავსა ველსახლე, არა სოფელი ჩემ თავსა,
სოფელს კი ვეთავსებოდი, სოფელი მე არ მეთვისა.
* * *

იმ სოფელს ვერვინ წაიღებს ამ სოფლისა ცხოვრებასა,

წუთისოფლის სტუმრები ვართ, ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება.
ჩავიცვათ და დავიხუროთ, ამის მეტი რა შეგვრჩება!
* * *

ცა მტკავლით, ქვეყანა ციდით _ ნახე თუ გაიზომება,

ზღვა თუ აიწყვის პეშვითა ან ცანი გადიწონება.
* * *

წუთია წუთისოფელი ცნობას არ გვაცლის ძმისასა,
გადავბრუნდებით, მოვკვდებით, ქვეშ მოვექცევით ქვიშასა!
* * *

ეგ სოფელი სთველია, აქ არავინ დარჩება, ყველა წასასვლელია.
* * *

წუთია წუთის ქვეყანა, წუთის წეობით იწვება,

ზოგი ლხინსაა, თამაშას, ზოგი უცეცხლოთ იწვება.
* * *

წუთისოფლისა ცხოვრება ვერცხლით არ მოიპოება,
მდიდარი კაციც მინახავს ოხრათ რჩებოდეს ქონება.
* * *

რასაც დავთესთ, იმას მოვმკით, საიქიოს წინ დაგვხვდება,

ამ სოფელს ხორციელობა ხის ფოთლივით გაცვივდება.
* * *

ღმერთო, შენ ხარ ყოვლის შემწე, მოწყალე კარგაღებულის,

სიცოცხლისგან აბეზარის, თავიდგან ხელაღებულის.
* * *

ზოგიერთი უგუნური ღმერთს ტყუილად ემადლება,

ზარის ხმას რომ გაიგონებს, პირჯვრის წერა ეზარება.
* * *

კარგი კაცის პურმარილი გზაზედ ხიდად გადებული,

ბატონი ჰყავს მადლიერი, კარის კაცი მოგებული!
* * *

თეთრისა თხისა ციკანსა შორს შაეტყობა ვაცობა.
ისევ შენ გამოგადგება ეგ შენი კარგი კაცობა.
* * *

კაცი უნდა კაცი იყოს, რომ დაჰპირდეს, არ გამტყუნდეს!
* * *

ღმერთმა რა ქნას და რა უყოს

იმ ამხანაკს: რაც იპოვნოს, არ გაუყოს.
* * *

აცადე, დაიზრდებიან ცხაოტს ფართონი მგლისანი,
ჯავრი არ შაურჩენიათ თავის მოლაღის მტრისანი.
* * *

ტკბილმა ენამ, კარგმა სიტყვამ ხმალი უკანვე ჩააგო,

თოფის ფეხშეყენებულის კვესი უკანვე გადადო,
ამაყმა კაცმა, ბოროტმა გული ხანჯალზე ააგო.
* * *

შაიყრებიან ფრინველნი, არ გაირევენ ძერასა,

კაცი ვერსაით წაუვა თავის ბედსა და წერასა.
* * *

ოცდაოთხსა გურულსა მაკე ტურა შეეყარა,

სანამდი ჯოხს აიღებდენ, სულით ხორცი გაეყარათ.

მეგრელმა თქვა, დავსწრებოდი-ყაზახურად დავდგებოდი,

სომეხმა თქვა, დავსწრებოდი-ჩახმახურად დავხვდებოდი,

ქართლელმა თქვა, დავსწრებოდი-მარილივით დავდნებოდი. Continue reading

Posted in სიბრძნის კიდობანი | Tagged , , | Leave a comment

ქართული მახვილსიტყვიერება


სრული პოსტის სანახავად შებრძანდით სრულ სიახლეში…

ბერი კაცი

ერთი ბერი კაცი წყალზედ გადახტა და ფეხი ჩაუვარდა. დაიძახა: ვაი, რა დრო დავბერდი, თორემ რა ვიყავი ჯიელობაშიო! რომ ვერავინ დაინახა, სთქვა: არცა რა ჯიელობისას ვიყავ და არცა რა ეხლა ვარო.

სიმართლე შვილიშვინამდინაო

ერთი ქურდი კაცი თურმე იყო, დიახ მოუსვენარი. უშლიდა მამა ბოროტს ყოფაქცევას: კაცმა თავისი უნდა სჭამოს და არა სხვისაო. შვილმა ყურადღება არ მიაქცია მამის დარიგებას. შემდეგ მამამ უთხრა შვილსა: წადი, შვილო, და ეს სამი მთა გადაიარეო, რომლიდგანაც რა ხმა გაიგონო მოდი და მითხარიო. გაუგონა შვილმა და აუსრულა თხოვნა. როდესც მოვიდა მთიდგან, უთხრა მამას: მესამე მთამ მითხრაო, წადი და მოგეწევიო. ამიხსენ მამავ რა არის ესაო? მამამ უთხრა: შენი ავკაცობისათვის არც შენ გეკითხვის, არც შენს შვილსაო, შვილიშვილს კი გადახდებაო. ნათქვამია, მამამ ჭამა ტყემალიო, შვილიშვილს კბილები დააჭრაო. ყველამ იცოდეთ, – სიმართლე შვილიშვინამდინაო.

ხატო შემეწიეო!

ერთი კაცი მივიდა ხატთან და უთხრა: ხატო, შემეწიეო! ხატმა უთხრა: საიდან შეგეწიო, რომ ცარიელი ხარო!

ღმერთო, მიშველეო!

ერთი კაცი წყალს მიჰქონდა, გულ-ხელი დაეკრიფა და იძახდა: ღმერთო, მიშველეო! ხმა მიესმა, _ ხელი გაიქნიეო და ღმერთიც გიშველისო. გაიქნია ხელი და მართლაც გამოვიდა წყლიდან.

კატას ეჟვანი შევაბათო

თაგვები შეიყარნენ და ძალიან მდურვა დაიწყეს კატის ჩუმათ მიპარვაზე და დაჭერაზე. რჩევა მოახდინეს და ასე გადაჭრეს: კატას ეჟვანი მოვაბათ ყელზე, რომ, როცა მოდიოდეს, ხმა გავიგონოთო და მოვერიდნეთო. ყველამ მოწონა და თანახმა გახდა, მაგრამ ყელზე ეჟვნის სამბელი კი ვერავინ იპოვეს.

არსად არ წახვიდეო

ორი კაცი ღამე ბნელაში გზაზე მიდიოდა. ერთი ორმოში ჩავარდა. ამხანგს ამოსძახა, – ერტი თოკი იშოვნე და აქედან ამამიყვანეო. ამხანაგმა ზემოდან ცასზახა: არსად არ წახვიდე, მანამ თოკს მოვიტანდეო.

იმერელი და ძაღლები

ერთი იმერელი მიდიოდა გზაზე. ძაღლები გამოუდგენ. სასროლელათ, ძაღლების მოსაგერიებლად დასწვდა ქვას, მაგრამ ქვა ვერ დასძრა, – ყინვა იყო და ქვა დეეყინა. მაშინ თქვა: შე დალოცვილო ღმერთო, ძაღლები აგიშვია და ქვა დაგიბამსო.

ბრძენი

ერთ ქვეყანაში ერთი ჭკვიანი და ბრძენი კაცი გამოჩნდა. ასწავლიდა ჭკუას და სიმართლეს. გამოვიდნენ ამ სოფელში სხავ კაცნი, იმისი მოწინაღმდეგენი, – რას მიჰქარავს, – მოდი ერთი რამ გამოვიგონოთო და თავიდან მოვიშოროთო. ერთმა ამათგანმა აიყვანა ბატკანი, ვითამ გასაყიდათ, და მეორე შეეცილა, – ბატკანი კი არა ძაღლის ლეკვიაო. ბრძენმა უთხრა: ვერა ხედავ, ბატკანიაო? ტყუილმა მყიდველმა კიდევა თქვა, ძაღლის ლეკვიაო. ბრძენმა უთხრა: აბა ხალხსა ვკითხოთო. ჩამოატარეს ბაზარი, – სულ განზრახული კაცები იდგნენ, – ვისაც ჰკითხეს ყველამ ძაღლის ლეკვიაო, სთქვეს. ბრძენმა სთქვა, – ამ ქვეყანაში სულ ბრმა და ყრუნი ყოფილანო, – ადგა და იქიდამ გადაიხვეწა.

ღმერთო, შურდულს მოგიქსოვო

ერთ ადგილას ერთი კაცი ცხოვრობდა. მართალი კაცი იყო, არ იცოდა რა. ლოცვათ ეს იცოდა: ღმერთო, შურდულს მოგიქსოვო. ერთმა ბერმა გამოიარა, გაიგონა ამისი ლოცვა და ჰკითხა: რას ამბობო? იმან უთხრა, _ ლოცვასაო. ბერმა უთხრა: აგრე კი არ უნდა, ასე უნდაო, _ ასწავლა “მამაო ჩვენო”. ბერი გამოეთხოვა, ჩაჯდა გემსი და წავიდა. რო მოშორდა მართალს კაცს, ლოცვა დაავიწყდა, გამოუდგა ბერს, გაიხადა წამოსასხამი, გაფინა ზღვაზე, დაჯდა ბერთან მივიდა ხვეწნით, _ ლოცვა დამავიწყდაო და ისევ მათქმევინეო. ბერმა ნახა, რომ წმინდა კაცი ყოფილა და დაუძახა: როგორც გილოცნია, ისევე ილოცეო, ღმერთს შენი ლოცვა უფრო შეწყნარებიაო.

სამი ზარმაცი

ერთ ხელმწიფეს სამი ზარმაცი ჰყავდა. გაგზავნა ბაღში იქ იყავითო. წავიდნენ და ერთ მსხლის ხეს ქვეშ მოუწვნენ. ხეს მსხალი კარგი ესხა. ერთმა თქვა: ნეტავი მსხალი ჩამოვარდეს და პირში ჩამივარდესო. მეორემ თქვა: ნეტავი უკორწოდ ჩამოვარდეს, რომ ადვილად ჩავყლაპოვო. მესამემ ხელი გაიქნია და თქვა: ნეტავი თქვენ, არ გეზარებათ, რომ მაგდენს ლაპარაკობთო.

მხოლოდ ერთი პალო მოვიპარეო

ერთი მდიდარი სოვდაგრის ოცი აქლემის საპალნე ძვირფასი საქონელი მიჰქონდათ. დასასვენებლად ერთ ადგილს დადგნენ. პალო დაჰკრეს და ზედ დააბეს აქლემები. ერთი საწყალი კაცი შეშას ეძებდა და ნახა ის პალო, ამოიღო და წაიღო. ოცი აქლემით ზედ მიბმული თან გაჰყვა. პატრონებმა ძებნა დაუწყეს საპალნიან აქლემებს და იპოვეს. ქურდი ფიცამდა. მე ბრალი არა მაქვსო, მხოლოდ ერთი პალო მოვიპარეო, ზედ ერთი თოკი ებაო.

ჩხუბი არაფერზე

ერთ ტრიალ მინდორზე ორი კაცი იწვა და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. ვარსკვლავებით მოჭედილი ღამე იყო. ერთმა გადაავლო თვალი მინდორს და თქვა: ნეტავი ეს მინდორი ჩემი იყოსო, ვირებს გავიჩენდიო; მეორემ თქვა: რაც ამ ცაში ვარსკვლავებია, იმდენი ცხვარი მამცაო. მოუვიდათ ლაპარაკი.

- მაგოდენა ცხვარი რო გყავდეს, ჩემ მინდორში უნდა მოძოვო და ვირები უბალახოთ დამირჩნენო?! უთხრა პირველმა.

- თუკი შენ ვირებს საძოვარი უნდათ, ცხვარს კი არ უნდაო?

- მერე ვინ დაგანენებსო?

- დამანებებს რა, ძალათი შემოვრეკავო.

შეჰყვენ ლაპარაკს და ჩხუბი გამართეს და ერთმანეთს ცხვირპირი დაუმტვრიეს. გამოიარა მგზავრმა და ჰკითხა: რა გაჩხუბებთო? უთხრეს თავ-თავიანთი საჩივარი.

- ვაი თქვენ ჭკუასო, რაც არა გაქვთ, რაზე ჩხუბობთო.

წვერის ბალანი

ერთი წვერიანი კაცი წავიდა საყასბოში და ყასაბს უთხრა, ერთ აბაზის ხორცი მამეცი ნისიათო. ყასაბმა უთხრა: ბატონი ბრძანდებიო, მაგრამ თქვენ არ გეკადრებად ხორცის წაღებაო, მსახური გამოგზავნეთო და თან ნიშნათ თქვენი ერთი ბალანი გამოატანეთო და ხორცს იმის ხელით მოგართმევო. იმ კაცმა გამოგზავნა მსახური და ყასაბს ბალანი მისცა. – ხორცი მამიჭერიო, ყასაბმა უთხრა: შენი ბატონი თითონ აქ იყო თავისი წვერით, მაშინ არ მივეციო და ეხლა მაგ ერთ ბალანზე მოგცემო? Continue reading

Posted in სიბრძნის კიდობანი | Tagged | Leave a comment

ქართული ანდაზები – ანბანის მიხედვით


სრული პოსტის სანახავად შებრძანდით სრულ სიახლეში…


ა, ბატონო ბაწარიო, დავით მეფეს გასწავლიო.
ა, დათვი და ა, კვალი!
აასვენა, აღარ დაასვენა.
ააფრინე ალალი, რაც არ არი – არ არი
აბდალი თავის პატრონის ფეხებს მეტი ჯაფა აქვსო
აგრე არ უნდა, თაყაო, შენ რომ მამული გაჰყაო.
აგორებული ქვა ხავსს არ მოიკიდებს
ადრე ამდგარი ჩიტი ნისკარტს იწმენდს, მძინარა – თვალებს იფშვნეტს
ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ მოეწევა მწევარი
ავი კაცი თავისთავის მკვლელია
ავი შემნახავი ქურდის ამხანაგიაო.
ავი შვილი დედმამის ჭირიაო
ავი ძაღლი არც თითონ შეჭამს, არც სხვას შეაჭმევსო
ავმა რა ქნა – ავის მეტი
ამირან გულში მღეროდა – ყმანო ბანი მითხარიო
ამღვრეულ წყალში თევზი ადვილად დაიჭირება
ან ვირი დარჩება, ან ვირის პატრონი
არ გათეთრდება ყორანი, რაც გინდა ხეხო ქვიშითა
არ მინდამა ცხრა ხინკალი შესჭამაო
არ უგვარობს მწყერსაო, არ შახდების ხესაო
არა გყავდეს მოახლეო, თავი მოიმოახლეო
არა მკითხე მოამბეო, თაროს ჩამოუარეო
არმად ნაშოვნი – არმად წახდებაო
არწივს საკენკით ვერ გააძღობო
ასი კაცი ცხენს კაზმავდა, “ვაი უკაცობასაო
ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო
აქლემი ისე არ დავარდება, რომ ვირის საპალნე არ აიკიდოს
აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი, ორივე ქურდიაო
აღმართი და დაღმართიო, არც ერთია წაღმართიო
ახალი ცოცხი კარგად გვის, ძველი მოატანს ქვიშასა
არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი

ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრამს არქმევდნენო
ბავშვის პირით სიმართლე ღაღადებსო
ბავშვს ჰკითხეს, რათ სტირიო, გამდის და ვტირიო
ბარი-ბარსა, თოხი-ტარსა
ბაყაყი ხალიჩაზე დააბრძანეს, ისკუპა და ისევ გუბეში ჩახტაო
ბაყაყმა ფეხი აიშვირა მეც ნალი დამაკარითო
ბაძვა სჯობია შურსაო
ბებიას გამომცხვარი კვერი ტკბილიაო
ბედაურები დაწყდაო, ვირს მოედანი დარჩაო
ბედაური ცხენი მათრახს არ დაიკრავსო
ბედი მომეც და სანეხვეზე გადამაგდე
ბევრი რათ უნდა დედასა, ერთი სჯობს სახელოვანი
ბევრის მდომმა ცოტაც დაკარგა
ბევრის მცოდნე ბევრჯერ შეცდებაო
ბერს ბერობა შეშვენის და ერს ერობა
ბრმა, თვალხილულს ატყუებდაო
ბრმათა შორის ცალ თვალიო, ვით პირველი სარდალიო
ბრმას ცოლი მოუკვდა – როგორ გავაგებინოთო? – გვერდს რომ აღარ მოუწვება, ხომ გაიგებსო
ბუტიას კერძი გემრიელიაო
ბედნიერს უწვიმდეს, უბედურს-უქროდესო

გავიქეცი ქაჯიანს მეძახიან, დავდგები – ბანდიანსაო
გამგონი გაიგონებსო
გამშველებელს მოხვდებაო
გარეული მოვიდა, შინაური დააფრთხო
გაცემულ სიკეთეს ხალხი არ ივიწყებს
გაჭირვება მიჩვენე და მუხლს გიჩვენებო
გეშინოდეს იმისა, ვისაც შენი ეშინიანო
გველი გარედანაა ჭრელი, ადამიანი შიგნიდან
გველმა კანი გაიძრო, მაგრამ გული გველისა შერჩაო
გვყავს არ ვაფასებთ, დავკარგავთ და ვსტირით
გიჟს ნურც ჰკითხავ, ნურც დაუჯერებ
გლახა გლახას წაეკიდა ორივ წყალში ჩავარდაო
გლახას კიტრი მისცეს, გამოართო და თქვა: რაღა დასეტყვილი მერგოო
გულკეთილობა კაცს ააშენებს, ბოროტება კი დააქცევს
გონიერსა მწვრთნელი უყვარს,უგუნურსა გულსა ჰგმირდეს

დაბალსა მტერსაც ეკრძალე, ღვარსა ჰგავს დაღმამდინარსა
დავლიე ღვინო, მან მომკლა, არა და მისმა სურვილმა
დავრდომილს წიხლი კი არა, შველა უნდაო
დაკარგული ძროხა ცხრა ლიტრს იწველიდა, დაუკარგავი კი ერთ ჩარექსაც არაო
დამალულმა ჭირმა მოჰკლა კაციო
დაუჩვეველს ნუ დააჩვევ, დაჩვეულს ნუ გადააჩვევ
დედა იკითხეთ და კვიცი ისე იყიდეთ
დედის წინ გამქცევ კვიცსაო, მგელი გამოჰკრავს კბილსაო
დიაცთა უნდა იტირონ, მამაცთა – შური იძიონ
დიდ აღმართს დიდი დაღმართიც მოსდევსო
დიდ ხეს დიდი ნაფოტი დასცვივაო
დიდი კაცის ნაჩუქარი, მალე უნდა გადაყლაპო
დღემეხვალიე კაცსაო, თოვლი მოუვა კარსაო

ელაპარაკე რეგვენსაო, ურახუნე კედელსაო
ენას ძვალი არა აქვსო, სიტყვას ბაჟი არა აქვსო
ერთ კაცს სოფლიდან აძევებდენ და ის კი მამასახლისობას თხოულობდაო
ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოვო
ერთი ენძელა გაზაფხულს ვერ მოიყვანს
ერთი კაკლისთვის ქვას არ ისვრიანო.
ერთი კარი რომ მიიხურება, მეორე გაიღება
ერთი მგელი კვდება, მაგრამ სხვა ათასი ლეკვი რჩება
ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო
ერთი ძაღლი ორ კურდღელს ერთად ვერ დაიჭერს
ერთმა თაგვმა ცხრა ქვევრი წაბილწაო
ერთმა წუწკმა ღორმა ასი ღორი გასვარაო
ერთმანეთისა ჯაბრითა, სახლი აივსო ნაგვითა
ეს ქათამი ჩვენსას კაკანებს და სხვაგან კვერცხსა სდებს
ეს ქვეყანა კიბეა: ზოგი ადის, ზოგი ჩამოდის

ვაი, ქონავ, ვაი უქონლობავ!
ვაი – ძველის გამგდებს და უი ახალის მომგდებსო
ვაის გავეყარეო, უის შევეყარეო
ვალმა სთქვა: ჭუჭრუტანაში შემოვძვრები და კარებში კი ვეღარ გავეტევიო
ვარდი უეკლოდ არავის მოუგლეჯია
ვეშაპი ისეთს არაფერს ჩაყლაპავს, მონელება არ შეეძლოს.
ვიდრე ჭკვიანი დაფიქრდეს, გიჟი ხიდს გადაირბენსო
ვინც გააჩინა თხა, მან მოუგრიხა რქა
ვინც დაიზარაო, არც გაიხარაო
ვინც მალე სჭრის, ის დიდხანს ნანობს
ვინც პატარა რამეს ვერ დააფასებს, ის ვერც დიდის ფასს მიხვდება
ვინც ქარს სთესავს, ის ქარიშხალს მოიმკისო
ვინც წყალზე გადო პატარა ხიდიო, მადლი ჰქნა ერთობ დიდიო
ვირისაგან წიხლი არ უნდა გეწყინოს
ვისაც რახარუხი ეჯავრება, სამჭედლოში ნუ შევა

ზამთრის მზე ყვავილს ვერ მოიყვანს
ზარმაცისათვის ყოველი დღე უქმეა
ზოგი ფრინველის ხორცსა სჭამენ, ზოგს კი ხორცს აჭმევენ.
ზოგი ცხოვრობს ბედითა, ზოგი ვერც გაჭირვებითა
ზოგის სიცოცხლე ვერცხლია, ზოგისა კი – ცეცხლიაო.
ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა კაკალიც არა.
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვიან, ზოგსა კაცსა კაცუნაო
ზოგჯერ გაქცევაც კაი ბიჭობააო
ზოგჯერ ტყუილი, მართალს სჯობიაო
ზურგთ უკან ხელმწიფესაც უძრახავენ
ზღვა ფაფად იდგა, უბედურს კოვზიც არ ხვდაო

თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო
თაგვს ბუმბულში აწვენდნენ და ის მიწის სოროში მიძვრებოდაო
თავის ბედს კაცი ვერ შემოუვლის.
თავის დამკარგველი – თმას დასტიროდაო
თევზმა თევზს უთხრა: – ცოტა იქით მიიძარიო, – საით მივიძრა, ორივენი ერთ ტაფაში ვიწვითო
თვალი სარკეა კაცისა, შიგ ბევრი რამა ხატიაო
თვალი უნებურიაო
თოფი მეთოფეს და მეთოფე – სოფელსაო
თუ თვალით ვერ დაინახო, ყურით გაგონილს ნუ დასდევო
თუ კაცმა არ გაიფხაკუნა, ისე ვერ იცხოვრებს
თუგინდ უკუღმა დაჯექი ოღონდ სწორე სთქვიო
თუ ორმა იცის – ღორმაც იცისო
თუ სარკე არა გაქვს, წყალში ჩაიხედე
თუ ღმერთი მწყალობს, – ეშმაკები ვერას დამაკლებენო
თხა გავყიდე, თხა ვიყიდე, სარგებელი ვერა ვნახე
თხამ მღვდლობა მოინდომა, აქაოდა გრძელი წვერი მაქვსო

იანვრის ქურდი მარტში გამოჩნდებაო.
იაფფასიან ხორცს ძაღლი არ შეჭამსო.
იაფი ყველაზე ძვირად დაგიჯდებაო.
იმედიანი შიმშილიც კარგიაო.
იმერელმა ნემსი იყიდა და ქარში ეფარებოდა, ქარი შუაზე გამიყოსო.
იმერელს ჰკითხეს: ყველაზე მძიმე რა არისო და – ცარიელი მუცელიო.
იმის მადლი მე ვიცი, თუ ხატი ჩემი შეჭედილია.
იმისთანა სიტყვა სთქვი, რომ ხვალ იმ სიტყვამ არ გაგაწბილოსო
ინდიშვილი, მინდიშვილი, რაც დედ-მამა – იგი შვილი.
ის უჯობს მამულსა, შვილი რომ სჯობდეს მამასა
ისარი და პირის სიტყვა, გასტყორცნი არ დაბრუნდება
ისე მგელი არ მოკვდება, რომ თხის დასამარხად გახდესო
ისეთი გოდორი დასწანი, რომ შენ შვილისშვილებსაც გამოადგესო
ისე გაება, როგორც ჩიტი კაკანათში.
იხარე, ჭერო, მოკვდი, მტერო!

კაი გუნებით ცოლქმარი თოხის ტარზე დაეტევაო
კაი კაცი გლახა კაცთან წახდება
კაი შეგირდი ოსტატის გულის ვარდია
კაი ცხენი დეზს არ ირტყამს და კაი ხარი – შოლტსაო
კაისათვის კაი ვის უქნია
კამეჩი წუმპეს წაიქცა, თავის ამინდი ჰგონია, ლაფში ჩაფლული ურემი შინ მიტანილი ჰგონია
კარგ მთქმელსა კარგი გამგონიც უნდა
კარგი ჰქენი, ქვას დადევი, გაიარე წინ დაგხვდება
კატას თევზი უყვარდა, მაგრამ ფეხის დასველება ეზარებოდა
კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო
კაცი თავის თვალში ძელს არა ხედავს და სხვის თვალში ბალანსაც დაინახავს
კაცი რო დაითვრებაო, ორი კაცის ტოლა გაიზრდებაო
კაცი სანამ არ მოკვდება, მისი საქმე არ გამოჩნდებაო
კაცი უნდა კაცად იყვეს, სანთელსავით თვით დაიწვას და სხვას გზასა უნათებდეს
კაცი უნდა ხერხი იყოს, გაჰქონდეს და გამოჰქონდეს, განა კაცი ეჩო არის, სულ თავისკენ მიითლიდეს
კაცი ცხენს ვერ მოერია და უნაგირი დაამტვრიაო
კაცის გვარი ფუჭია, თუ არა აქვს ნიჭია
კაცს როცა არ უნდა, რიყეზე ისე გაივლის, ქვას არ დაინახავს
კვიცი გვარზე ხტისო
კლდესაც გაარღვევს წყლის წვეთი, თუ ერთ ადგილას სცემს მარად
კოკა წყალზე გატყდება, ქურდი ქურდობაში მოკვდება

ლამაზი ქალი ცოლად შეირთე – წყალში გადავარდიო.
ლამაზი ცოლის პატრონსა უნდა ჰყავდეს ძაღლი ფრთხილი, ან თითონ უნდა ფრთხილობდეს, ან იმისი დედამთილი
ლაშქრის შეყრა თუ გინდა, ბუკი უნდა დაკრაო
ლოთი კაცის ბედი დღეში სამჯერ გაიხსნებაო.
ლუკმა მაშინაა ტკბილი, როცა კაი კაცობითაა ნაშოვნი
ლხინში ნაბიჯით წადი, ჭირში სირბილით

მადლი ჰქენი, მარილიც მოაყარეო
მამა ნახე, დედა ნახე, შვილი ისე გამონახე, თუ ზრდით არ შეიცვალა, წინ უძს მშობელთ გზა და მახე
მამალს უთქვია: მე კი ვიყივლებ და გინდა გათენდეს, გინდ-არაო
მამამ შვილს ვენახი აჩუქა და შვილმა მტევანიც აღარ მიაწოდა
მარტოხელა კაცი პურის ჭამაშიაც ბრალიაო
მარჯვე კაცისთვის სასჯელი – უსაქმობა არისო
მაღალი არ მოდრკა, დაბალი ვერ შესწვდა
მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო
მგელი არ მოიშლის მგლობასო, კაი ყმა მამაცობასო
მგელი დანარჩენს ტიროდა, პატრონი წანაღებსაო
მგელმა კბენა არ იცოდა, ადამიანმა ასწავლაო
მგელს მგლურად დაუხვდი და მელას მელიურადო
მგზავრის დგომა – ცდომააო
მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო, ის კი გაიძახოდა – ტყეში გამიშვითო
მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო
მგორავ ქვას ხავსი არ მოეკიდება
მდიდარს უთხრეს: მშვიდობაშიო, ღარიბს უთხრეს, ვინ გაჩუქაო
მეზობელმა რომ მარილი გთხოვოს, თუ მარილი არა გქონდეს, მარილიანი სიტყვა მაინც უთხარიო
მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო
მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო
მელას რაც აგონდებოდა, ის ეზმანებოდაო
მელია სადაც წავა, კუდიც იქ გაჰყვებაო
მექოთნის ნება არ არის, საიდანაც უნდა იქით გაუკეთებს ქოთანს ყურს
მთქმელი არ იქმს, მქნელი არ იტყვის
მიზეზ-მიზეზ – დოს მარილი აკლიაო
მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა
მოთმინება – სამოთხის გასაღებია
მომეც ბედი და – გინდ სანაგვეზე გადამაგდეო
მომრევის მომრევი არ დაილევაო
მოჩქარეს მოუგვიანდესო
მტერი მოყვრულად მოსული, მტერზედაც უარესია
მუნჯის ენა მუნჯის დედამ იცისო
მშიერი ძაღლი პატრონს უკბენსო

ნასწავლი კაცი სოფლისთვის კარგია, უსწავლელი კი ბარგია
ნაქებმა კატამ თაგვი ვერ დაიჭირა
ნაყიდს გემო არა აქვსო
ნაცარქექია ღონეს იქადნებოდაო
ნემსის ოდენა ჭუჭრუტანაში ერთი ურემი სიცივე შევაო
ნუ გეშინია სიკვდილისა, გეშინოდეს სირცხვილისა
ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო
ნუ ეძალები წყალდიდსა, გირჩევს მოსძებნო ფონია
ნუ იქმ ავსა და ავისაც ნუ გეშინიაო

ობოლი გაზრდას მოელის, ღარიბი – გამდიდრებასო
ობოლს ერთი კვერი შეხვდა, ისიც გატეხილიო
ობოლსა ჰკითხეს – რომ გაიზრდები რას იზამო? – ვინც გამზარდა დედას ვუტირებო
ოდეს მაშვრალს მოსწყურდების, მაშინ წყალი ღვინოდ ღირსო
ომიანობა ზოგს ააშენებს, ზოგს გადააშენებს
ომიანობა რომ არ იყვეს, გამარჯვებას პატივი არ ექნებოდაო
ომში ნაცადი ხმალისა იმედი გქონდეს სახლშიო
ომში რა სჯობიაო, და-რაც ხელში მოგხვდებაო
ორი პურაძვირი კაცი – ერთმანეთის მიბაძვით სიმშილით დაიხოცაო
ოქრო პატარაა, მაგრამ ძვირად ფასობსო

პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოსჭრა კბილია
პატარა თუ არ გაიზარდა, დიდი როგორ იქნებაო
პატარა ეშმაკმა დიდი ეშმაკი აცდინა
პატარა ვიყავ დიდისა მეშინოდა, დიდი გავხდი, პატარისა მეშინიანო
პატარძალმა კოკა გატეხა და – ნეტავი ბავშვი მყავდეს, იმას დავაბრალოო
პატივს ნურც მოითხოვ და ნურც დაითხოვო
პირველი მოჩივარი ბატონს მართალი ეგონაო
პირველი ნახვა ცნობაა, მეორე ნახვა – ძმობაა
პირში მაქებელი ეშმაკის მოციქულია
პური და ღვინო ძველი ჯობია, ბატონი კი – ახალიო

ჟანგი რკინასა სჭამს, დარდი გულსაო
ჟინიანი კაცი წინ ვერ წავა ვერც ერთ საქმეში
ჟამი ჟამითა, თორემ წირვა ნიადაგ იწვისო

რა გაათეთრებს ყორანსა, რაც გინდა ხეხო ქვიშითა
რა ზღვას დაუხრჩვიხარ, რა ცვარსაო
რა რომ ბოძი წაიქცევა, სახლკარიცა დაიქცევა
რა ქვეყანას მოხვიდე, იქაური ქუდი დაიხურეო
რასაც დასთეს, იმას მოიმკი
რასაც ვერ შესწვდები, ნუ შეეწოდები
რაც არ მერგებაო, არც შემერგებაო
რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო
რაც ფხიზელს ფიქრში აქვს, ის მთვრალს ენაზეო
რეგვენი ბრძენზე ბრძენია, რაშიაც გამოცდილია
რკინა სანამ ცხელია, მანამ გაჭედეო
როგორც ჰქუხს, ისე არ სწვიმსო
რომელი მგელიც მე არ შემჭამს, დაე დიდხანს იცოცხლოსო

სადაც არა სჯობს – გაცლა სჯობს კარგისა მამაცისაგან
სადაც არის დიდი ღომი, იქანაა ჩემი ომი
სადაც დაბალი ღობეა, ყველა მას გადაქელავსო
სადაც ცული ვერ გამოდგება, იქ პატარა ხერხს გააქვს და გამოაქვს ხოლმე
სადაც ხეს გათლიან, ნაფოტიც იქ დაცვივაო
საზიარო ყანა ჩიტს მოუჭამიაო
სალამი მტერსაც არ დაეჭირებაო
სამოსელს ნაწიბური გაუსინჯე და შვილს – დედ- -მამაო
სამწყოს უმწყესოდ მავალსა შესჭამს ტურა და მგელიო
სამხედრო ძალაა – ხმალი და ფარი, ნასწავლის ძალა კი – ცოდნა და ენა
სანამ თონე ცხელია, პურიც მანამდე გამოაცხვე განელდება – აღარ გამოაცხობს
სანამ ჭკვიანი დაფიქრდა, ცეტმა გარდავლო მთები
საოხრეზე ნაშოვნი სატიალოზე დაიხარჯაო
საქონელს თვალი სჭამსო
საშოვარი კარგია, ნაშოვარი ძვირფასი
საჭმელი ერთი დღისაი, სახელი – ასი დღისო
სახელის გატეხას, თავის გატეხა სჯობიაო
სახელი სჯობს ქონებასა და უფლება – მონებასა
სვინდისს კბილები კი არა აქვს, მაგრამ კბენა კი იცის
სიზარმაცე სიღარიბის გასაღებიაო
სიკვდილმა სთქვა: ერთი ისეთი ვერ მოვკალი, რომ სხვა რამეს არ დააბრალონო
სირცხვილი – სიკვდილიაო
სირცხვილს სიკვდილი სჯობია და ორივე ერთად კი ჯოჯოხეთიაო
სიტყვა ადვილია, ქმნა კი – ძნელი
სიტყვა უსაქმოდ მკვდარია
სიფრთხილეს თავი არ ატკივაო
სიცილით დაკარგული – ტირილით ვეღარ დაიბრუნესო
სიხარბემ რა ნახა – ყველა დაჰკარგა
სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერია
სულ ოქრო როდია, რაც ბრჭყინავს
სწავლა გონების საზრდოა და ჭკუის წარმმატებია
სჯობს უჭმელობით სიკვდილი, საყვედურითა ჭამასა
სხვა სხვისა ომში გმირია
სხვათა ჭირიო, ღობეს ჩხირიო
სხვისი ლუკმა გემრიელია

ტირილითა და გლოვითა მტერი არ შეშინდებაო
ტკაცა-ტკუცი ბევრია, ნაკვერჩხალი კი არა სჩანს
ტკბილი სიტყვა რკინის კარს გააღებს
ტკბილი სიტყვითა მთას ირემი მოიწველაო
ტრაბახი უგვიანი კაცის საქმეაო
ტყემ თქვა: ცულმან გვდვა მუსრია, ტარი კი ჩვენგან უყრია
ტყუილი თავიდანვე ეშმაკის მოგონილია და მისთვის ყველგან გასავალი აქვსო
ტყუილის თქმასაც მოხერხება უნდაო
ტყუილს მოკლე ფეხები აქვს

უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაესიაო
ურემი მძიმეა, მაგრამ ტვირთს კი ამსუბუქებსო
ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდება
ურემს რომ ძალა დაადგება – ჭრიალს დაიწყებს
ურჯულომ დაიფიცა, რჯულიანმა დაიჯერაო
უსწავლელი ქვაზე დაჯდა, ქვა-ქვაზე დაემატა

ფათერაკს თვალი არ უჩანს
ფარა რომ მობრუნდება, კოჭლი ცხვარი წინ მოექცევაო
ფეხს საბნის დაგვარ გაშლა უნდა
ფეხსაცმელი მოხუცს ქუსლში გაუცვდება, ახალგაზრდას – ჭვინტშიო
ფინთს უთხარი კარგი ხარო, კარგი თავათაც კარგიაო (მოხეური)
ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს
ფლანგვით თუ იცხოვრე ახალგაზრდობისას, სიმშილით მოჰკვდები სიბერისას
ფონი გასავალს დალოცე
ფული პატარა ღმერთიაო

ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო
ქათამი რომ წყალს დალევს, ზევით ღმერთს შეხედავს – ღმერთო შემარგეო
ქათამმა უთხრა კვერცხსაო, ეგრე ვიყავი მეცაო. იმდენს გავედრებ ღმერთსაო, ჩემსავით გაგხდი შენცაო
ქათმის მომჩივანს ინდოური კალთაში უნდა გყავდესო
ქაჩალი სავარცხლის გაძვირებას სჩიოდაო
ქაჩალს სავარცხელი უხაროდაო
ქვა თავის ადგილზე მძიმეა, რო დაიძვრის – გამსუბუქდება
ქვა ააგდო და თავი შეუშვირაო
ქვეითი ცხენოსანს დასცინოდა
ქვევრს ჩავძახე – ამომძახა: სულელო, ნუ მაწუხებო
ქვეყანა იქცეოდაო, ტურას ქორწილი ჰქონდაო
ქვეყანა ჩალით დახურული როდია
ქვეყნიერების დანგრევის მოლოდინში თხუნელამ თვალები დაითხარა: სულ ერთია, აღარ გათენდებაო
ქმარი ციხეში მიჰყავდათ, ცოლი კაბას უბარებდაო
ქორი ქორსა სჩეკს, ძერა ძერუკასაო
ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო
ქურდი თავის სახლს ვერ ააშენებს სხვისას კი დააქცევს
ქურდმა ქურდს მოჰპარა და ღმერთმა გაიცინაო
ქურდს ფიცი პირზე აკერიაო
ქურდს ქუდი ეწვისო
ქუხილით წვიმა არ მოვა, ხმის დაგდებითა – ლაშქარი

ღამემ გაიარაო, ამაგმაც ჩაიარაო.
ღამის ერთი ცხვირის დაცემინება ხეირია.
ღამის ქურდს დღისით დაიჭერენო.
ღარიბ კაცს ხეირიანი შვილი რომ ყავდეს, ღარიბი აღარ იქნებაო.
ღარიბი კაცის პურის ჭამა მადლიანიაო.
ღარიბი ქალი და კაცი დღეში ცხრაჯერ მოკვდებაო.
ღარიბის ლუკმა ტკბილია
ღვარძლის მთესველი ვერ მომკის იფქლასა ბასრი ცელითა
ღვინით გალახულს ჯოხით გალახული სჯობიან
ღვინო არსად იყო და ეშმაკები ტიკს ალბობდენო
ღორი რომ გასუქდება, ნეტა მგელს დამაჭიდაო

ყბედი ვინ მოღალა და მუნჯმაო
ყვავი თვითონ ყარდა და ბუდეს იცვლიდაო
ყვავს არ ჰქონდა, ბუს აძლევდა
ყვავს რომ კაკალი გააგდებინო, ისიც საქმეაო
ყველა ბუზი ბზუის, მხოლოდ ფუტკართან ყველა სტყუისო
ყველა გლახას დიდი გული აქვს
ყველა დაბალ ღობეზე გადადის
ყველა თავის ბედის მკვერავია
ყველა კაცი სიკვდილის შვილია
ყველა ძაღლი თავის კართან მამაცია
ყველაზე უბედური ის არის, ვინც უბედურებას ვერ აიტანს
ყველანი ბედნიერებას ვნატრობთ და იმას კი არ ვაკეთებთ, რაც ადამიანს აბედნიერებს
ყველაფერი დაიქცევა კეთილი საქმის მეტი
ყველაფერი დროს ელის, დრო კი – არაფერსო
ყველი და პური – კეთილი გული
ყმაწვილებს სათამაშოებით იტყუილებენ, მოზრდილებს – ფიცითაო
ყოველ კაცს თვითეული რამ წუნი აქვსო
ყრუს და ბრმას ცოლი მოუკვდა – როგორ გავაგებინოთო – გვერდს რომ აღარ მოუწვება – მაშინ ხომ გაიგებსო

შავი ცხვარი ბანვით მოჰკლეს, თეთრი – დაუბანლობითო
შეგნებულ კაცს მონა გაუხდი და შეუგნებელ კაცს საყვარელ კაცადაც ნუ გაუხდებიო
შეგნებულთან ომი სჯობია, შეუგნებელთან პურის ჭამასო
შეგნებული მტერი გირჩევნოდეს, შეუგნებელ მოყვარესო
შენ დაუკარ, მე მიამა, მე დაუკარ, შენ გიამა
შენ რას იკვეხი მამულო, ყანა ამინდის შვილია
შენ რომ სასწავლოდ მიხვიდოდი, მე ნასწავლი მოვდიოდი
შენახულს შემნახავი უნდა სჯობდეს
შენი თუ არ იცოდე, სხვისი უნდა დაიჯეროო
შენი კარი გააღე, სხვისიც ღია დაგხვდება
შენი ჭირიმეთი შვილი არ გაიზრდება
შენც იგი უყავ სხვასაო, რაც ირგებს თავსაო
შეცოდება თუ შეგიძლია, მონანიებაც შეიძელიო
შვიდჯერ თვალი გადაავლე, ერთხელ ხმალი გადაავლე
შვილი, მომდურე დედისა, ურჩია თავის თავისა
შვილმა რომ დედის გულისთვის ხელის გულზე ერბო-კვერცხი მოიწვას, მაინც დედის ამაგს ვერ გადაიხდის
შიშველი ას კაცთ ძარცვეს, ძარცვეს და ვერ გაძარცვეს.
შინ მოუსვლელი და მკვდარი ერთიაო
შინ შვილები გიტიროდეს, გარეთ ტაბლას რა უნდაო
შიში მიჩვენე და მუხლს გიჩვენებო
შურიან კაცს მეზობლის ვარდი თვალში ეკლად ესობოდაო
შურიანები იხოცებიან, შური კი ისევ რჩებაო

ჩათრევას ჩაყოლა სჯობიანო
ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე ვინ ილაპარაკებსო
ჩემი ენა – ჩემი მტერი, იგივ მეგობარი ჩემი
ჩემი მტერი ჩემი სვინდისიაო
ჩემი სიცოცხლე რომ სულ სახლი ვაგო, შიგ როდისღა შევიდეო?
ჩემმა დაჭედილმა ჯორმა წიხლი ისევ მე მესროლაო
ჩემს თავზე მარტო წისქვილი არ დატრიალებულა
ჩემს იქით თოფი გინდა კუნძს მოხვდეს და გინდ კაცსაო
ჩვენსა მოხვალ – ღვინოს ყლუჭავ, თქვენსა მოვალთ – თვალებს ხუჭავ
ჩიტს აფრენა უნდოდა და აფრთხობას ელოდაო
ჩხავანა კატა მახეში გაბმულ თაგვზე გაიმარჯვებსო
ჩხუბში ისეთ სიტყვას ნუ იტყვი, რომ შერიგებაში შეგრცხვესო

ცა ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა ქალამნადო
ცალ-ცალკე მომჩივანი ბატონს მართალი ეგონაო
ცალთვალა ხარს ორთვალა ხარის ნამუშევარი თავისი ეგონაო
ცალი ხელით ტაში ვერ დაიკვრებაო
ცარიელი კაცი ქვაზე მაგარიაო
ცარიელი ტომარა ფეხზე ვერ დადგება
ცას არავინ შეაბერდება
ცას ქვეშ რაც კაცია, ყველა სიკვდილისააო
ცდა ბედის მონახევრეა
ცერცვი კედელსა, სწავლა რეგვენსა
ცეცხლიდან გაქცეული წყალში დაიხრჩოო
ცეცხლის პატარა ნაპერწკალი დიდ ხორას გადასწვავსო
ცეცხლს ნუ ეხუმრები, წყალს ნუ ერწმუნები
ცეცხლს ხელს ვკიდებდი და გულსა მწვავდაო
ცვილი რკინად არ გამოდნების
ცისარტყელას დარი მოსდევსო
ციხე შიგნიდან გატყდებაო
ცოდნა სამოთხეა და არცოდნა – ჯოჯოხეთი
ცოდო კაცს არ დააყენებს
ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონა
ცუდად სიტყვას ნუ დახარჯავ, ვერ შეიგნებს ბრიყვი კაცი
ცუდათ ჯდომას, ცუდათ შრომა სჯობიან
ცუდი სიტყვა ხანსა გრძელსა, ვერ გაივლის – უთქვამს ბრძენსა
ცხენს მისივე ფეხები იპარავსო
ცხვარი ცხვარია, და, თუ გაცხარდა, ცხარეაო

ძალა ერთობაშია
ძალა აღმართსა ხნავს
ძალად ბედს ვერავინ იშოვნის
ძალას რიგზე მოხმარება უნდაო
ძაღლი ვინც მოჰკლას – იმანვე უნდა გაათრიოსო
ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო
ძაღლი ძაღლის ტყავს არ დაჰხევს
ძაღლი ხსენებაზედაო
ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის
ძაღლის ხათრი თუ არა გაქვს, პატრონს მაინც დამხათრეო
ძაღლს თავის კარზე დიდი გული აქვს
ძაღლს მიულაქუცე, ჯოხს კი ხელიდან ნუ გააგდებ
ძაღლს რომ გააძაღლებ – გიკბენსო
ძველი თივა ცეცხლია, ძველი ბზე – ვერცხლია
ძველი კაცის ნათქვამიო, ხშირად არის მართალიო
ძილს სასთუმალი არ უნდა, სიმშილსა შეჭამადიო
ძმა ძმისთვისა, შავ დღისთვისო
ძმა თუ არ გყავდეს – სხვა იძმე, უძმოდ სიკვდილი მწარეა

წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო
წაბაძულობით ვაცი დამაკდაო
წაქეზებით მურია მგელს შეაჭამესო
წინ წყალი და უკან – მეწყერი, – შუაში შენი თავიო
წვიმის შეკავება უფრო ადვილია, ვიდრე გასათხოვარი ქალისაო
წინ მავალი უკან დარჩებაო
წინ წასული ურემი უკან მოღრიჭინებდაო
წისქვილის ქვები ერთმანეთს რომ არ ეხმარებოდეს, ერთმა რამდენიც არ უნდა იბრუნოს ვერას დაფქვავს
წლის საფიქრებელი და წამის საკეთებელიო
წყალი ნაყეს, ნაყეს და ისევ წყალი დარჩაო
წყალი პირველად პატარასაო
წყალი რომ დაგუბდება, აყროლდება
წყალი რომ შენ არ მოგყვეს, შენ მიჰყევიო
წყალი სათავით მონახე
წყალნი წავლენ და წამოვლენ – ქვიშანი დარჩებიანო
დაიზრდებიან ობლები, მამულზე დადგებიანო.
წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო

ჭეშმარიტი სიტყვა არასოდეს არ არის სასიამოვნო, სასიამოვნო სიტყვა კი – იშვიათად მართალი
ჭეშმარიტება იმისთვის არის ხანგრძლივი, რომ კაცი იშვიათად ხმარობსო
ჭინჭრის ძირზე ჭინჭარი ამოვაო
ჭინჭრაქა გულაღმა დაწვა: ცა რომ ჩამოინგრეს, ფეხებით დავიჭერო
ჭირისუფალი არ ტირის – მოტირალს რა ეტირება?
ჭკუას რომ არიგებდნენ – არ დასწრებიაო
ჭკუიანისაგან ძაგება გიჯობს სულელის ქებასა
ჭკუა ხანში კი არა, თავშიაო
ჭკვიანი ჩიტი ორთავე ფეხით გაება მახეშიო
ჭკვიანი რომ შესცდება – ბრიყვზე უარესია

ხალხი მირბოდეს – გაჰყევი, გაჩერდეს – გაჩერდი
ხალხი ქვევრივით არის, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს
ხე ფესვითა სდგას, ადამიანი მოყვრითაო
ხანდაზმულ კაცს სიზმარიც დაეჯერება
ხარბის თვალს მიწა გააძღებსო
ხე ნაყოფით იცნობება
ხარი ქირაზე მოკვდება, კოკა კი წყალზე გატყდება
ხარს რქით დააბმენ, ადამიანს – ენითაო
ხე ერთი შემოკვრით არ წამოიქცევა
ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა
ხმალსა არ უშლის სიმოკლე, ფეხი წინ წასდგი – გაწვდება
ხუთი თითი აქვს კაცსა, ხუთივ უთანასწორო
ხუმრობაში კაცი მოკლესო

ჯერ არ ვარგა ნავში ჯდომა, მერე მენავესთან ბრძოლა
ჯერ არ მინდოდა შობა და მერე სიკვდილი
ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილო
ჯერ ძილი მერე სიზმარი
ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდა და ისიც დაუმატესო
ჯოჯოხეთში ძახილია და გაგონება კი – არა

ჰა პირი და ჰა პურიო.
ჰაი გიდი, ცხრა ნაბადზე რომ ვხტებოდიო.
ჰარამ მწყერს, ხოხობ, კაკაბსა – ჰალალი ქორი სჯობია.
ჰაჩი, ვირო, არტანელო, შეშა – მკვარის მომტანელო!
ჰაცა, ვირო, ნუ მოკვდები, გაზაფხულზე იონჯა ამოვა და მოძოვეო.
ჰკითხე ასსა – ჰქმენ გულისა.
ჰო, შენ ისე გინდა – ნემსი დასდო და სახნისი აიღო. Continue reading

Posted in სიბრძნის კიდობანი | Tagged | Leave a comment